არ შეიყვარო წარსული

       კარგა ხანია, რაც დამკვირვებელ-ექსპერიმენტატორის როლი მოვირგე. ვდგავარ ასე,   «განსმდგომი შუაკაცივით», ვაკვირდები ყველას და ყველაფერს, რაც ჩემ ირგვლივაა, ვაანალიზებ ჩემთვის, ვაჯამებ-ვასკვნი. მერე ხანდახან კიდეც ვერთვები, ვექსპერიმენტობ და შემდეგ ისევ ვაანალიზებ, ვაჯამებ-ვასკვნი.

ამჯერადაც ერთ ასეთ დასკვნაზე ვსაუბრობ:

ადამიანების უმრავლესობა, თუ ყველა არა, მანიაკალურად მიჯაჭვულია  წარსულზე, აიდეალებს და მუდმივად იხსენებს, როგორც საუკეთესოს. არადა, რომ დაფიქრდე, ყველაფერი ხომ არც იქ იყო კარგად?! ის კი არა, შეიძლება სულაც არ იყო ასე გადასარევ-მოსაწონი, მაგრამ მაინც ასე ეჩვენებათ. არ ვიცი, ეს იმის ბრალია, რომ იქ ბავშვობა დარჩა  და იმას მისტირიან, თუ იმის, რომ წლების მატება სიბერის შიშს ბადებს, ქვეცნობიერად სიკვდილისაც და უკან დაბრუნება ერთგვარი ხერხია დროის წამიერად შეჩერების. წარსულის მონატრება-გაიდეალებაც  ამ შიშისგან გაქცევის მცდელობაა ალბათ…

იქნებ ეს ეროვნული თვისებაა? არ მეგულება მსოფლიოში ერი, რომელსაც ამდენი ეტიროს წარსულზე და ასე არ ეფიქროს აწმყოზე, მომავალზე ხომ საერთოდ … ყველაფერი საუკეთესო და იდეალური იქ დარჩა ქართველებისთვის. იქაა აღამაშენებელი და თამარი, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე  საქართველო, დავით წინასწარმეტყველის შთამომავლი ბაგრატოვანები( ამაზე ძალიან მეცინება), გალაღებული საბჭოური ოჯახურ-კავშირული ყოფა სავსე გასტრონომებით, 2 და 20-იანი «სერვილადით», უფასო «პუტიოვკებით», 37 მანეთიანი მოსკოვური ავიარეისით და იქ უფასოდ ჭიქა ყავით დაკერილ-გაჟიმული რუსის ქალებით.

არ ვიცი, როდემდე შეიძლება ასე კისერმოგრეხილი იყო და თვალებს იბრეცდე მუდამ უკან ყურებით.

გასაგებია მონატრება და ნოსტალგია, როცა რაღაც მართლა იდეალური იყო და დაუვიწყარი, მაგრამ ეს მარტო გახსენებით, ისიც ხანდახან, უნდა შემოიფარგლებოდეს. აბა, რა აზრი აქვს გაუთავებელ ძრომიალს იქ, სადაც ვერასდროს ვეღარ მოხვდები და ვერც ვერაფერს წამოიღებ იქიდან. მაგრამ არაფრით არ მესმის, როცა წარსულში ყოფნა ალამაზებს და აიდეალებს ისეთ რამესაც, რაც არც ლამაზია და არც იდეალური. ეს ხედვის სიბეცეა, რაც ხელს უშლის რეალობის დანახვას და ადეკვატური დასკვნების გაკეთებას. როგორც ერთი ჩემი მეგობარი ამბობს, წარსულის სიო ( http://wp.me/pNlTr-h2)     უბერავს და ეს სიო აზროვნებიდან მოდის. სწორედ ამ უკანასკნელის სიმწირეა წარსულზე ასე მიჯაჭვულობის ყველაზე მთავარი მიზეზი, ისე როგორც ყველაფერი დანარჩენის, რაც უკუღმართადაა ჩვენთან.საბოლოოდ მაინც ყველაფერი გონებასთან მიდის და ამას ვერც ერთი ხელისუფლება და ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ შეცვლის, თუ თვითონ არ შეცვალე. აზროვნებაში ვერავინ მოგიხდენს რევოლუციას, არადა ყველაზე მთავარი  ესაა!!!

მე არ ვამბობ, რომ სამუდამოდ უნდა გამოკეტო წარსულში გასაჭვრეტ-გასახედი კარი. მეც ხშირად მიწევს ხოლმე მისი შეღებ-გამოხურვა, მაგრამ რატომღაც არა რომანტიკული სურვილებით და ვერც სულიერ ამაღლებას მანიჭებს ეს. პირიქით, თუ დავბორიალობ წარსულის ლაბირინთებში, იქ შეცდომებს  ვეძებ, ზოგს დაშვებულს და ზოგსაც დაუშვებელს, ვეძებ ადამიანებს, ჩემთვის ძვირფასებს და ჩემთვის საძულველებს. შემდეგ ვცდილობ იქ დაშვებული შეცდომები აქ, აწმყოში, აღარ გავიმეორო და რაც იქ არ დამიშვია, აქ დავუშვა. ის ადამიანები, მე რომ იქ მეძვირფასებიან, იმდენჯერ გავიხსენო, რომ აქ ცხადად მახსოვდეს ყოველთვის, იმათ კი, ვინც საძულველია, არაფრით გადმოვაბიჯებინო ჩემს აწმყოში.

