ჩვენ ვთამაშობთ ჭვავის ყანაში

გაგიგიათ, ალბათ, ნათქვამი, რომ ერთი და იგივე წიგნი სხვადასხვა ასაკში უნდა წაიკითხო და ეს გეხმარება ამ წიგნის უკეთ ათვისებასა და შეფასებაში. მე პატიოსნად ვიცავ ამ წესს და ვთვლი, რომ ძალიან ამართლებს. წლებს თავისი მოაქვს და მიაქვს, ბევრი  რამის გადაფასება ხდება. ამიტომაც ზოგჯერ ისე გამოდის, რომ, რაც ადრე მოგწონდა და აღგაფრთოვანებდა, ახლა, ამ გადასახედიდან, ძალიან მარტივად, არაფრისმთქმელად ან უგემოვნებოდ გეჩვენება. რა თქმა უნდა, ამ წიგნს მეტად აღარც მიუბრუნდები და ის ავტომატურად ვარდება ცხოვრების მანძილზე რამდენჯერმე წასაკითხების სიიდან. მაგრამ არის გამონაკლისებიც. სწორედ ასეთი გამონაკლისია მსოფლიოში ყველაზე კარგი ბიჭის, ჰოლდენის, ამბავი.

«თამაში ჭვავის ყანაში»( რა ვქნა, მომკალით და ვერაფრით შევეგუე სათაურის ახალ ვარიანტს) ზუსტადაც ის წიგნია, არასდროს რომ არ კარგავს საინტერესოობას.

15 წლის ასაკში გავეცანი ამ წიგნს და ახლაც  მახსოვს ის ემოცია. წიგნმა ხომ გადამრია და გადამრია, ძილიც დამაკარგვინა… უიმედოდ შემიყვარდა ჰოლდენი…ჩემი უწესო, ყველასაგან განსხვავებული,გაუცხოებისთვის განწირული, სიყალბის ვერამტანი, მეამბოხე ბუნებით და სათუთი, მოსიყვარულე გულით… მაგრამ ასაკმა თავისი ქნა და ჰოლდენის სიყვარულმა მაინც შემიშალა ხელი წიგნის ბოლომდე აღქმაში. თუმცა ახლაც მახსოვს, რა სიამოვნებით ვკითხულობდი იმ ადგილებს, სადაც ჰოლდენი სკოლას და მასწავლებლებს დასცინის და გული მეფხანებოდა… ვხედავდი, როგორ ინახავდა ეს ვითომ უხეში, თავისნათქვამა ბიჭი იმ ბეიბოლის ხელთათმანს და ცრემლები მახრჩობდა… ვხედავდი, როგორი სიყვარულით მისჩერებოდა თავის პატარა დაიკოს და გული მითბებოდა…

მოკლედ, ასე დაიწყო და არასდროს აღარ დამთავრდა… ვიღებ, ვკითხულობ და ისევ ისე კი არა, უფრო მეტად და მეტად მიყვარდება და მომწონს…

წლების მერე ეს ამბავი აღარაა ჩემთვის ერთი უცნაური ბიჭის ისტორია. ესაა წიგნი სტერეოტიპების მსხვრევაზე, განსხვავებულობის სირთულეებზე, სიყალბისა და თვალთმაქცობის ზეიმზე, რომელსაც ისე მოუცავს სამყარო, რომ სინამდვილე სადღაა, აღარც კი ჩანს…ესაა წიგნი მეამბოხე სულის პრინციპულ ადამიანზე, რომელსაც არ აშინებს ძნელი გზით სიარული, არ ეძებს მარტივ გასაძრომებს ცხოვრებაში, რომელსაც არ სურს გადაკეთდეს…

სხვებისთვის ის შეიძლება გიჟია, ან ძნელადაღსაზრდელი, შენთვის კი, მკითხველისთვის, მაგალითია.

სელინჯერი თავისი გმირის მეშვეობით დასცინის მეშჩანურ-სნობურ საზოგადოებას და ეს დაცინვა ჩემთვის მისაღებია, დამაჯერებელი და მოსაწონი, ბეგბედერისგან განსხვავებით…

ამას წინ კიდევ ერთხელ გადავიკითხე. მეგონა არაფერი დამრჩა ჩასაკირკიტებელ-გამოსაქექი, მაგრამ ისევ შევცდი… სიზმარი, ჰოლდენის სიზმარი!!!გახსოვთ, ხომ, ყანაში რომ  დარბის და ბავშვებს იჭერს, რომ არ გადაცვივდნენ უფსკრულში? და ახლა, ამ გადასახედიდან კიდევ ერთი ჭეშმარიტება ამოვიკითხე ამ სიზმარში, რომელიც მე ხილვას უფრო მაგონებს:

ჩვენ, ყველა, ვთამაშობთ ჭვავის ყანაში-ეს ცხოვრებაა… ყანა უფსკრულის პირასაა და დიდი შანსია, თუკი გაქანდები, გადაიჩეხო- ცხოვრება ხომ დაუნდობელია და ისე გადაგკარგავს და გაგაცამტვერებს, თუ შეჰყევი ოცნებას და მის დევნას, რომ კვალიც აღარ დარჩება შენგან…ჩვენ ვთამაშობთ და ამ თამაშში ვასრულებთ ყველაზე მძიმე და უარყოფით როლს-ეს ადამიანია… ამ რთული და სასტიკი თამაშის მსვლელობისას ძნელია შეინარჩუნო  ბავშვობა, ის ყველაფერი კარგი, რაც ბავშვობიდან მოგყვება…ასე მგონია, ჩვენც ჰოლდენივით უნდა დავდევდეთ საკუთარი ბავშვობის ნამსხვრევებს, რომ გადავირჩინოთ და არ გადაგვიცვივდეს უფსკრულში… რაც მეტს გადავირჩენთ, უფრო მეტად შევინარჩუნებთ ღირსებას და ადამიანობას…

ცხოვრება არჩევანია. ჩვენ ვირჩევთ ვინ ვიყოთ, როგორები ვიყოთ, რომელი გზით გვირჩევნია სიარული…

მოკლედ, დაუსრულებლად არჩევნის კეთებაა ცხოვრება და ეს თითოეული ჩვენგანის ხასიათზე, გენეტიკაზე, მონაცემებზე და კიდევ უამრავ რამეზეა დამოკიდებული. თუმცა ერთი არჩევნის გაკეთებას დიდი ფიქრი არ სჭირდება- გადმოიღეთ თაროდან  სელინჯერი და ბერჯერ გადაფურცლეთ მსოფლიოში ყველაზე კარგი და საინტერესო ბიჭის ამბავი…

Запись опубликована в рубрике წიგნები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

23 комментария на «ჩვენ ვთამაშობთ ჭვავის ყანაში»

  1. …da ra aris axali satauri? ratom da saidan gachda?

  2. თარგმანის ახალ ვარიანტშია » კლდის პირას ჭვავის ყანაში». ისე ახალი თარგმანი სჯობს, უფრო ხარისხიანია, მაგრამ ძველ სათაურს ვერ შეველიე 🙂

  3. mec dzveli satauri upro momcons — dzalian axlobelia! (h)

  4. tanac es axali rusuli satauris kapirovkas hgavs.

  5. :), ხო, რა ვიცი, ვითომ ინგლისურ სათაურს უფრო ეს შეეფერებაო. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ამით წიგნს არც ემატება რამე და არც აკლდება 🙂

  6. inglisurtan sul araper shuashia! inglisurad aris «The Catcher in the Rye», anu damcheri chvavshi (shvavis kanashi). damcheri (the catcher) baseballis terminia, anu tamashis. kvelanairad gamodis, rom simartl;e chvens mxarezea — dzveli satauri upro scorea! 🙂 🙂 🙂

  7. იშვიათი სისუფთავის და უაღრესად ალალ-მართალი წიგნი.

    სიზმრის შენეულ ახსნაში გეთანხმები და ისიც მართალია, რომ ამ წიგნს ასაკი აქვს. ახლაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე, მაგრამ იდეალური მაინც 14-16 წელი მგონია.

    ახალი თარგმანი ძველზე ბევრად უკეთესია. ბევრად. და სათაური არც ძველი მეხამუშება და არც ახალი. ორივე კარგია.

  8. მეც მაქვს წაკითხული და სადღაც მეც 13-14 წლის ასაკში წავიკითხე, მეც მაგრად მომეწონა! 🙂

  9. შენ მოგისწრია კარგ დროს, ცოტნე.

  10. ერთი კითხვა მაქვს ავტორთან, ცოტნესთან და ყველა მკითხველთან — წიგნის ბოლოსკენ არაფერი მოგხვდათ გულზე? რამე, რაც არ გესიამოვნათ?

