ჩემი თურქული არდადეგები

სიტყვა არდადეგებმა არ დაგაბნიოთ. კაი ხანია გავცდი საარდადეგებო ასაკს, მაგრამ რაკი უამრავი წლის შემდეგ ძლივს გამომივიდა მარტო, ოჯახის გარეშე, წასვლა და ყოველგვარი პრობლემისგან შორს ყოფნა, ამიტომაც არდადეგები დავარქვი. მაშ ასე. ჩემი მოგზაურულ-დამსვენებლური ჩანაწერები:

მგზავრობა

აეროპორტში საგულდაგულო გასინჯვის შემდეგ( უკვე ველოდი, რომ გინეკოლოგიურ სავარძელზეც ამათრევდნენ), თვითმფრინავში ჩავსხედით. ერთი ადგილიც არაა ცარიელი. სულ ქართველები არიან და უმეტესად მამრობითი სქესის წარმომადგენლები, ასაკი 18-25 წელი, ჯგუფ-ჯგუფად, აჟიტირებულად და აჭყლოპინებულ-აცმუკებულად. ეტყობათ, კარგად არიან ინფორმირებულები და დასალაშქრად ემზადებიან :). ვუყურებ მათ ზურგჩანთებს და ასე მგონია, პრეზერვატივებით აქვთ სავსე. მე ილუმინატორთან ვზივარ…
ჩემს მეგობარს აფრენის ეშინია( დაფრენისაც), ამიტომაც არც შემკამათებია. ისეა ჩაფრენილი ჩემს ხელზე, გეგონება, რამეს ვუშველიდე, მართლა რომ რამე მოხდეს.  მალე თუ არ გავწორდით, მე გავხდები საშველი, ძარღვები უკვე კისრამდე ამომებურცა მარჯვენა ხელზე და სისხლი გამიჩერდა. არადა, ვერც ვერაფერს ვეუბნები. გვეშველა. უკვე საჭირო სიმაღლეზე ვართ. წიგნის კითხვა დავიწყე. შიგადაშიგ ვწყვეტ და ქვევით ვიხედები.

ღრუბლებს ზემოთ სხვანაირია ცა. კარგია.

ცოტა მეძინება. ვხურავ წიგნს და ვცდილობ მოხერხებულად მოვეწყო, რამდენადაც ეს შესაძლებელია ეკონომკლასის სალონში. ის ისაა უნდა წამიღოს ძილმა, რომ უკნიდან ისე გააჯაყჯაყეს სკამი, გული გადამიქანდა. ისევ ვცადე, მაგრამ იგივე განმეორდა. წინა სკამებზეც იმ აჟიტირებულ ყრმათაგან 3 ზის და იმხელა ხმაზე როხროხებენ, საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი ამ განზრახვაზე. კარგია, რომ უკვე შეიძლება ტელეფონის ჩართვა. ვაერთებ ყურსასმენებს და ვირჭობ ყურებში. ვაგრძელებ კითხვას. ერთხელ კიდევ მოუწია განსაცდელში ყოფნა ჩემს მარჯვენა ხელს(ისე მე აფრენა უფრო გამიჭირდა) და კიდეც დავჯექით(აქ დავსხედით არ უხდება რაღაც 🙂 ).

ანტალიის აეროპორტში ჩემდა გასაოცრად რუსი გოგო დაგვხვდა. მას ევალებოდა ჩვენი სასტუმროებში დაბინავება. მინიავტობუსში ორი მოხვდა იმ აჟიტირებულთაგან და მაშინვე საქმეს შეუდგნენ.მერე რა, რომ ის გოგო ისეთი საშინელება იყო, ამდენ რა დალევსო, ხო გახსოვთ? რა არის რა ეს რუსული, რა დალოცვილი ენაა, გაიგონებენ თუ არა ქართველი მამრები, ეგრევე ერექცია ეწყებათ :))). დაიძრა თუ არა ავტობუსი, რაღაც უცნაური სიმსუბუქე ვიგრძენი. ირგვლივ ყველაფერი უცხოა, არავის არ იცნობ, არაფერი გესმის და არც მათ ესმით შენი.რა მაგარია! ხარ მოწყვეტილი ყველაფერს და ხარ სრულიად თავისუფალი ყველა ვალდებულებისგან. უკვე ვხვდები, რომ ეს 6 დღე დაუვიწყარი იქნება. ცოტა ხანში სასტუმროც გამოჩნდა.

