ჰონორარი

მანუელის ზარმა დილაუთენია გამაღვიძა. კიდევ კარგი, დარეკა, თორემ წუხანდელი ჩახრჩობამდე სმის მერე აღარც მახსოვდა, წასასვლელები რომ ვიყავით. ასე მგონია, თმაზეც კი ვისკის სუნი ამდის.

დღეს დიდი მოვლენაა სან-კანალიოში- ჩვენი შეფი თავის მახინჯ ქალიშვილს ათხოვებს. ხუმრობა ხომ არაა, ქვეყნის წამყვანი ტელევიზიის მეპატრონის შვილის გაბედნიერება! თვით ფელიჩიტადოს პრეზიდენტიც დაესწრება ამ მნიშვნელოვან ამბავს. მთელი ელიტა იქ იქნება,პოლიტიკურიც და არაპოლიტიკურიც, შევეცი მაგათ ელიტ-ბომონდურობას.

არ გინდა ამ კვირა დღეს მუშაობა? არადა, როგორ გინდა უარი თქვა ასეთ შემოთავაზებაზე- ქორწილის გადაღება-დამონტაჟება და ანაზღაურება ისეთი, რომ მაგ თანხის გამოსამუშავებლად მთელი თვე გვხმარობს ჩვენი შეფი.თანაც თუ კმაყოფილი დაგვირჩნენ, ეგებ ნებაც დაგვრთონ  პროექტის დაწყებაზე და კიდეც დაგვიფინანსონ, ამას კიდევ იმდენი ხანია ველი, მარტო შეფის გონჯ შვილს და მის გამოყლევებულ სიძეს კი არა, ყველაფერს გადავიღებ, რასაც კი მეტყვიან.

მოკლედ, ვრჩები წუწუნს და მივდივარ.

მანუელი და აპარატურა შეფის რეზიდენციის შესასვლელთან მხვდება. დაცვა გაფრთხილებულია და უპრობლემოდ გვიშვებს. თითქმის მოთავებულია სამზადისი: სუფრები გამზადებულია, ორკესტრიც დაბინავებულია და რეპეტიციას გადის, ფანჩატურებიც მოუმზადებით ყოველი შემთხვევისთვის, ამინდმა რომ აურიოს. იმდენი ყვავილია, გული მერევა და სუნთქვა მიჭირს. წითელი ხალიჩებიც დაუგიათ.

ძალიანაც გვინდოდა გადაღება პატარძლის მომზადების პროცესით დაგვეწყო, მაგრამ კატეგორიულად აგვიკრძალეს და გვიბრძანეს მისი აპარტამენტებიდან გამოსვლამდე არ დაგვეფიქსირებინა  და მხოლოდ გარშემომყოფების, სტუმრების, მომლოდინე საზოგადოების და გარემოს გადაღებით დავკავებულიყავით. სადღაც მესმის. ალბათ კოსმეტიკურ-პლასტიკური ხელოვნების რამდენი სასწაული დასჭირდება მაგ ჯოჯოს გაადამიანებას. ერთი იმ კაცის ტვინში შემახედა, მაგის გვერდით წოლაზე რომ თანახმაა! თუმცა რა, მილიონები ბანკის ანგარიშზე ალბათ იწვევს იძულებით ერექციას, თან თუ ერთი სოფლელი ტრაკგამოხეული მოდელი ხარ, რომელსაც მარტო ბიცებსები და ელასტიკურ ტრუსში გამოკვეტებული ფალოსი გაქვს და თან პრეტენზია, გზა გაიკვალო მაღალ საზოგადოებაში…

