წელიწადში ერთხელ…

        ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა. თმა სველი ჰქონდა, ზღვის სუნი ასდიოდა. გიჟივით კოცნიდა. მარილის გემო ჰქონდა მის ტუჩებს…

* * *

-უპასუხე რა , დაყრუვდი? ერთი დღე მაქვს დასვენება და დამაძინეთ ადამიანურად!

დაფეთებულმა გაახილა თვალები. იწვა საწოლში ტრადიციულად და ასევე      ტრადიციულად ცოლი ეწვა გვერდით.

წლებია ხედავს ამ სიზმარს და ვერა და ვერ მიეჩვია, რომ სიზმარია. ვერა და ვერ მიიყვანა დაწყებული საქმე ბოლომდე.  ყოველ ჯერზე იმ იმედით ნახულობს, რომ ახლა მაინც მოასწრებს სანატრელი აქტის დაგვირგვინებას, მაგრამ სულ ტყუილად. ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე ადგილას ეღვიძება. ვერა და ვერ შეეგუა ამ გაღვიძებას და  სიზმრიდან გამოსვლის დარდს. არადა ინტერესი კლავს, როგორი იქნებოდა…თანაც მასთან ამ ლტოლვის გარდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამე აკავშირებს. ცოცხალი რომაა, სწორედ ამ ვერდაუფლებული არსების დამსახურებაა. მართალია, ეს არავის სჯერა და არც იკლავს დიდად ამის მოყოლით თავს, მაგრამ თვითონ დარწმუნებულია ამაში და რაც არ უნდა ეცადონ, მაინც ვერ გადაარწმუნებენ…

* * *

-დღეს რა რიცხვია? აჰა, ანუ ხვალ ცალკე წვები. ყველაფერში არანორმალური ხარ, ავადმყოფობაშიც. ერთდღიანი ეგზემა ვის გაუგია? ამდენი წელია ასეა, რით არ დამთავრდა?

უხმოდ იწვა და ჭერს მისჩერებოდა. ან რა უნდა ეპასუხა? ის კი არა სადღაც მადლობელიც იყო , რომ მისი ეს უცნაურობა შეიგუა, შეიჩვია ამ ადამიანმა და მხოლოდ ასე ხანდახან თუ გააპროტესტებდა, ან რა პროტესტიც ეს იყო? რა ჰქონდა სათქმელი? არც ექიმთან წასვლას აპირებდა. რა აზრი ჰქონდა, მაინც ვერაფერს გაიგებდნენ, რომც მოეყოლა, არ დაიჯერებდნენ და ტყუილად გიჟად ჩათვლიდნენ. უკვე ჰქონდა ამის გამოცდილება. მკურნალობასაც რა აზრი ჰქონდა, მაინც ერთ დღეში ისე გაუქრებოდა ყველაფერი, ვითომც არც არაფერი ყოფილიყო.

* * *

მაგრად ჩათვრნენ იმ დღეს ბიჭები. არც ამას დაუკლია, მაგრამ სიმთვრალეზე  მეტად მოწყენილობამ შემოუტია. ვეღარ ჩერდებოდა, თან სცხელოდა უბედურად. ოფლი ასხამდა და სველი ტანსაცმელი აპკივით ეკვროდა ტანზე. წავედიო, დააგდო სიტყვა და გარეთ გამოვიდა. დიდხანს იბოდიალა ქუჩებში. ასე ბოდიალ-ბოდიალით ზღვასთან აღმოჩნდა. გაიძრო ტანზე და შევიდა.

წყალი არც ინძრეოდა. ღამეს ცა და ზღვა ერთ მთლიანობად ექცია. თვალები დახუჭული ჰქონდა. სახეზე გრძნობდა სიგრილის სიმშვიდეს. დრო გაჩერდა თითქოს. ეგონა, მთელი ცხოვრება ასე მისრიალებდა წყალზე და სხვა ამის გარდა არც არაფერი იყო სამყაროში.