ვერ ვიტყვი, რომ სრულყოფას მივაღწიე და ნათელი წარმოდგენა მაქვს მომავალზე, თუკი არის ეს საერთოდ შესაძლებელი. წარსული კი შევიძულე და შევიყვარე აწმყო. რა თქმა უნდა, კარგად ვიცი, არაფერია აქაც დიდად მოსაწონი და შესაყვარებელი, მაგრამ აქ არის ის, რაც არ არის იქ, უკან — ეს  ცვლილებების შანსია(http://wp.me/pNlTr-15D) , დამოუკიდებლობა და გამოცდილება. ეს კი საკმაო იარაღია რეალობასთან ბრძოლის. ასე რომ, მე გავაკეთე ჩემი არჩევანი — ვცხოვრობ აწმყოთი. მიხარია, თუ რამე გამომდის, მწყინს, თუ ვმარცხდები, მაგრამ ამით არ მთავრდება  ყველაფერი და ვაგრძელებ გზას, არც თუ ისე კმაყოფილი რეალობით და საკუთარი ყოფით, მაგრამ მაინც კმაყოფილი, რომ შემიძლია ამ გზის გაგრძელება. დიახაც, მომწონს ახალი პლეხანოვი და სულაც არ მენოსტალგიურება ჩაჟამებული ქუჩები,თუმცა ისიც კარგად ვიცი, რომ ევროპაში საუკეთესო გამზირი არაა, დიახაც, მირჩევნია მთელი თვის შემოსავალი დასჭირდეს იმ სურსათ-სანოვაგეს, რასაც ჩემი მშობლები 10 მანეთად ყიდულობდნენ აყროლებულ გასტრონომებში, დიახაც, არ მომწონს ქვეყნის სეთურიზაცია და შიშს აყოლილი დაზომბებული მასის ყურება, დიახაც , მინდა ვიყო რეალისტი და უტოპიურად არ ვოცნებობდე სამოთხეს მიმსგავსებულ მომავალზე არც პირად და არც ქვეყნის ამბავში, არც თვითონ სამოთხეზე ვოცნებობდე :).

მოკლედ, ასეა, უამრავი პრობლემაა ჩვენს საზოგადოებაში და ერთი მთავართაგანი სწორედ აწმყოზე სწორად ვერფიქრი და წარსულში სირაქლემასავით თავის ჩარგვაა. «მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი, ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს, ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხსო»-ამბობდა ის დიდი ადამიანი. ხოდა, ხომ შეიძლება ხანდახან მაინც დავძლიოთ სასკოლო-პროგრამული ტრავმა და ისე წავიკითხოთ, როგორც არა ის ლექსი, რომელსაც სკოლაში გვაზუთხინებდნენ.მყოობადის  და ხალხის მომავლის შექმნის ამბიცია არაა საჭირო, აწმყოზე ვიფიქროთ, ჩვენ-ჩვენ აწმყოზე და ქვეყანაც ხომ ჩვენგან შედგება.

კატერინას მცნება: არ შეიყვარო წარსული 🙂

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «არ შეიყვარო წარსული»

  1. დასკვნას ვეთანხმები — წარსული არ უნდა შეიყვარო. უბრალოდ, უნდა გახსოვდეს. დავიწყება ისევ შენ დაგაზარალებს. იდეალური ამქვეყნად არაფერია და არც ძველი დრო იქნებოდა, იქაც იყო ცუდი და ცუდზე უარესი, იქაც იყო შეცდომები, იქაც იყვნენ უსიამოვნო ტიპები, მაგრამ კარგიც ხომ იყო…

    ამ შემთხვევაში, ქვეყნის წარსულს და პოლიტიკურ-სოციალურ ჭრილს არ ვგულისხმობ. საერთოდ, პოლიტიკა, ბლოგოსფეროს შესრულებით, ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს. უბრალოდ, დაგეთანხმები, რომ წარსულზე მოთქმა ლამის ნაციონალურ ჩვევად გვექცა.

    აი, მე მიყვარს ბავშვობის გახსენება. ძველი ფილმების ნახვა. ძველი წიგნების გადაკითხვა. ჩემი ბავშვობის ნაყინი, კინო, საცურაო აუზი, ბულვარი და საქანელები დღემდე გემრიელად მახსენდება და არ მინდა ამის დაკარგვა — რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დამაკლდება. თუმცა, იმას არ ვამბობ, რომ ის ოცკაპიკიანი პლომბირი ჯობია დღევანდელს. წარსულში ცხოვრება სისულელეა, დღეს ბევრი რამ უკეთესია, ბევრი რამ — უბრალოდ, სხვანაირი. ხელმისაწყვდომი. ხარისხიანი. მაგრამ არც დასავიწყებლად მემეტება. რაღაც საშუალოს ვპოულობ.

  2. მეც მაგას ვგულისხმობდი, მოლი 🙂

  3. არაა მარტივი იყო პრომეთე, რომელსაც არწივი მუდამჟამს კორტნის …
    გაცილებით კომფორტულია იყო ეპიმეთე — 🙂

  4. მე აწყვეტილი პრომეთეობა მირჩევნია 🙂

  5. giorgi:

    წარსულის გარეშე მომავალი არაფერია, აზრი არ აქვს შენს მომავალს თუ არ იცი ვინ იყავი წარსულში, ის უნდა გიყვარდეს რადგან ერტადერტია რისი დავიწყებაც შეუზლებელია. ვერ შეიზულებ იმას რასაც ვერასდროს ვერ დაიბრუნებ, რატქმაუნდა ლამაზ წარსულს ვგულისხმობ, ტუ არ იცი ვინიყავი წარსულ;ში მომავალში ვერავინ იქნები, ყველაფერი ხომ წარსულიდან იწყება ბავშვობა სიყვარული და ასშ

  6. მე წარსულის გაიდეალებაზე და მუდამ უკან ყურებაზე ვწერდი.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s