საჭმელი-ჩიტის საკენკივით ჩხირებზე და უჩხიროდ აწყობილი ფერად-ფერადი ელიტური ბუტერბროდები, სტენდალური ხიზილალ-ფართი, ათასნაირი ხილი და ტკბილეული. სასმელი-ულევად. უკვე წარმოვიდგინე, როგორ გაილეშებიან ყელში პეპლებგაყრონჭილი ნაბიჭვრები და მათი დეკოლტიანი პლასტიკური ქირურგიის მიღწევები! მერე როგორ დაიწყებენ ბანცალს და როგორ მიავიწყებთ სასმელით მოფამფლებული ტვინი სარკის წინ დამუშავებულ მანერებს და როგორ ამოძვრება მათი ბომონდური ვიზუალიდან ბნელი წარსული…

შეფიც გამოჩნდა-სინიორ ლამეკულოსი, ღელვისგან აჭარხლებული და გაბღენძილი, დადის და ბრძანებებს ისვრის.

მგონი გადავიღეთ, რისი გადაღებაც კი შეიძლებოდა. ახლა მეორე ეტაპზე გადავდივართ. სტუმრებმა დაიწყეს მოსვლა.

მთავრობის წარმომადგენლები ჯერ არ ჩანან. ალბათ ასეც უნდა იყოს, სულ სხვა ეფექტი ექნება გადატენილ ეზოში მათ შემომზეურებას.

ძვირფასი მანქანები ერთმანეთს ენაცვლებიან.ჯერ კინო-ტელე ბომონდი ავსებს წითელ ხალიჩას. ფერების, ძვირფასეულობის, ბრენდების და გამოსაჩენარდასამალი ადგილების დემონსტრირებაა. ეს ერთგვარი შეჯიბრებაა. პირობითად ასე შეიძლება დავარქვათ- » ვინ მეტი და ვინ უკეთ», ან » ვის ვისი და ვის როგორი».

თვალები გვიჭრელდება, სუნთქვა გვიძნელდება ამდენნაირი სუნამოს კორიანტელში. მგონი, ცოტას კიდეც მაზიდებს.

საოცარი სანახავები არიან ახლოდან ეს ვარსკვლავქალუკები. ყველას ამიმია დამართნია მეტი ბოტოქსისგან და მადამ ტიუსოს ფიგურებს ჰგვანან. სილიკონო-ფართი ზენიტშია და უკვე ვეღარ ხვდები, რაა ნამდვილი და რა არა.

უაზრო, ბანალური «სვეტსკური» დიალოგები, აზრს მოკლებული, გამორეცხილი თვალები, ემოციამოკლებული კისკისი და ფაიფურის სითეთრე…

სტუმრები ემატებიან.

მალე ახლადჯვარდაწერილებიც მოდიან. კეთილმოსურნე ღიმილით ულოცავენ აქეთ-იქიდან. არადა უკვე წარმომიდგენია, რას ილაპარაკებენ, როგორც კი მოშორდებიან.

ორკესტრი უკრავს. წკრიალებენ შეხებისას მაღალი ფუჟერები.

აი, პოლიტიკანებიც. ესკორტი ჩერდება. დაცვის თავგასიებულ ბიჭებს შორის პირველი პირი ჩანს- ფელიჩიტადოს პრეზიდენტი სენიორ მიგელ დე კასტრო. აბა  მოუსვლელობა როგორ იქნებოდა, რაც  მაგის გაპრეზიდენტებაზე ამ ჩვენმა ლამეკულოსმა ოფლი ღვარა…

კასტროს უკან მოჰყვებიან მინისტრები და პარლამენტარები. ყველა დავალებულია ამ ოჯახისგან!

დამხვდურები დაფაცურობენ და ადგილებს უჩენენ ძვირფას სტუმრებს.

ორკესტრი უკრავს. შემაღლებულ ადგილას სახელდახელო სცენაა და აქ მომღერლები ენაცვლებიან ერთმანეთს.

სასმელი სინათლის სიჩქარით ისმევა. დამატებას ვერ აუდიან.

ყველას ყურადღება ნეფე-პატარძლისკენაა, სიმწრით დაზუთხულ ტანგოს რომ აცოდვილებენ.