თვალები გაახილა. უკან მოიხედა, ნაპირი ვეღარც დაინახა. შიშით არ შეშინებია. გადმობრუნდა და ზურგზე გაწვა. კარგა ხანს იყო ასე. ისეთი სიმშვიდე იყო აქ და თვითონაც ისე კარგად გრძნობდა თავს, უკვე აღარც იცოდა, უნდოდა თუ არა დაბრუნება. ყოველთვის არის რაღაც, რაც არ გინდა, მაგრამ ამის პარალელურად არის ისიც, რაც კიდევ უფრო არ გინდა. აი, სწორედ ეს უკანასკნელი აიძულებდა უკან დაბრუნებას. აქ დარჩენა რეალურად სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. ეს კი დიდად არ ხიბლავდა, მაგრამ ამაზე  მეტად ის აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა ექაჩებოდა უკან, ზუსტად  რომ იცოდა, მის აქ დარჩენას  მოჰყვებოდა. ის კი ისე კარგად გრძნობდა თავს, სულაც არ სურდა ეს ნირვანას მდგომარეობა  სხვების გასარჩევ-გასაქექი ყოფილიყო და მახინჯი დასკვნები ეკეთებინათ. ამიტომაც მთელი მონდომებით მოუსვა ხელი და იქით გაცურა, საითაც მისი ვარაუდით ნაპირი უნდა ყოფილიყო. დრო ისევ გაჩერდა.

არ იცოდა, რამდენ ხანს ცურავდა, მარტო იმას გრძნობდა, რომ ხელები დაუმძიმდა. ერთი დაძინება ქვეყანას ერჩია.  ფეხიც გაეკვანძა, ტკივილს იმდენად ვერ გრძნობდა, რამდენადაც  იმას, რომ სხეულს ვეღარ იმორჩილებდა. ცოტა ხანს კიდევ გაიბრძოლა, ერთი-ორი მოუსვა და გაჩერდა. თვალები დახუჭა. ქვევით დაეშვა… ყურები ასტკივდა.წყალი სიღრმისკენ ცივი იყო. ჰაერი აღარ ყოფნიდა. ინსტიქტურად პირი გააღო. ყლაპავდა მარილიან წყალს და თან ეფიქრებოდა, რომ ეს დასასრული იყო… უცებ რაღაცამ შეანჯღრია. თითქოს ვიღაცამ ხელი წაავლო. იგრძნო, რომ ზევით ექაჩებოდნენ. ტყვიასავით დამძიმებული ქუთუთოები ძლივს ასწია სანახევროდ. გრძელი, გაშლილი თმა, დიდი თვალები დალანდა… შიგადაშიგ გონებას ჰკარგავდა, მაგრამ იმდენად ჩარჩა ეს სახე, მაინც ახერხებდა წამიერად თვალის გახელას და მისთვის შევლებას. წყალი მაცდუნებლად ათამაშებდა დაბერილკერტებიან ძუძუებს.»არ ვიხრჩობოდე მაინც,»-გაუელვა გონებაში. ხელის შეხება მოუნდა, რაღაც არასასიამოვნო, ხორკლიანი მოჰყვა. ისევ გაახილა თვალი…» უკვე დავიხრჩვი ნეტა? სირინოზია ბლინ?..» მერე ისევ გაითიშა.

თვალი რომ გაახილა, ნაპირზე იწვა. ხელები საზიზღრად გაწებილი და ლორწოიანი ჰქონდა. ძლივს წამოდგა. იქვე ზღვის წყლით დაიბანა და ქვებზე დაწვა. შესცივდა. სახლისკენ წავიდა, კიდევ კარგი, რომ გვიანი იყო, ვერავინ ხედავდა. ხელები ეწვოდა, ექავებოდა.

შუქი აანთო და გული კინაღამ აერია. საზიზღარი სანახავი იყო. ორივე ხელზე რაღაც გამონაყრის მაგვარი ჰქონდა წითლად და ქავილი გულს უწუხებდა.მიხვდა, რომ დილამდე ვერ მოითმენდა. ჩაიცვა და საავადმყოფოს მიაშურა. ეგზემა გაქვთო, უთხრეს და მკურნალობაც დაუნიშნეს. მაშინვე იყიდა ყველაფერი, კიდეც დალია, კიდეც წაისვა რაღაც მალამო და ცოტა დაუამდა. მკვდარივით ეძინა. დილით ადგა და ხელებს დახედა. არაფერი აღარ ჰქონდა. ალბათ დამესიზმრა ყველაფერიო, გადაწყვიტა.

