«გონების საბანზე» დაწერილი ფიქრები

აგერ უკვე რამდენიმე დღეა ვუტრიალებ ამ პოსტს. საერთოდ არ მახასიათებს ეს, თუ დავიწყე, მაშინვე ბოლომდე მიმყავს ხოლმე საქმე. ახლა კი ვგრძნობ, რაღაც მაფერხებს და ეს რაღაც თავად ის ადამიანია, ვიზეც ვწერ. ვფრთხილობ წერისას და ვშიშობ, არ გადამძალოს ემოციებმა, ჩემმა დამოკიდებულებამ მის მიმართ და ზედმეტად გატყლარჭულ-ამაღლებული არ გამოვიდეს ჩანაწერი, არ გადავამლაშო…

რაც მეტს ვფიქრობ, მეტად ერევა ერთმანეთში მისი გენიალობით  აღტაცება, მისი გამორჩეულობით  გაოგნება, მისი ადამიანობით მონუსხვა და მისი ცხოვრებით გაჩენილი ტკივილი, სიამაყე, პროტესტი…

ვწერ ვაჟაზე-ჩემს ფავორიტზე. ვაჟაზე, რომელიც ჩემთვის განსახიერებაა ყველაფერი იმის, რასაც ვაფასებ ადამიანში, ხელოვანში, მოაზროვნეში და ბოლოს მამაკაცში…

ხშირად ხდება, რომ ეცნობი მწერალს, მის ნაწერებს, კიდეც მოგწონს და კიდეც აღიარებ, რომ ნიჭიერია, მაგრამ ვერ მოდის  ახლოს, რადგან სადღაც გულის სიღრმეში გრძნობ, რომ ცოტას გატყუებს და რომ თვითონ სულაც არ  მისდევდა ან მისდევს იმ პრინციპებს, ასე მონდომებით რომ ქადაგებს საკუთარ ნაწერებში. ვაჟასთან კი ყველაფერი მისაღებია და მართალი. კითხულობ და ასე გგონია ხედავ,რას განიცდიდა, როცა ამას წერდა. დარწმუნებული ხარ, რომ მისთვის წერა არ იყო საქმიანობა და პოპულარობისთვის წამოწყებული მოფიქრება, რომ ამას მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა და რომ ყოველი  ფრაზა მისი გულიდან ამოსული ტკივილია და მისი «გონების საბანზე» ამ ტკივილით ამოშანთული ფიქრი, მტანჯველი და  ამ ტანჯვით მისთვის ბედნიერების მომტანი…ხო, ბედნიერების, ხომ ამბობდა, «მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებულიო».

ვაჟა ჩემთვის გენიოსია , მე იშვიათად ვხმარობ ამ სიტყვას. ის მგონი ერთადერთია, რომელთანაც ვერც ერთ ლექსს , პოემას ან მოთხრობას  ნახავ ისეთს, რომელზეც იტყვი ან გაიფიქრებ, დიდი ვერაფერიაო. ის არ არის უბრალოდ პოეტი ან მწერალი. ის დიდი მოაზროვნეა, მსოფლიო მოაზროვნე… და რა უცნაურია, რომ ამ ტყაპუჭიანმა «დეკა-ღვიან» მთას ვერმოშორებულმა ადამიანმა ყველას და ყველა ეპოქას გადაუსწრო ფიქრებით და დასკვნებით.

ნეტა რამდენჯერ უნდა წავიკითხო მისი » კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი» , რომ გამიაროს გაოგნება-აღტაცების განცდამ და ამასთან გაჩენილმა ზიზღნარევმა სიბრალულმა ჩემი ფსევდოპატრიოტი და ფსევდოკოსმოპოლიტი ქართველების მიმართ… ნეტა რამდენჯერ უნდა წავიკითხო ალუდას და ჯოყოლას ამბავი, რომ არ შემეცოდოს ყველა, ვისაც კარგი ტიპობის და მამაკაცობის ამბიცია კლავს… როგორ მესმის აღაზასი, ზვიადაურის სიკვდილის დროს რომ ებრძვის გრძნობებს… მე ხომ ასე მშურს მისი… როგორ არ უნდა მეტკინოს მინდიას ტრაგედია, როცა მთელი ჩვენი ცხოვრება სწორედ მისი გზაა…