მე  მანქანა შევნიშნე  შემოსასვლელთან. კარი გაიღო და მოხუცი გადმოვიდა. დაცვა მხოლოდ ერთი ადამიანისგან შედგებოდა. წელში რომ გაიმართა, ახლადმოსულში ყოფილი პრეზიდენტი ამოვიცანი. სენიორ ალკონი ძალიან მოტეხილა. სახე დასიებია, ხელები უკანკალებს. ეტყობა სიარულიც უჭირს, მაგრამ დაცვას არ იხმარებს, ეთაკილკება ეტყობა.

ისე შემოვიდნენ, არავის მიუქცევია ყურადღება, ყველა ტანგოს ცქერით იყო გართული. ეზოს განაპირა მხარეს დადგნენ.

ვუყურებ და ვხედავ, როგორ უჭირს ერთ ადგილას დგომა. ფეხებს ანაცვლებს. მერე მიიხედ-მოიხედავს და ჩუმად ოდნავ შესამჩნევად მაგიდის კიდეს ეყრდნობა. ვატყობ თავს, რომ სიბრალული მიჩნდება ამ მოხუცის მიმართ. არადა ხომ ვიცი, ვინცაა და როგორიც იყო: თავმომწონე, ამბიციური, სასტიკიც ზოგჯერ. ისიც მახსოვს, აქ მყოფთაგან  უმრავლესობა სულ ცოტა ხნის  ფეხქვეშ რომ ეგებოდა. ახლა ვითომ ვერც ამჩნევენ. ისე, საერთოდ რას დაპატიჟა? ვისთვის არის საინტერესო მიხრწნილი ყოფილი პირველი პირი? მაგრამ ეტყობა ამასთანაც იმდენი ჩახლართული შავბნელი ამბები აკავშირებს, რომ სხვანაირად არ გამოვიდოდა.

ეგ არ გადაიღოო, მუჯლუგუნს მკრავს მანუელი. მე კამერას ვაჩეჩებ და ვაგრძელებ დაკვირვებას.

წაიბორძიკა და წამოწითლდა, თან აქეთ-იქით გაიხედა, ხომ არავინ შემამჩნიაო.

მახსენდება, როგორ დახვრიტეს რაღაც სულელური პროტესტისთვის რამდენიმე სტუდენტი მისი ხელმოწერით და ბრძანებით და თან ვუყურებ, როგორ უკანკალებს ფეხები… სადაცაა ჩაიკეცება. დამდუღრულივით მივდივარ მასთან, მიმაქვს სკამი და ისე ვდგამ მის ახლოს, თითქოს მისთვის კი არ მივიტანე, ისე დავდგი საერთო საჭიროებისთვის და მაშინვე უკან ვტრიალდები.

მანუელი იბრდღვნის ყველაფერს და მეჩხუბება. მეუბნება, რომ იდიოტი ვარ და რომ რა ჰუმანურობა ამიტყდა, რომ ამ სისულელემ შეიძლება ჰონორარის გარეშე დაგვტოვოს, ვიღაც-ვიღაცებმა თუ შეგვნიშნეს.

ქორწილი გრძელდება. სასმელმა თავისი ქნა და როგორც ვვარაუდობდი, ბომონდური ფასადიდან ამოხეთქა შავბნელმა წარსულმა…

ამინდი აირია. გაწვიმდა. ისე დაუშვა, საზოგადოებამ ძლივს შეასწრო წინასწარ გამზადებულ ფანჩატურებში. მე ისევ მისკენ გამექცა თვალი.

ზის გაჭიმული. ეტყობა არც აპირებს ადგომას, ალბათ ეშინია სველ ბალახზე ფეხი არ გაუსრიალდეს. თეთრი თმა სისველისგან გაუმუქდა და დაეტყეპა თავზე. სახე კი ისეთი აუღელვებელი აქვს, ვერც გამოიცნობ, რას გრძნობს. ხელები კი უკანკალებს.

წვიმა მატულობს. ფანჩატურებში მხიარული სიცილი და ჭიქების წკრიალი ისმის.

