იავნანა პალანიკურად

  ბევრი კარგი წიგნია, საბედნიეროდ, ამქვეყნად. ამ ბევრიდან, თავს არ დავდებ, რომ უზომოდ ბევრი — მეთქი, მაგრამ არც ისე ცოტა მაქვს წაკითხული და ასე თუ ისე, გარკვეული აზრის ჩამოყალიბება მათ შესახებ, უკვე შემიძლია. კარგი წიგნების ღირსებები  ისედაც გასაგებია: ღრმა აზრი, საინტერესო სიუჟეტი, საინტერესო და დასამახსოვრებელი პერსპნაჟები, იდეა, მხატვრული ხერხები და ასე შემდეგ. მე, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ კარგი წიგნების ნაკლით მინდა დავიწყო ჩემი პოსტი
— ისინი მძიმედ იკითხებიან. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება და ეს არც იმას ნიშნავს, რომ რაც იოლად არ მიდის რიხინ — რიხინით და გაწვალებს, ის არ მომწონს. ამაშიც არის ერთგვარი აზარტი და დიდი სურვილი, ბოლოს და ბოლოს ჩაწვდე, რა უნდა ავტორს.

გარდა ამისა, ნაწილი ამ კარგი წიგნების ნამდვილად დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დატოვებს შენზე, ბევრსაც შეგძენს, დაგაფიქრებს, მაგრამ რატომღაც მეორედ წაკითხვის სურვილს არ გიჩენს. თუმცა არის ისეთებიც, რომლებიც ისე გაყვარებენ თავს, რომ ბოლო თავის ჩამთავრებისთანავე იცი ზუსტად, რომ კიდევ არაერთხელ წაიკითხავ და რომ ეს შენი ცხოვრების წიგნად რჩება.

პალანიკის «იავნანაც» ასეთია. აქ არც ერთი სიტყვა არაა ზედმეტი. აქ ვერ ნახავთ გადაპრანჭულ ფუჭსიტყვაობას, ვერ ნახავთ ვერც ერთ ნიუანსს, რომელზეც გაგეფიქრება, რა საჭირო იყოო.

პირადად მე ყოველთვის მღლის პეიზაჟი და ჩაცმულობის თუ ვარცხნილობების და ინტერიერ — ექსტერიერების დაწვრილმანებული გაწელილი აღწერა, ხანდახან კიდეც ვახტები ხოლმე, ვამხელ ცოდვას. აქ ამას ვერ იზამთ. ყველა დეტალი, რაც კია, საჭიროა და კითხვისას ხვდები, რომ თითოეულ ფილას ანტიკვარიატის მაღაზიაში, თითოეულ ნივთს, რომელიც აქ დგას, თითოეულ გამვლელს, რომელიც გაიელვებს თქვენს წინ თავის დატვირთვა აქვს და უამისოდ დაიკარგებოდა რაღაც.

ელენის ჩაცმულობა! რამდენ დროს უთმობს ავტორი, რამდენ ვარიანტს გთავაზობს, რამდენ ფერს( თან როგორ ფერს!) და ვერც ერთს ვერ კითხულობ ისე, მიფუჩეჩებით.

ახლა პერსონაჟები? აქ ვერ ნახავთ იდეალურ გმირს და, ალბათ, სწორედ ამიტომაა ასე ნამდვილი შენთვის ის ბოდვა, რაც აქაა. ხო ბოდვა! სხვას ვერაფერს დავარქმევ. ბოდავს, მაგრამ როგორ?! თვალს ვერ მოწყვეტ. კადრები ცოცხლება შენს თვალწინ. ხედავ ყველაფერს და თითქმის მონაწილეც ხდები. ეს სწორედ ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა კარგი წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. დაიწყე? მაშინ ვერც გაუშვებ ხელიდან და სანამ ბოლო ფურცელს არ ჩაიკითხავ, ვერ მოისვენებ, თუმცა ვერც დამთავრების მერე მოისვენებ. ემოციები შეგჭამს და გაგაშტერებს.

აქ არ გატყუებენ! ესაა ნიმუში იმის, როგორ შეიძლება მიაწოდო მკითხველს მწარე სინამდვილე შეულამაზებლად, არ დააბოლო, რომ ცხოვრება მშვენიერია, არ მოუწოდო იცხოვროს ოცნებებით და სულაც არ გააბოროტო, სულაც არ დააბინძურო და არ დაუმახინჯო ღირებულებები.

აქ მწერალი სიმახინჯესაც ისე გაჩვენებს, მოგწონს, რადგან ხვდები, რომ ამას ქულების ჩასაწერად და უაზრო პოპულარობისთვის არ აკეთებს. გზარავს, მაგრამ იცი, რომ უამისოდ ვერ შედგებოდა ვერც წიგნი და ვერც პერსონაჟი და მისი სულიერი სამყარო. მაგალითად, როცა ელენის შვილის ცხედარი იმსხვრევა, ცვივა ხელი, ფეხი, თავი, ენარცხება იატაკს და იფშვნება, ხელი, რომელიც შერჩა ელენს ხელში იხრწნება და სისხლად მოდის ძირს… ცუდად ხდები, მაგრამ აბა უამისოდ როგორ გაიგებ ამ ქალის ტრაგედიას?! სინამდვილე და არა ნატურალიზმი! ეს მხოლოდ გენიოსს შეუძლია, გაიაროს ბეწვის ხიდზე და ერთხელ არ დაარღვიოს ოქროს შუალედი, გამყოფი რეალობასა და ნატურალიზმს შორის.

