სიმღერაში დარჩენილი კაცი

ერთი კვირაა გადავიკარგე. ერთი კვირაა არაფერი დამიწერია. კრიზისი? ვერ ვიტყოდი, მიზეზი გაცილებით პროზაულია და თანაც არასასიამოვნო. კიდევ ერთხელ შემომიტია სიკვდილმა და ხელცარიელი არც ახლა წავიდა. კიდევ ერთი ადამიანი გაიყოლა თან და კიდევ ერთი ადამიანით შეამცირა ჩემი ახლობლების სია. ეს ადამიანი ბიძაჩემი იყო.

ამ ერთ კვირაში დამიგროვდა ემოციებიც და სათქმელიც.

პირველი ამათგან გულის დაწყვეტაა, ჯერ დანაკარგის გამო და მერე უსამართლობის გამო. ბევრისთვის არაა ალბათ უსამართლობა, როცა ხანდაზმული  კვდება, მაგრამ თუ  ის უბოროტო, დონ კიხოტივით ქარის წისქვილებთან მებრძოლი, სიმღერაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია და თან ზუსტად ერთი დღე აშორებს საკუთარ იუბილეს, უკვე უსამართლობად უნდა მოეჩვენოს ეს ამბავი.

უსამართლო და კანონზომიერია ისიც, რომ ზუსტად იმის გამო, რომ თეთრზე თეთრს ამბობდა და არასდროს არ ცდილობდა ვინმესთვის თავის მოქონვას და ამით სარგებლის ნახვას, არც ხელმოკლეობა დაჰკლებია, არც წყენა, არც უყურადღებობა. სამაგიეროდ, გარდაიცვალა თუ არა, ატყდა ამბავი(ჩვენ ხომ ნეკროფილების ქვეყანაში ვცხოვრობთ), აბა, ეს რა კაცი დავკარგეთ და სად, თუ არა პანთეონში, არის მისი ადგილიო. ერთი მხრივ, ეს სადღაც არის ალბათ სასიამოვნო,მაგრამ გულდასაწყვეტიცაა. შე დალოცვილო, თუ ასე თვლი, რომ ეს კაცი ასეთი მნიშვნელოვანია, სიცოცხლეში რომ აგრძნობინო, არ შეიძლება? მარტო ქუჩაში ხალხის ღიმილი და სიყვარული რომ ვერ აცხოვრებს ადამიანს, არ იცი? თუმცა ალბათ ესეც ლოგიკური იყო. იყო კაცი, რომელიც სიმღერისთვის ცხოვრობდა, რომლისთვისაც სიმღერა იყო მთელი ქონება, წავიდა და მისგან ისევ სიმღერა დარჩა უმისობის შესავსებად  თავისიანებისთვის.http://www.youtube.com/watch?v=k-4nPiThdeE&feature=youtu.be

ციოდა გუშინ, არც ძალიან ბევრი ხალხი მიაცილებდა კუბოს, მაგრამ ვინც იყო, ყველა თავის სითბოს აყოლებდა. ვიღაც ტაშით აცილებდა და გული მომეწურა…

აქ სევდიან განყოფილებას ვამთავრებ და გადავდივარ შემდეგზე:

ფრაგმენტები დიდი თეატრალური წარმოდგენიდან «პანაშვიდები»:

მოზადებულ-ნამეცადინევი სახეებით მოდიან, სხდებიან და აღარასდროს აღარ მიდიან. ხელში ცხვირსახოცი აუცილებელია, მერე რა, თუ არ გეტირება, მაინც უნდა მიისვ-მოისვა თვალებზე. დამწუხრებული ხმით უნდა გამოიკითხო და მოაყოლო  ჭირისუფალს , როგორ მოხდა, რა დაემართა, არაფერი არ უნდა გამოატოვებინო.

ზოგი აკვირდება ყველას და თანმხლებთან საჭორაო არ ელევა, ზოგი დირექტივებს იძლევა, სად რა უნდა დადგა, რა უნდა დაკიდო, რა აანთო, რა ჩააქრო. ზოგი ზეციურთან პირდაპირ კავშირშია და მენტორულად და კომპეტენტურად გმოძღვრავს, როგორ უნდა იზრუნო სულის გასხივოსნებაზე. ამ დროს ისეთი სახე აქვთ, საცოდაობაც კია, შეაწვეტინო. შემოქმედებით წვაში არიან და ნირვანას განიცდიან, უყურებ და ხედავ, რომ ეს ერთგვარი თვითრეალიზაციაა მისთვის. თუ ასეთების ემოციურობასაც შეხედავ, იმასაც შეატყობ, რომ დაუხარჯავი სექსუალური ენერგიის სუბლიმაციის გამოვლინებასთანაც გაქვს საქმე და აბა ასეთ დროს მისი გაჩერება იქნება?!

გადავდივარ შემდეგ ეტაპზე.