სენიორ ალკონი დგება, მაგიდას ეყრდნობა ჩუმად. დგას და ნაბიჯს ვეღარ დგამს. მე ვეღარ ვითმენ. მივდივარ მასთან, ვკიდებ ხელს და ვეკითხები:- წასვლას აპირებთ, სენიორ ალკონ?

-კი, დროა უკვე, ჩემს ასაკში არაა სასარგებლო წვიმაში და ხალხმრავლობაში დიდი ხნით ყოფნა,-გაიღიმა.

ვაცილებ მანქანამდე და თან ისევ მახსენდება, როგორ დახვრიტეს ის სტუდენტები…

დაცვა კარს უღებს და მანქანაში ჯდება. კარის მიხურვამდე მე მიყურებს და ისე მიღიმის, უნებურად ბაბუაჩემი მახსენდება…

უკან აღარ მივბრუნებულვარ. აღარც არაფერი იყო, კაცმა რომ თქვას გადასაღები და თუ რამე იქნებოდა, მანუელიც მოახერხებდა.

იქვე გზად ბარში შევედი და გვარიანად გამოვტყვერი.

დილაუთენია ისევ მანუელის ზარმა გამაღვიძა.  ყვიროდა და ისე მაგინებდა, ყურში არ შეიშვებოდა. ჰონორარს არ გვაძლევენ და წადი ახლა და იმ გადაღძუებულს მოსთხოვე ფულიო. რომ არაფერი ვუპასუხე, სულ გადაირია. ცოტა ხანში სამსახურიდანაც რომ გაგაგდებენ, მერე ნახავ ჰუმანიზმსო.

მე ყურმილი დავდე და ძილი გავაგრძელე. სიზმარში ბაბუაჩემი ვნახე…

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

26 комментариев на «ჰონორარი»

  1. სტენდალური ხიზილალა-ფართი მომეწონა.

    და ეს საწყალი დაცვის სამსახური, ყველგან როგორ უნდა გაილანძღოს…

  2. არიან თავგასიებულები და რა ვქნა 🙂 თუმცა მაგათი გალანძღვა ყველაზე ნაკლებად მინდოდა

  3. დაცვის სამსახურს, კატარინა, ძალიან რთული და ძალიან უმადური საქმე აქვს. დამნახავი არავინაა. და არც თავგასიებულები არიან.

  4. არ ვერჩი მაგათ მე და მაგათზე სულ არ გამიკეთებია აქცენტი. უბრალოდ რა სიტუაციასაც აღვწერდი, იქ ასე უნდა დამეხასიათებინა.სულ ერთი სიტყვაა და თუ ასე ცუდად ხვდება თვალს რა ვიცი აბა…

  5. ოკი 🙂 არ არის ეს აქ მნიშვნელოვანი.

  6. ასე მეგონა რაღაც ადგილებში ვიღაც ვიღაცეები ვიცანი :დ :დ :დ კრიტიკის ქარცეცხლში გამოატარე ყველა :დ

  7. სენიორ ალკონი მაინც საყვარელი ბაბუაა . . . ყოველ შემთხვევაში გარედან . . .

  8. სწორად გეგონა. აი თუ გვარებს მიაქცევ ყურადღებას და გადმოაქართულებ და ქვეყნის სახელწოდებასაც, კიდევ მეტ რამეს იცნობ 🙂

  9. ასაკი ბევრ რამეს პატიობს ეტყობა… ფიზიკური უძლურება გადასწონის ხოლმე წარსულის შავ ლაქებს. თუმცა უფრო გაწონასწორებული და თავშეკავებული ნამდვილად არის 🙂

  10. ხო მასე აღარ ჩავძიებულვარ 🙂 ზოგადად გადმოქართულების გარეშეც ბევრი ნაცნობია :დ

  11. ისიც გამიგონია, სენიორ ალკონი თვითმფრინავში იჯდა, თვითმფრინავს კუდი ჩამოატეხეს(?) და ალკონის ნერვიც არ გასტოკებიაო . . .

