როგორმე

როგორმე უნდა გავძლო ზაფხულამდე… როგორმე უნდა ვიმეცადინო და შთავაგონო გამუდმებით თავს, რომ წარუმატებლობები და იმედგაცრუებები მივიღო, როგორც გარდაუვალი და აუცილებელი, როგორც ბუნებრივი და განუყოფელი ნაწილი საკუთარი ცხოვრების…

როგორმე უნდა შევძლო, ასეც დავტოვო ორგემაგობა-ცხოვრება ბლოგში და ბლოგს გარეთ. თან ისე, რომ არასდროს მივცე გასაქანი ნამდვილ მეს მონიტორს აქეთ. ეს ერთადერთი გზაა თავდაცვის. აქ ვინც შემოდის და ასე თუ ისე ეცნობა ჩემს აზრებს და ემოციებს, ის სხვანაირად აფასებს ამას და გინდაც ვერ შეაფასოს სწორად, ვერაფერს მავნებს, გარეთ კი… ადამიანები ყოველთვის სარგებლობენ სხვების სისუსტეებით, მათი უმრავლესობა არასწორად აღიქვამს ყოველ გამომზეურებას გრძნობების, ემოციების და ფიქრებისას. ჩვენ ხომ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელშიც დასაცინად იქცა ყველაფერი ის, რაც წესით ადამიანურობას განაპირობებს… ამიტომ. რაც შეიძლება. კარგად უნდა მიჩქმალო, თუ სადმე დაგრჩენია რომანტიკის ნატამალი, თუ სადმე შეგრჩენია გრძნობით წამოსული ცრემლი…

როგორმე უნდა შევძლო, თვითონ ვზიდო საკუთარი პრობლემები და არასდროს არავისგან ველოდე დახმარებას და არა მარტო არ ველოდე, არც მინდოდეს, რადგან  დიდი შანსია მერე  ვინანო, რომ მივიღე მათი დახმარება,ძმრად რომ ამომადენენ ცხვირში…

როგორმე უნდა შევძლო, ასე გავაგრძელო და ჩემ ირგვლივ არავის დავანახო, როგორ ვარ და რა მჭირს სინამდვილეში…

როგორმე უნდა ვისწავლო. სიხარულით მივიღო ყველა ფიზიკური ტკივილი, რომელიც რატომღაც არასდროს მელევა, ყველა ყოფითი პრობლემა, რომელიც ასევე ულევად მაქვს, როგორც საშუალება სულიერი ტკივილის დავიწყების…

როგორმე უნდა ვაიძულო თავი, არ შემეშალოს და არ გამოვააშკარაო, სინამდვილეში როგორი ვარ, რა მაქვს გულში და რა მჭირდება მამრებთან ურთიერთობისას, რადგან ეს ერთადერთი გზაა არ დაზარალდე და სანანებელი არ გახდეს ის, რაც იყო. აკი გამომდის კიდეც! რაკი ასე გიჟდებიან სიმარტივეზე, ჰქონდეთ, ოღონდ ისე, რომ მათ ეგონოთ მარტივი და სინამდვილეში ისე რთულად გაიბლანდონ, რომ თავგზა აებნეთ! კარგია…ძალიან ადვილი ყოფილა თურმე მათით მანიპულირება და რატომ არ ვაკეთებდი ამას ადრე? მგონი, დავიმსახურე, ახლა მე ვუყურო, როგორ  ვშიფრავ მათ აზრებს და სურვილებს და გულში ვიცინო, ოღონდ ეს სულაც არ უნდა შემეტყოს.

როგორმე უნდა გავუფრთხილდე შესისხლხორცებულ მარტოობას და არავის მივცე მასში ქაოსის შეტანის უფლება.

როგორმე უნდა გადავაგორო ეს ცხოვრება, ოღონდ არა ისე, დაჩაჩანაკებულმა და მიხრწნილმა, არამედ მუდმივად სასურველმა, შემართულმა და საკუთარ გასაჭირზე მუდამ მოცინარ-მოღადავემ, რადგან ასეთი მიყვარს თავი და ასეთს ვაფასებ.

მერე? მერე ალბათ ზამთარიც მოვა… დიდი, მარადიული ზამთარი და მეც გადამეფარება ის უსაშველო თოვლი და სიცივე, აგერ რა ხანია, რომ ფარავს ჩემს უსაყვარლეს ადამიანებს. აი, მერე ალბათ შევწყვეტ მუდმივად ზაფხულის და მზის მოლოდინს.მანადმე კი …

როგორმე უნდა გავძლო, შევძლო!!!