გამოსვენება ეკლესიიდან გადაწყდა. ბლომად ხალხმა მოიყარა თავი. სიჩუმეში ვიღაც ტიპი გამოერჩა, რომელიც ყველას ეჩხუბებოდა და უყვიროდა: » მამაოს დაუძახეთ! ჰკითხე მამაოს?» და ასე შემდეგ. ყველამ შეატყო, რომ ცოტა ვერ იყო და ამიტომ არავინ არ გასცა ხმა და თვალი აარიდეს. ამ დროს ორი მღვდელი შემოვიდა. როგორ ვინანე, რომ არ შემეძლო გადაღება. წარმოიდგინეთ : ერთი გასაცოდავებული შეშლილი და აქეთ-იქიდან ორი ღიპიანი ანაფორიანი. ხელკავი გაუკეთეს და გააჩიქჩიქეს კარისკენ. ის საწყალი არ მიყვებოდა, არ მინდაო, აქ მინდა ყოფნაო. ერთი ამ ჩასუქებულ ღვთისმოსავთაგანი კი უყვიროდა, აქ გინდა რა, ბებიაშენის სახლი კი არააო. მაინც რომ გაჯიუტდა, დაავლეს ხელი და სულ ფხოკიალ-ფხოკიალით გაათრიეს… ისე ცუდად გავხდი, ლამის გვერდით მივუწექი მიცვალებულს…რომელი იყო მათ შორის გიჟი? ის საწყალი, ეს ანაფორიანები თუ ჩვენ ყველა, ვინც იქ ვიყავით, ვუყურებდით ამას და ხმა არ ამოვიღეთ? და ამ ყველაფერს კი ის უყურებდა ალბათ, ვის სახლშიც წესით ვიყავით…

შემდეგი ეტაპიც ტრადიციულია და აღარ შევჩერდები, რადგან ეს კულინარიული თემა ისედაც ნაცნობია.

მოკლედ, როგორც იქნა დამთავრდა ყველაფერი და ნაფრონტალი და დაქანცული ოჯახი დაბრუნდა სახლში იმედით, რომ დაისვენებს ამ მძიმე დღის შემდეგ. თურმე სად ხარ! 9 საათზე კარზე ზარია. ვაღებთ და ორი ქალი დგას ყვავილებით. სამძიმარზე მოვიდნენ!

-ვაიმე, იცით უკვე დავასაფლავეთ!-ეუბნება ჩემი დეიდაშვილი.

-და რატომ დაასაფლავეთ?-აღშფოთდნენ.

-არ უნდა დაგვესაფლავებინა?-სრული სერიოზულობით ეკითხება ჩემი დეიდაშვილი და თან ჩემკენ იყურება, იღვიძებს გურული სისხლი და ფხუკუნით გამორბის აქეთ. დეიდაჩემი ჩვენგან განსხვავებით წესების ადამიანია და ამიტომ გამოდის, იღებს გზააბნეულ სტუმრებს. ისინიც სხდებიან, მერე რა, რომ მიცვალებული აღარ არის, მოვიდნენ პანაშვიდზე და ისე ხომ არ წავლენ? ჩვენ აქეთ ვიგლიჯებით სიცილით. » დაუკარიიით, უპატარძლო ქორწილიააა»-ვიხსენებ ფრაგმენტს ერთი ქართული ფილმიდან და უკვე ვტირით სიცილისგან.

კაი ხნის ბაასის შემდეგ, დგებიან. დეიდაჩემი აცილებს კარამდე და დამნაშავე სახით ეუბნება, გვაპატიეთო :დდდდდ. ჩემი ოხერი დეიდაშვილი კი აქედან ამატებს, გვაპატიეთ, რომ მკვდარი ვერ დაგახვედრეთო :).

აი ასე გურულად დავამთავრეთ ეს მძიმე დღე…

არც ვიცი, რას ემსახურებოდა ეს პოსტი… ალბათ არც არაფერს… ამდენი ემოციების შემდეგ ძნელია აზრების თავის მობმა…

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

7 комментариев на «სიმღერაში დარჩენილი კაცი»

  1. ვაი 😦 ;( მთელი გულით გისამძიმრებ 😦 😦

    მეორე და მესამე ნაწილებზე კი დავწერდი ორ სიტყვას და აგყვებოდი, მაგრამ რაღაც უადგილო მგონია.

  2. ჩემი კომენტარი მგონია უადგილო, თორემ შენ მშვენივრად გიწერია.

  3. მივხვდი, მოლი, ვიცი, რაც იგულისხმე. ხო, აი მაგ მეორე და მესამე ნაწილი ის თემაა, რომელიც არასდროს არ ხდება ამ ქვეყანაში არააქტუალური. მადლობა :*

  4. ვიზიარებ! 😦 😦 😦

  5. ვიზიარებ მწუხარებას… ძალიან მძიმეა…

  6. რა ტრაგიკომიკური სიტუაციაა 😦

  7. ხო, ჩემთან ეგ ბუნებრივია რატომღაც და ხშირი 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s