  12. მასეთ რამეებში კი ყოჩაღობდა, მაგრამ მაინც ერთი დიდი ნაგავი იყო ეგეც, ისე, როგორც ყველა მის წინაც და მერეც 🙂 მარა ხომ იცი გული ოხერია, გასაცოდავებული ყველა გეცოდება, განსაკუთრებით თუ შენ თვითონ გყოლია მოხუცი სახლში 🙂

  13. უცნაურია, მაგრამ დრო და ასაკი ყველაფერს პატიობს . . .

  14. ბევრ რამეს ვერ მივხვდი 😦
    ასაკი არაფერს არ პატიობს, უბრალოდ გეცოდება ადამიანი რომელიც ასეთ მდგომარეობაშია. შეცოდება და პატიება ერთი და იგივეა? ჩემთვის არა 🙂 არც ფულია მთავარი.

  15. ნუ პატიებაში მეც მაგას ვგულისხმობდი 🙂 .გეთანხმები, ჩვენთვის, უმცირესობისთვის, არაა ფული მთავარი. მიხვედრას რაც შეეხება, არაფერია ისეთი, ეგ არაა ალეგორია, უბრალოდ რატომღაც ასე აღიქვა ზოგმა. ასე რომ, რაც გასაგები იყო, გაგიგია 🙂 :*

  16. ახლა ვზივარ და შენს ყველა ნაფიქრალს ვკითხულობ. ხომ არ მიწყენ შენობით რომ მოგმართავ? ისე უკვე ვიცი რომ არა :). მაინტერესებს რა საგანში ეხმარები ბავშვებს?

  17. მახარებს ეგ ამბავი. ქართულში ვეხმარები, თუმცა ისე გამოდის, რომ მარტო ქართულში არა, მაგრამ ეს ძირითადია 🙂

  18. ასე მგონია რომ გიცნობდე ახლოდან შენზე კარგი მეგობარი არავინ არ მეყოლებოდა. იმიტომ რომ შენი ისე მესმის თითქოს ჩემს თავს ველაპარაკებოდე. 🙂 მიიღე ჩემი აპლოდისმენტები, ძალიან მაგარი ხარ. მიხარია შენი ბლოგი რომ აღმოვაჩინე 🙂

  19. ნამდვილად არამგონია ქართულს ასწავლიდე მარტო 🙂 ძალიან ბევრს მივცემდი თავის დროზე რომ შემძლებოდა შენი გაკვეთილები მომესმინა 🙂

  20. გახარებულდამორცხვებული სმაილი… მეც მიხარია, რომ მოაგენი ჩემს ქეთლანდიას :). ისე რაღაც პონტში უკვე მიცნობ ახლოდან, რაკი ჩემს ნაწერებს კითხულობ. დანარჩენი კი როგორც გამოვა და როგორც მოგინდება ადამიანს, ისე უნდა იყოს :). კარგ გუნებაზე დამაყენე :*

  21. რომ იცოდე, ხშირად ისეც ხდება, ხშირად კი არა, უმეტესად, რომ ჩაბარების მერეც სიხარულით მოდიან და მემეგობრებიან და მე ეს მიხარია 🙂

  22. ჩემდა სამწუხაროდ თბილისში არ ვცხოვრობ 😦

  23. ურთიერთობები საზღვრებს გარეშეა, ვივიენ, და მეგობრობა, მით უმეტეს 🙂

  24. მესმის მაგრამ ფინჯან ჩაისთან საუბარს სხვა ემოციები ახლავს თან 🙂 მე ვირტუალური მეგობრობითაც კმაყოფილი ვიქნები 🙂

  25. მაკა:

    არ ვიცი ეს ბლოგი როდის დაწერე,მე დღეს წავიკითხე და გმირშიც დღევანდელი მოვლენის „გმირი„ დავინახე.

  26. კი სწორად დაინახე. არადა, ადრეა დაწერილი

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s