ჰმ, როგორმე ბოდვასაც თავი უნდა დავანებო 🙂 . ხოდა ვანებებ!!!

მოვრჩი… როგორმე  შემინდეთ დიდსულოვნად, ამ ბოდვაში თუ ჩაგითრიეთ უნებურად, მაგრამ აბა სხვაგან სად ვიბოდიალებდი ამას? ისევ აქ, ჩემს «სამფლობელოში».

მადლობა  მკითხველს გაძლებისთვის. 🙂

Запись опубликована в рубрике ემო с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

10 комментариев на «როგორმე»

  1. ჩვენ რითი დაგეხმაროთ?

  2. თქვენ მე ისედაც მეხმარებით ❤ , რაკი ასე მისმენთ და მიტანთ 🙂

  3. ასატანი რ არის, ოღონდ ვერ ვხვდები , აქ იმისთვის შემოვიდივართ, შენი პოსტები რომ გვაინტერესებს 🙂

  4. მადლობა, დაია 🙂 . არა, უბრალოდ დღეს რაღაცა ნამეტანი ვიბოდე, განწყობამ და ხასიათმა მოიტანა.

  5. როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
    როგორმე ქარმა თუ მიმატოვა.

    არის გზა, არის ნელი თამაში…
    და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო…

    ვიცი, რასაც გრძნობ. საზოგადოებაზე გეთანხმები. იდიოტად ხომ არ გამოვჩნდებით…: ))

    მაგრამ ერთიც არის: მედალს ორი მხარე აქვს, არ არსებობს ბოლომდე კარგი ან ცუდი. მთავარია როგორ შევხედავთ.

    გაიღიმე რაა 🙂

  6. კი, მე სულ ვიღიმები, ასეთ დროსაც კი…იარაღია ერთგვარი 🙂 მკლავს ეგ ლექსი და წინასწარ მეშინია გავუძლებ თუ არა მაგის ახსნას 🙂

  7. მართალი ხართ — იარაღიაო — რომ თქვით 🙂
    ახლა დავფიქრდი და კიდევ უფრო დაგეთანხმეთ…
    მაგიტომ ვიღიმი ასე ხშირად? 🙂

    და იცით რა მაინტერესებს? რატომ არ შეიძლება ყველამ საკუთარი თავი რეალობაშიც გამოაშკარაოს? რატომ ხვდება საზოგადოება გულწრფელობას აგრესიით? რატომ ურჩევნიათ თამაში?
    ,,კარგის მქმნელი ბოლოს არ წახდების» — ტყუოდა რუსთაველი?
    მაბნევს ეს ცხოვრება.

  8. რუსთაველი არ ტყუოდა, უბრალოდ ის დიდი ჰუმანისტი და იდეალისტი იყო და ცდილობდა იდეალურ ურთიერთობებზე ესაუბრა, ანუ იმაზე, რაზეც ოცნებობდა და რაც, სამწუხაროდ,ვერ ნახა ყოფაში… ის ადამიანების გაკეთილშობილებას ცდილობდა თავისი ზღაპრული სამყაროთი. » ბოლოში» კი ის, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ იმქვეყნიურობას გულისხმობდა, სადაც, მისი აზრით, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმეოდა…რაც შეეხება ადამიანებს, გამონაკლისები იქნებიან, ვისთანაც გაიხსნები ბოლომდე და არ მოგიწევს მიჩქმალვა გრძნობების, მაგრამ ძალიან მცირე… რეალობა მწარეა და სჯობს თავიდანვე მომზადებული იყოს ადამიანი, რომ მერე არ დარჩეს დათრგუნული… ცხოვრება ზღაპარი სულაც არ არის…თუმცა ალბათ საინტერესოც ამიტომაა 🙂

  9. მართალი ხარ კატერინა და იმდენად ჩამითრიე ამ პოსტით, იმდენად ჩემი იყო, იმდენად ახლოს 🙂 მე ხომ ფაქტიურად მაგიტომაც გავაკეთე ბლოგი, რომ საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის დეფიციტი არსებობს საზოგადოებაში და მიჭირდა სიტყვის თქმა, ადამიანებთან გულის გადაშლა, სულ იმას ვფიქრობდი რომ ყველაფერი ცუდად შემომიტრაიალდებოდა წარსულის მაგალითებზე დაყრდნობით.

  10. ხოდა ისე გამოვიდა, რომ ახლიდან ვიპოვეთ საკუთარი მე, რეალური მე… რაც არ უნდა იკამათონ, ურთიერთობას მაინც დამთხვევები განსაზღვრავს და მათი რაოდენობა 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s