იქნებ დღევანდელი მიდგომებით ალუდა და ჯოყოლა «ქურდული » გაგების ადამიანებად ჩაითვალონ, განსაკუთრებით ჯოყოლა, რომ არ უნდოდა მასთან მისული კაცის თემისთვის ჩაბარება. მე არ ვიცი, აპატია თუ არა ზვიადაურს.იქნებ არც აპატია, მაგრამ ეს მისი საქმე იყო და თვითონ გადაწყვეტდა, როგორ მოქცეულიყო და საკუთარ ტრაგედიას არ გამოაყენებინებდა «ცოდვა-ბრალით მონათლული» სამართლის მიმდევარ თემს…

ჰმ, არადა სწორედ ვაჟა იყო, გლეხური იერის გამო  სუფრასთან რომ არ მიიწვიეს თბილისელმა «ინწილიგენტებმა» და თვალი აარიდეს, მერე ტანსაცმელგამოცვლილი ისევ შებრუნდა და ამჯერად მიიხმეს თავისთან, ის კი არა ჭიქაც მიაწოდეს, დაგვლოცეო, ვაჟამ კი სადღეგრძელოს თქმის შემდეგ სასმისი ტანსაცმელზე დაიპირქვავა და ჩოხაზე გადაისხა ღვინო, თქვენ ხომ ამას ეცით პატივი, თორემ წეღანაც ეს ვაჟა არ ვიყავიო, ხოდა მეც ღვინო ამას დავალევინეო 🙂

ყოველთვის ვამტკიცებ, რომ სოფლელობა და პროვინციალობა არაა გეოგრაფიულ-ტოპოგრაფიული თვისება, ეს შინაგანი მდგომარეობაა და ეს ფშაურ კილოზე მოლაპარაკე კაცი გაცილებით «სვეტია» ჩემთვის, ვიდრე თბილისის ასფალტზე ამოზრდილი სნობები…

ვაჟას ნაწერები სკოლაა ჯანმრთელი პატრიოტობის, ადამიანობის, ვაჟკაცობის და ნეტა როდის იქნება ის დრო, რომ ამ სკოლას გამოვიყენებთ, მოვიშორებთ კოლექტიურ აზროვნებას, ვეზიარებით თავისუფლებას და მარტო ისე არ ჩავიკითხავთ, როგორც სავალდებული სასკოლო პროგრამას, რომელიც მისაღებზეც გამოვიყენეთ და მორჩა…

ვწერ და ვხვდები, რომ არ გამომელევა სალაპარაკო და ისე გამიგრძელდება, ეგებ აღარც ჩაიკითხოს ბევრმა სიდიდის გამო. როგორც ჩემი მეგობარი ამბობს, ერთ აბზაცია კითხვადი ძირითადადო :). ამიტომ სჯობს დავამთავრო, რადგან პოსტის მიზანი არაა მისი შემოქმედების მიმოხილვა, თუმცა ამასაც სიამოვნებით ვიზამდი, ეს ის შემთხვევაა, რომ კომპეტენტურად ვთვლი თავს და არ შემრცხვება. მაგრამ არ მგონია, რომ ეს საბლოგოსფერო თემაა. ამიტომ მხოლოდ ჩემი ფიქრები გადმოგეცით, ჩემი «გონების საბანზე » დაწერილი ემოციური  ფიქრები…

მე ნაკლებად მჯერა სასწაულების…

ერთი კი ზუსტად ვიცი- ჩემი ვაჟა სამყაროს სასწაულია…

Запись опубликована в рубрике ადამიანები-სამყაროს სასწაულები, წიგნები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Один комментарий на ««გონების საბანზე» დაწერილი ფიქრები»

  1. keti:

    ‎»რამ შემქმნა ადამიანად რატომ არ მოველ წვიმადა».. ♥ უდიდესია თუნდაც ამ ფრაზის გამო..♥ მადლობა ამ პოსტისთვის..:*

  2. შენი პოსტები ფოსტით მომდის ხოლმე. ახლაც მოვიდა. გავხსენი. პირველი ორი აბზაცი ჩანდა, სურათი — არა. სანამ აქ გადმოვედი, ინტერესმა მომკლა — ნეტა ვისზე წერს მეთქი.

