ბლოგი და ბლოგერები

ვინ არიან  ბლოგერები?  პასუხი მარტივია, ისინი, ვინც ერთ მშვენიერ დღეს

გადაწყვიტეს საკუთარი ვებ-საიტის შექმნა, მიუსხდნენ მონიტორს და შეიქმნა ლინკი ესე და იქმნა იგი ბლოგოსფეროში მათი სამყოფელის მისამართად.

არის თუ არა ბლოგერობა პრივილეგია? პასუხი აქაც უმარტივესია- არამც და არამც. შეიძლება ბლოგერი გამოირჩევა  არაბლოგერისგან, რაკი  მას აქვს საკუთარი ადგილი ბლოგოსფეროში, მაგრამ ეს ნამდვილად არაა პრივილეგია.

თუ იმით მოგაქვს თავი, რომ წერა შეიგიძლია, ეგ იმათაც შეიძლება ეხერხებოდეთ და არანაკლებ კარგად, ვიდრე შენ, ვინც ფურცელზე წერას ამჯობინებს.

თუ ის გაამაყებს, რომ ფიქრი ხელგეწიფება, არც ეგაა დიდი საამაყო, რადგან  ყველა მოკვდავს შეუძლია.მართალია, ზოგს მეტად და კარგად, ზოგს ნაკლებად და უხარისხოდ, მაგრამ რა, ბლოგებზეც ხომ ასეა?

დიდად არც იმის მჯერა, რომ ბლოგერს თავისი ბლოგით შეუძლია რაიმე დიდის და გამორჩეულის კეთება და ამით მნიშვნელოვანი ცვლილებების და ძვრების მოხდენა ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ან პოლიტიკაში ან თუნდაც  აზროვნებაში. ჩვენ უბრალოდ ჩვენ-ჩვენ ჭიას ვიხარებთ, რომლის სიგრძე-სიგანე ჩვენივე გემოვნებაზე, აზროვნებაზე და მიდრეკილებებზეა დამოკიდებული. ხან კიდევ გულს ვიფხანთ ამა თუ იმ პრობლემაზე წერით. ყველაზე დიდი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ეს თანამოაზრეების შემოკრებაა ირგვლივ, ეგაა და ეგ  და ძალიან სასაცილოდ მეჩვენება ამბიცია ნოვატორობისა და რეფორმატორობის.

გამონაკლისად მხოლოდ ისეთი ბლოგები შეიძლება ჩაითვალოს, რომლებზეც ხელოვნებაზეა საუბარი. დიდად ვერც ესენი შეცვლიან რამეს, მაგრამ ის მაინც შეიძლება გამოვიდეს, რომ მათი გაცნობისას ან რომელიმე წიგნის წაკითხვის სურვილი გაუჩნდეს ვინმეს, ან ფილმის ნახვის, ან მუსიკის მოსმენის, ან ამა თუ იმ მხატვრის გაცნობის. თუმცა ესეც მარტო ისეთ მკითხველზე გაჭრის, ვისაც ისედაც უყვარს კითხვა, მუსიკა და ასე შემდეგ და ეს ბლოგები დააკვალიანებენ და გემოვნებას დაუხვეწენ.

ასე რომ, არაა საჭირო დიადი მიზნები და ამბიციები. ყველაზე სწორი მიდგომა ისაა, წერო ის, რაც გაწუხებს, წერო იმაზე, რაც გაინტერესებს და წერო კარგად და საინტერესოდ. თუ ასე იქცევი, გამოდის, რომ მართალი ხარ საკუთარი თავის წინაშეც და მკითხველის წინაშეც და ისინი, ვინც შენს ირგვლივ მოიყრიან თავს, შენს აზრებს გაიზიარებენ, ერთგვარ მეგობრებად გექცევიან და გაგრძნობინებენ, რომ მარტო არ ხარ შენს შეხედულებებში.

და კიდევ ერთი, საამაყო არაა ვიზიტორთა რიცხვი და ვერც ამაზე გათვლილი ბლოგია საამაყო. მთავარი მკითხველია და მკითხველსა და ვიზიტორს შორის დიდი განსხვავებაა. ნამდვილი მკითხველი არასდროს მოვა შენს ბლოგზე იმიტომ , რომ პრესტიჟულად გთვლის ვინმე და მოდურად. ის იმიტომ მოვა, რომ გიცნობს, აინტერესებს, რასაც წერ, ესმის შენი და ზოგჯერ შენი ნაცოდვილარი ეხმარება კიდეც.