  11. 15 წლის ასაკში მასწავლებლების «მტერი» ჰოლდენი უფრო შთამბეჭდავი იყო, ვიდრე ჭვავის ყანის მსგავსი ცხოვრება. 5 წლის შემდეგ უკვე შეიცვალა აღქმა და ალბათ ასაკთან ერთად კიდევ ბევრ დეტალს აღმოვაჩენ : )

  12. ნამდვილად იყო რაღაც, რაც არ მომეწონა და მომხვდა გულზე და ეს სწორედ სხვა ასაკში გადაკითხვისას მოხდა. ამიტომაც არაა მარტო 13 წლის ასაკში წასაკითხი წიგნი, მაგ დროს იმას ვერ დაინახავ, რაც ახლა არ მომეწონა… ნაწარმოების ბოლოსკენ ჰოლდენი სხვანაირია, თითქოს დამორჩილებული და «ნამკურნალევი» და იქმნება შთაბეჭდილება, რომ «გამოასწორეს»…

  13. ნამდვილად, გეთანხმები და ამიტომაცაა კარგი წიგნი 🙂

  14. სწორი შეფასებაა, გეთანხმები 🙂

  15. მე წანაკითხი არ მაქვს და ნერვებმოშლილი დავდივარ. ყველა ბლოგერს დანაწერი აქვს ან ფამუქზე ან სელინჯერზე. მე კიდევ გავიჭედე ჩემს როულინგზე :((((

  16. სამაგიეროდ მაგაში არის ხიბლი პირველად წაკითხვის და რომ წაიკითხავ, მერე შემომეხმიანები 🙂

  17. სელინჯერი ჩემი უსაყვარლესი მწერალია ❤ არც ერთ სხვა მწერალს არ მიუცია ჩემთვის იმდენი, რამდენიც მან მომცა ❤ ეს წიგნი რომ წავიკითხე, მახსოვს 16 წლის ვიყავი. და ყველაფერი თავდაყირა დააყენა ჩემში ^^ იმდენი ფიქრი დავიჭირე, რომელიც როგორც მეგონა მხოლოდ მე მაწუხებდა… მას მერე ყოველ წელს ვკითხულობ დიდი სიამოვნებით. ამ წიგნის წყალობით სელინჯერის ყველა სხვა დანარჩენ ნაწარმოებებსაც გავიცანი, რომლებმაც კიდევ უფრო შემცვალა =))) (კი გამომივიდა ვეფხისტყაოსანი, მაგრამ ნამეტანი მესიამოვნა ამ წიგნის გახსენება ^^)

  18. რას ამბობ, ვგიჟდები მასეთ «ვეფხისტყაოსნურ» კომენტარებზე 🙂

  19. მეც სიგიჯემდე მიყავრს ეს წიგნი და არაჩვეულებრივად გაქვს შეფასებული მისი შინაარსი

  20. ყველაზე საინტერესოდ კი არა ყველაზე უინტერესო ბიჭად მიმაჩნდა ჰოლდენი. :ხ ნამდვილად იმის ბრალია,რომ ასეთ მცირე ასაკში წავიკითხე. )) სწორი ხარ აბსოლიტურად პირველ ორ ფრაზაში და დანარჩენშიც წიგნის შესახებ.
    უბრალოდ მაშინ,სულ სხვანაირად დავინახე ჰოლდენი,მოსაბეზრებელ,ამპარტავან,უაზრო ტიპად,რომელიც გამუდმებით ძალით ეხვეოდა შარში..
    მაგრამ ახლა.. ) ვერ ვიტყვი,რომ რადიკალურად შემეცვალა შეხედულება,მაგრამ მესმის მაინც მისი.ახლა თითქოს ძალიან ვგავართ ერთმანეთს,უბრალოდ ის ბიჭია და მე გოგო..

  21. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ მეტ მსგავსებას იპოვი და გარდა ამისა კიდევ ბევრ ახალ რამეს აღმოაჩენ.კარგი წიგნის ყოველი თავიდან წაკითხვა აღმოჩენაა.

  22. მეც უზომოდ მიყვარს ეს წიგნი. მე ცოტა დიდი ვიყავი რომ წავიკითხე, 17-ის, მაგრამ აღფრთოვანება ნაკლები არ მქონია. მამაჩემს ვუკითხავდი ხოლმე ციტატებს და დიალოგებს, თან მიკვირდა ამდენი სლენგი და ჟარგონი, თან კიდევ მომწონდა… ❤

  23. ზუსტად მაგ სტილის გამოა ასე ადვილად მისაღები და ნამდვილი, თუმცა ძველი თარგმანის სლენგი მაინცდამაინც ვერ დაიტრაბახებდა, მაგრამ მაინც შედეგიანი იყო.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s