    გენიოსია. რა უნდა ვთქვა. ნებისმიერი ეპითეტი, ყველაზე აღმატებულიც კი, მეცოტავება ვაჟასთვის. დღესაც კი უაღრესად თანამედროვე, აქტუალური, ნამდვილი, ყოველგვარ სიყალბეს მოკლებული. რაფინირებული ინტელექტუალი. ხურჯინით და ტყაპუჭით. ჰო, მერე რა… ინტელექტუალობა არც სამოსით იზომება და არც საცხოვრებელი ადგილით და პროვინციელი სულაც არ არის გეოგრაფიული კატეგორია.

    ალუდა და სტუმარ-მასპინძელი ქართული კი არა, მსოფლიო ლიტერატურის კლასიკაა. არა მგონია, ოდესმე ყავლი გაუვიდეს.

    მშვენიერი პოსტია, კატერინა და ზუსტადაც რომ ასეთი პოსტები აკლია ბლოგოსფეროს.

  3. გეთანხმები, ქეთი. რომელი ერთი ფრაზა… მეც ასე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდია

  4. როგორ იცი გემრიელად ჩამოწიკწიკება :). მადლობა, მოლი, მიხარია, თუ ასე თვლი ❤

  5. სანდრო:

    გენიალურია ვაჯა-ფშაველა, მართლაც რომ გენიოსია და ძალიან კარგი პოსტია 🙂

  6. ძნელია არ დაგეთანხმო, სანდრო, ვაჟასთან დაკავშირებით 🙂 პოსტის შეფასება მახარებს და მსიამოვნებს, კარგია, თუ ოდნავ მაინც შევძელი იმის გადმოცემა, რასაც ვგრძნობ ამ გენიოსის მიმართ

  7. გენიოსი ნამდვილად! «ყოველთვის ვამტკიცებ, რომ სოფლელობა და პროვინციალობა არაა გეოგრაფიულ-ტოპოგრაფიული თვისება, ეს შინაგანი მდგომარეობაა და ეს ფშაურ კილოზე მოლაპარაკე კაცი გაცილებით «სვეტია» ჩემთვის, ვიდრე თბილისის ასფალტზე ამოზრდილი სნობები…» ნეტა ყველაა ვაჟასავით სოფლელები ვიყოთ. 🙂

  8. მეც მაგას არ ვნატრობ, ჩემო ცოტნე? :)გამართული «ლ» და ბრენდების «შმოტკები» არაა მთავარი ღირსება …

  9. ეჰ, ნეტავ მართლა ბევრი იყოს ვაჟასნაირი «სოფლელი» ან ჯოყოლას და ალუდას მსგავსი «ქურდული გაგების» ადამიანი…

  10. კატერინა )) მომეწონა ძალიან ძალიან
    იგრძნობა რომ ეს ყველაფერი ბუნებრივადაა დაწერილი და არავითარი პათეტიკა ❤
    მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ვაჟასადმი, ჯერაც გაურკვეველი :დ მაგრა, ეს პოსტი ნამდვილად მომეწონა 🙂

  11. სხვათა შორის ეგ ფშაური კილო, ძველ ქართულია და დღემდე ფშავ-ხევსურეთში ძველ ქართულით მეტყველებენ…. ასევე შესანიშნავად უპასუხა ვაჟამ ა.წერეთელს.. არ ვიცი, ეს თუ ვინმემ არ იცის, აუცილებელია წაიკითხოს:))
    არ მომწონს ის, სკოლებში რომ ბავშვებს ეუბნებიან ვაჟას უყვარდა ბუნება და მსგავსი ფრაზები და მხოლოდ ბუნების სიყვარულით წარუდგენენ ხოლმე ბავშვებს …
    ვაჟა ჩემთვის ყოველდღიური სუნთქვაა, ნარკოტიკივითაა ჩემთვის მისი ყოველი სიტყვა:)) სწორედ ვაჟას დამსახურებაა ასევე რომ ჩემი გვარით უფრო დავინტერესდი, ჩემი კუთხე, ჩემი სამშობლო რომ გამძაფრებულად მიყვარს… ბედნიერი ვარ ამით ^_^
    Katerina ძალიან დიდი მადლობა ამ პოსტისთვის, ყველაფერში გეთანხმებით :*