* * *

 ცდილობდა არც გაეხსენებინა ეს უცნაური ამბავი, თუმცა მაინც დღე არ გავიდოდა, რომ არ ეფიქრა ამაზე. ის დღე და რიცხვი ვერა და ვერ დაივიწყა.

ერთი წელი გავიდა. ერთ საღამოს საშინელი ქავილი იგრძნო. კალენდარს შეხედა… გული შეეკუმშა, ცივმა ოფლმა დაასხა. დახედა ხელებს და კინაღამ გული წაუვიდა. მეორე დღეს ექიმთან მივიდა და უთხრა, რაც სჭირდა, სულ რაღაც წინა საღამოს. ექიმმა დაეჭვებულმა შეხედა.

-აჰა, თქვენ გინდათ თქვათ, რომ წუხელ ეგზემა გქონდათ და დღეს სრულიად ჯანმრთელი ხართ და თანაც ყოველგვარი მკურნალობის გარეშე?

სხვა გზა არ მაქვსო,იფიქრა და იმ ერთი წლის წინანდელი ღამის ამბავიც მოუყვა.

-ერთი წუთით, გენაცვალე,-და ფურცელზე რაღაც დაწერა.-აი, გამომართვით, ეს ძალიან კარგი ფსიქიატრია, ჩემი სახელით მიხვალთ და მოუყვებით ყველაფერს. სავარაუდოდ, ეგ პარანოია უნდა იყოს.

«ეგებ მართლა გავრეკე? იქნება მართლა პარანოია მჭირს ან სულაც შიზოფრენია და ის ამბავიც ჰალუცინაცია იყო?»-დიდხანს ატრიალა ხელში ფსიქიატრის მისამართი. მერე წარმოიდგინა, როგორ მოაყოლებდნენ ყველაფერს, როგორ გამოურეცხავდნენ ტვინს, როგორ დააჯერებდნენ, რომ ის, რაც ეგონა, რომ მოხდა, სინამდვილეში არ ყოფილა და რომ მისი ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფია. მერე როგორ გაჭყეპდნენ წამლებით და ესეც განიკურნებოდა… და უცებ მიხვდა, რომ სულაც არ უნდოდა ეს განკურნება!

* * *

წლიდან წლამდე, თითქმის ყოველ ღამით, სიზმრისეულ პაემანზე გული უჩერდება გახელებული ვნებისგან… ქალის თმები სახეზე ედება და ასველებს… მერე ხელებს ხვევს და თავისკენ იზიდავს… ზღვის სუნი ასდის ქალს. ტუჩებს მარილის გემო აქვს, კერტები  სველია და ცივი… და აქ ეღვიძება… წელიწადში ერთხელ, სწორედ იმ დღეს და მხოლოდ ერთი დღით, ეგზემა ემართება… უყურებს გაწითლებულ-აქერცლილ ხელისგულებს და წვასთან და ქავილთან ერთად მათში გრძნობს სლიკინა, სველ, ცივ ძუძუებს, პირში მარილის გემო უჩნდება და ზღვის სუნი სცემს…

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

9 комментариев на «წელიწადში ერთხელ…»

  1. ასეც ხდება, კატარინა…

  2. ხო, მოლი, სადაც ადამიანის გონებაა, იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველაზე უცნაური და ამოუცნობი სამყაროა.

  3. 🙂 წერისას მეც მომინდა ეგ, მაგრამ მაინც ასე ვარჩიე და ღიად დავტოვე ეგ ამბავი 🙂

  4. რა მაგარია….

  5. ვიცოდი მოგეწონებოდა :*

  6. მომეწონა არ ქვია ამას, უფ, ძალიან ვისიამოვნე. :*

  7. მაკა:

    „…. ცოცხალი რომაა, სწორედ ამ ვერდაუფლებული არსების დამსახურებაა…„
    რა უინტერესო ცხოვრება ექნება სიზმრიდან სიზმრამდე …. რომ შეხვდეს …….

  8. თან მინდა, რომ შეხვდეს, თან არა

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s