და ბოლოს, მე კარგად ვიცი, რომ სოლიდარობა, თანადგომა და ასეთები უცხოა ქართული რეალობისთვის, მაგრამ აქ მაინც  შეიძლება ვიყოთ ტაქტიანები, ნაკლებადამბიციურები და შევეშვათ სხვის თვალში ბეწვის ძიებას და საკუთარ დირეს მივხედოთ, მით უმეტეს, თუ პრივილეგირებულობასა და ზეინტელექტუალობაზე გვაქვს პრეტენზია. ბლოგი საკუთარ სახლად მიმაჩნია მე და სახლს კი ყველა ისე აწყობს, როგორც თვითონ  მოსწონს და უნდა.

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

15 комментариев на «ბლოგი და ბლოგერები»

  1. იცი მე მჯერა იმის რომ პრობლემაზე წერით შესაძლებელია რაიმე შედეგი მიიღო,თუ რათქმაუნდა იმ პრობლემას მკითხველი არ დააიგნორებს და ზუსტად ჩაწვდება გასაკეთებლის არსს.ასე რომ მთავარი მკითხველია(აუცილებელი არ არის ბლოგერი გერქვას) და თემა რომელიც მწვავეა და მოსაგვარებელია და არა დასაიგნორებელი.

  2. ხოდა ეგაა, მკითხველი და არა ვიზიტორი, მკიტხველი კი გარკვეულწილად შენი თანამოაზრეა, თუ არაა კიდე სულაც არ გაითვალისწინებს შენს აზრს და არც მწარე კომენტარს მოერიდება 🙂

  3. ახლა რომ ვკითხულობდი, რაღაცების მონიშვნა და აქ გადმოტანა მომინდა, აი, ამას ვეთანხმები-ს საილუსტრაციოდ, მაგრამ აზრი არ აქვს, მთლიანად პოსტი უნდა გადმოვწერო.

    ვიზიტორი და მკითხველი მეც ორი, აბსოლუტურად სხვადასხვა რამ მგონია და იმაში ხომ გეთანხმები და გეთანხმები, რომ ბლოგი სახლს ჰგავს. ზოგს ასეთი გვაქვს, ზოგს — ისეთი. მე ვისთანაც მიმიხარია, იმის პოპულარობას სულ არ ვკითხულობ, ჩემთვის ის არის ყველაზე პოპულარულიც, ყველაზე საინტერესოც და საუკეთესოც.

    მშვენიერი პოსტია და მადლობა, კატერინა 🙂

  4. მიხარია, რომ მოგეწონა. შენ ჩემთვის მკითხველი ხარ 🙂 თანაც საპატიო

  5. გეთანხმები!
    დამდეგ ახალ წელს გილოცავ! მრავალს დაესწარი, მე მიყვარს აქაურობა და ჩემი წლევანდელი აღმოჩენა ხარ 😉

  6. გაიხარე. მეც გილოცავ, წარმატებებს გისურვებ. ფილმები შენზეა ხო იცი 🙂 ისე მე ამ წელიწადმა მაგნუმში მომახვედრა და ამან რაღაც სიახლე შეიტანა ჩემს ბლოგერულ ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ მადლობა :*

  7. » ასე რომ, არაა საჭირო დიადი მიზნები და ამბიციები. ყველაზე სწორი მიდგომა ისაა, წერო ის, რაც გაწუხებს, წერო იმაზე, რაც გაინტერესებს და წერო კარგად და საინტერესოდ. «- ვცდილობ (წერით ვწერ, მაგრამ რამდენად საინტერესოდ და კარგად ეგ საკითხავია).
    პ.ს. მე ვარ შენი მკითხველი. 🙂

  8. ვიცი, ცოტნე, და ყოველთვის მიხარია შენი კომენტარის დანახვა. კი, შენ წერ და შენი ასაკისთვის საკმაოდ ჭკვიანურად, რაც მთავარია შენს ნაწერებში არაა სიყალბე და მართალი ხარ ყოველთვის. მეც ვარ შენი მკითხველი 🙂

  9. მადლობა! 🙂

  10. Meme:

    მეც ვთვლი, რომ ზედმიწევნით სწორი დამოკიდებულებაა.

  11. მეც, რაღა დაგიმალო და 🙂 მადლობა მემე :*

  12. აი როგორც დაგპირდით 🙂 http://wp.me/pT6cL-fy

  13. ნამდვილად, რომ იცოდე რამდენი წერს ჩემზე უკეთესად ^^

  14. Kate:

    ვაიმე!
    ამდენი წელია ბლოგერი ვარ და ამდენი არასოდეს მიფიქრია ამ საკითხზე. ალბათ იმიტომ, რომ მე უბრალოდ ვწერ და ეგაა. ამდენს არ ვფიქრობ. ვინც შემოდის, შემოდის. ვინც არა, აი დარდი. 😀

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s