  12. ის გაკვეთილი გამახსენდა «ალუდა ქეთელაური» რომ ამიხსენი : ) : *

  13. კარგია, თუ გამომივიდა, არ მიყვარს პათეტიკა წერისას 🙂 გაიხარე აგათა

  14. ეგ მიმოწერა ლექსებით ძალიან მხიბლავს მე და ყოველთვის ვაცნობდი ჩემს მოსწავლეებს. თუმცა ვაჟა ისეთი მოვლენა იყო სხვა კილოზეც რომ ეწერა, მაინც გენიალური იქნებოდა, რადგან მისი იდეები სცილდება საზღვრებს. მადლობა ასეთი კომენტარისთვის, მიხარია ცოტა მაინც თუ შევძელი საკუთარი გრძნობების ამ დიდი ადამიანის შესაფერისად გადმოცემა

  15. და რო მეტირებოდა ხო? 🙂 :*

  16. აბააა, შენ ეგ თქვი! არ გვექნებოდა მაშინ ჩვენი კანუდოსი განაღდებული? 🙂

  17. ნამდვილად! 😉

  18. კი, მაგრამ ჩემი აზრით, სწორედ ის მთის კილო და ის ძველი ქართული, განსაკუთრებულ ეშხს სძენს მის შემოქმედებას.. ვაჟა რომ მთის შვილი არ ყოფილიყო, ეს ვაჟა ვერ იქნებოდა, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს და სიტყვებსაც ვერ ვპოულობთ, მისი შეფასებისთვის 🙂
    არაფრის, დიდი მადლობა თქვენ …

  19. Meme:

    რა ძალიან კარგი პოსტია.. და ის ხალხიც, ვისთვისაც ვაჟა სამყაროს სასწაულია

  20. ძნელია არ დაგეთანხმო, და ისინიც, ვინც სწორად კითხულობს და იგებს ვაჟას. მადლობა მემე *:

  21. მე არ მივეკუთვნები ვაჟას თაყვანისმეცემელთა რიცხვს . . . ჩემთვსი მაინც ილიაა ფავორიტი.
    ხლა გამახსენდა , ვაჟა ილასთან მივიდა და მოსამსახურე არ უშევდა, რადგან ხურჯინით და ღარიბული ტანსაცმლით იყო. როცა ფშაველა წავიდა მოსამსახურემ ილიას უტხრა მეგონა ყველა მერალი თქვენსავით მდიდრულად ჩაცმული უნდა დადიოდესო 🙂

  22. ილია სხვა კუთხითაა დიდი . ვაჟა კი ფილოსოფოსია, დიდი მოაზროვნე. ილიას მეც განსაკუთერბულად ვაფასებ, მაგრამ ვაჟასთან მიმართებაში მასაც ვადანაშაულებ. როცა დიდი ხარ და ხედავ, გენიასთან გაქვს საქმე, სხვანაირად უნდა შეგეძლოს ამის მოფრთხილება.