ესაა წიგნი, სადაც ჰოლივუდურ ექსრტემსა და სპეცეფექტებს მიღმა დიდი ფილოსოფიაა.

იდეალური ადამიანი არ არსებობს. ყველა ჩვენგანში მკვლელი იმალება. არავინ არავიზე უკეთესი არაა და არავის აქვს უფლება ამტკიცოს, რომ სხვაზე მეტია, რადგან საქმე საქმეზე რომ მიდგეს, სწორედ ასეთი სჯობნის იმ ვითომ მკვლელს ბოროტებაში.

აქ გეუბნებიან, რომ წარსული შენი თანმდევია, რაც არ უნდა მოინდომო გაექცე მას, ვერ გამოგივა. იქ დაშვებული შეცდომების არ უნდა შეგეშინდეს, თვალი უნდა გაუსწორო, თორემ აწმყოს შენებაც სათამაშო ასაწყობი სახლის აგებას დაემგვანება, რომელსაც მერე შენივე ფეხით დალეწავ… მომავალი კი ყოველთვის ბუნდოვანი იქნება, ვერაფერს გაარკვევ და აუცილებლად სხვების საკარნახევი გახდება… შენ კი განწირული იქნები იმისთვის, რომ სწორედ სხვამ დაგიგეგმოს, ცხოვრება როგორ გააგრძელო და შენც დამორჩილებული ივლი მის ჭკუაზე.

«…может быть, мы попадаем в ад не за те поступки, которые совершили. Может быть, мы попадаем в ад за поступки, которые не совершили. За дела, которые не довели до конца.»- გეუბნება ავტორი და გიბიძგებს ბრძოლისაკენ.

ძალაუფლება — ის, რისი მოპოვების სურვილიც მართავს ყველას, დაწყებული ხელისუფლებიდან და მასმედიიდან, დამთავრებული სულ უმნიშვნელო ადამიანით.მის წინაშე ყველა უძლურია და მისი მოპოვების სურვილი ყველას აკარგვინებს ადამიანის სახეს.

ადამიანები — სიჩუმეფობები, მოსმენაფობები, აბა რამდენია თქვენს ირგვლივ?ლაპარაკობენ, მაგრამ არ გისმენენ…

ტელევიზორი, როგორც ალტერნატივა ორუელისეული უფროსი ძმის, რომელიც ყველგანაა, გაშტერებს, უკრავს, მღერის, გაჰყვირის შენივე «კეთილდღეობისთვის», რომ არ იფიქრო, არ იაზროვნო…

ყველაფერი შენს სამართავადაა, ღმერთიც, უფროსი ძმაც, ტელევიზიაც და სენტიმენტებიც…

«Палки и камни могут покалечить, и поосторожнее со словами…»- ეს ნაწყვეტია იმ იავნანასი, სუკუნოდ რომ აძინებს ყველას. სიტყვითაც შეიძლება მოკლა…

ეს წიგნი არ გიტოვებს ამაღლებულ განწყობას, მიწაზე გახეთქებს, ცხვირით გათხრევინებს ტალახს, სიბინძურეს და დაუნდობლად გიჩვენებს სამყაროს რეალურ სახეს. შენც ხვდები, რომ ზუსტად ასე გიფიქრია ბევრჯერ და შენც რომ გცოდნოდა ასეთი იავნანა, ალბათ ბევრს მიაძინებდი დიდი სიამოვნებით.

აქ ვერ ნახავთ მოხატულ — მოფერადებულ რომანტიკას, ამაღელვებელ ეროტიკას, მაგრამ ელენისა და კარლის ეშმაკის ბორბალზე ყოფნის სცენაზე რომანტიკული კაი ხანია არაფერი წამიკითხავს… მათი ფრენისა და ჰაერში შერწყმა-გამთლიანების ეპიზოდზე ეროტიკულიც არაფერი მახსენდება…

მოკლედ არც ვიცი, რომელი ერთი…მაგრამ ტრადიციას არ დავარღვევ და სრულ ანალიზს არ შევყვები, რადგან, ვისაც უკვე წაკითხული აქვს ეს წიგნი, ის ისედაც შეაფასებს(იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში) მის ღირსებას და ვისაც არა, ეგებ ასე უფრო დაინტრიგდეს და წაკითხვის სურვილი გაუჩნდეს.

იფიქრეთ წარსულის შეცდომებზე, აშენეთ აწმყო, იბრძოლეთ მომავლისთვის და ხანდახან დაუსვით თქვენს თავს პალანიკური კითხვა: «Может быть, люди – это просто домашние крокодильчики, которых Бог спустил в унитаз?»

Запись опубликована в рубрике წიგნები с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 отзыва на “იავნანა პალანიკურად

  1. მართლა კარგი წიგნია 🙂 მაგრამ პალანიკის მთავარ წიგნზე სხვა სიტუაციაა, ფილმი ბევრად უფრო დახვეწილია 🙂 ყველა ჯურის რევოლუციონერების და ლევაკების კინო ბიბლიაა

  2. » მებრძოლთა კლუბს» გულისხმობ? თუ კი, გეთანხმები, ფილმი უკეთესია

  3. Уведомление: 10 წიგნი « ჭიამაია

  4. ხო, ვნახე ეგ სია 🙂 და მოგიწონე.

Оставьте комментарий