  23. მე ახალი რა უნდა ვთქვა, ვაჟა ჩემი უსაყვარლესი მწერალია მსოფლიოში, რა ბიბლიოფილიც არ უნდა მიწოდონ ეს მუდამ ასე იქნება… პოსტი კი შესანიშნავია, ყოჩაღ

  24. ჩემიც. მადლობა :*

  25. ვაჟა რომ გენიაა, მსოფლიო დონის შემოქმედი რომ არის ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ვაჟაზე მეტად მეტად ვერცერთი მწერალი თუ პოეტი ვერ შეზლებს ბუნების წვდომას და კავშირის აღმოჩენას ადამიანსა და ბუნებას შორის. 30 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე მე ვერ ვიპოვე ასეთი შემოქმედი, თვით დიდი გოეთე ვერ გადაფარავს ვაჟას, მიუხედავად იმისა რომ გოეტეს გერმანულ ლიტერატურაში ვაღმერთებ….. ვაჟა დიდებულია, გენიალურია, მაგრამ ის ილიამდე ვერ მივა…… ილია სულ სხვაა, დამიჯერეთ. ვაჟა ხომ სუნთქვაა, ბუნების შეცნობის ერტგვარი ნარკოტიკია, მაგრამ ილია უფრო მაღლა დგას. პოსტი ძალიან მომეწონა…

  26. ნამდვილად გეთანხმებით, ილია აბსოლუტურად სხვა ადგილას დგას და განსაკუთრებულია, უბრალოდ წმინდა ლიტერატურული თვალსაზრისით მე ვაჟა მომწონს, თორემ ისე ყველაფრის გათვალისწინებით, რასაკვირველია, ილია უფრო მაღლაა.მადლობა კარგი შეფასებისთვის.

  27. lela razikaSvili:

    lela
    ილია დიდია, ილია დიდი მოღვაწეა, მან მე-19-ე საუკუნესში შექმნა ქართული სახელმწიფოებრივი და მენტალური სხეული და სწორედ ამიტომ შერაცხეს ის წმინდანად, მაგრამ აზრი რომელიც ვაჟაშია მოქცეული არის სულ სხვა სიბრტყის და სიმაღლის, ფასეულობათა ვაჟასეული სისტემა, არის საკაცობრიო ორიენტირი დღეს! ეს რომ დაინახა და შეამჩნია კაცობრიობამ სწორედ იმიტომ არის, რომ ვაჯას იუბილეები მსოფლიო თარიღებად ცხადდება, ასეთი აღიარება საქართველოდან აქვს მხოლოდ რუსთაველს, სასწაული ის არის, რომ ეს შეფასება სწორედ ილიამ დაამკვიდრა საქართველოში და მას მაშინ ბევრმა არ დაუჯერა, მაგრამ ეს იყო გენიალურად ზუსტი შეფასება, რომელიც საუკუნის მერე გაიმეორა და აღიარა მსოფლიომ!

  28. irma:

    დიდი მადლობა ამ პოსტითვის! ნეტავ, ბევრი გვყავდეს თქვენნაირი მასწავლებელი! იქნებ, მაშინ მაინც გაიგოს მომავალმა თაობამ რისი პატრონები ვართ!

  29. მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ეს პოსტი ჩემი მოკრძალებული ნაფიქრია ყველაზე დიდ ადამიანზე და მეოთხედიც ვერ გამოვხატე იმ გრძნობის და ემოციის, რასაც მისი ნაწერები აღმიძრავს…

  30. ”როგორ არ უნდა მეტკინოს მინდიას ტრაგედია, როცა მთელი ჩვენი ცხოვრება სწორედ მისი გზაა”— კი, როგორც მინდია, ასევე საქართველოც ფლობდა ნიჭს და ის დაკარგა…მინდიას შემთხვევაში ვიცი, რატომაც დაკარგა, მაგრამ საქართველოს ისტორია ისე ღრმად არ ვიცი, რომ დვასკვნა, როდის დავკარგეთ ჯადოქრული მომხიბლველობა და ძალაუფლება, რომელიც ერად, ნაციად გვაძლებინებდადა; როდიდან აღარ გვაგდებენ ქართველებს აინუნში?

  31. მე არ ვთვლი, რომ მინდიას გზა საქართველოსთანაა კავშირში, ეს ძალიან მარტივი ახსნა იქნებოდა და დააკნინებდა ამ ფილოსოფიურ პოემას. მინდიას ტრაგედია ზოგადად ადამიანის ტრაგედიაა, ზეცადავიწყებულ, ყოფით დაძირული ადამიანის…

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s