WEROLA BEACH — აბა, როგორ ჟღერს? კარგად ხომ? ნუ აჩქარდებით დასკვნების გაკეთებაში. დაგავიწყდათ, რომ თურქეთში იმყოფებით? აქ ხომ ტყუილი და თვალთმაქცობა წესად აქვთ.  ჩვენი სასტუმრო, როგორც სახელით, ისე ვარსკვლავების რაოდენობითაც მომხიბლავია. ცოტა სულაც არაა 4 ვარსკვლავი. თუმცა აქაც ნაადრევი აღმოჩნდა სიხარული. არასდროს ენდოთ თურქეთის სასტუმროების სახელებს და ვარსკვლავებს. ხშირად ისინი ჩვენი ესტრადის ვარსკვლავებივით უვარგისები და ყალბები არიან. როგორც მერე გავარკვიეთ, თურმე აქ მთელი ბიზნესია მაგ ვარსკვლავების ყიდვა-გაყიდვის. ანუ რეალურად სასტუმრო იღებს 2 ვარსკვსვლავს და ყიდულობს მესამეს ან იღებს 3-ს და ყიდულობს 1-ს ან იღებს 2-ს და ყიდულობს სულაც 2-ს. მგონი ჩვენი სასტუმრო ბოლო ვარიანტია:  ადგილმდებარეობა-ცენტრიდან უშორესი, სადღაც გადაკარგულში, ირგვლივ მშენებარე და ათხრილ-დათხრილი ადგილებით. ზღვა მოშორებით და კეთილმოუწყობელი პლაჟით.  ლიფტი არ მუშაობს, არადა გარედან ისე მომხიბლავად გამოიყურება, რომ ნერწყვი მოგივა. დღეში იმდენჯერ გვიწევს მეხუთე სართულზე ასვლა-ჩასვლა, ცოტა ხანში ალბათ ევერესტსაც დავლაშქრავთ უპრობლემოდ.  ნომერი წარმოუდგენლად პატარა, ძალიან კარგი საწოლებით. დიდი ვერაფერი ოთახია, მაგრამ  ინდირას ოთახში დასვენებას ჩვეულს მაინც მომწონს ( მიხვდით ალბათ, ინდირასთან ოთახს ვქირაობდი აჭარაში). კვება- განსაზღვრულ დროებში, თუ გადააცილე, კარგად მეყოლე. არადა ვერც ვერსად გახვალ, რომ თვითონ უშველო თავს, ირგვლივ არაფერია. აი ახლაც, აქაური დროით 12 საათია. მოვედით დაღლილები, მშივრები, მწყურვალები და მშვიდად გამოგვიცხადეს, ყველაფერი დაკეტილიაო. წყალიც კი არ დაგვალევინეს. სიმწრით მეტირება ისე მწყურია, შიმშილს ვინ ჩივის. მახსენდება კადრი ფილმიდან «მხიარული რომანი».

და  ვცდილობ ამავე ინტონაციით გავიმეორო. ვიცინით ბევრს და ამ წუთიდან არდადეგების ბოლომდე ეს ჩვენი განუშორებელი ფრაზა იქნება.  სხვა რა გზაა, ვიღებთ შხაპს, ვუმეორებთ ერთმანეთს, რომ სულ არ გვწყურია და ვიძინებთ.

დღე პირველი:

დილით დაფეთებული ვდგები 7-ზე, რადგან მაღვიძარა არ დავაყენე არაფრით და ჩემმა მეგობერმა ისეთი სახით მითხრა, რომ არ გაგვეღვიძოს და დაგვაგვიანდეს საუზმეზე, არ ვიცი რას გიზამო,ლამის ყოველ საათში ვიღვიძებდი და ტელეფონს ვამოწმებდი, ხომ არ გვაგვიანდებოდა. მოკლედ, ვდგებით 7-ზე, ვწესრიგდებით და ჩავდივართ სასადილოში(ეს ისტორიაში ჩასაწერი დღეა- ვსაუზმობ! ბავშვობის მერე ასეთი რამ არ მიქნია). სასადილოში, მართალი,ა გაკრული წარწერა გვამცნობს, რომ ჩვენს წინაშე რაცაა, შვედური მაგიდაა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის უცნაური წითელი ჯიშის კომბოსტოს ბენეფისი, იქვე გვერდით სტაფილო გახეხილი, აქეთ რაღაც მწვანილეულობა დაჭრილი…მოკლედ ამდენ ბალახეულობაში ძლივს ვიპოვე ყველი და გახარებულები ვეტაკეთ, რომ რამდენიმე ნაჭერი მაინც შეგვხვედროდა. ჩამოვისხით ყავა და ვანუგეშეთ ერთმანეთი, რომ ალბათ საუზმე ბოსტნეულით იციან და მერე რამე იქნება. სადილზე, რომელიც  1-ზე იწყება და 3-ზე მთავრდება, იგივე მენიუ დაგვხვდა, ნუ მაკარონით და ბრინჯით გამრავალფეროვნებული. აი აქ ცოტა დავეჭვდით. და როცა ვახშამზეც დიდად არაფერი შეიცვალა, უკვე მივხვდით, რომ იძულებითი მარხვა მოგვიწევდა ამ დუშმანთა ქვეყანაში. მოკლედ ასე  გაგვიშვეს საბალახოდ ეს ორი მწვად-ქაბაბ-კოტლეტის მოყვარული ქალი. მაგრამ ხომ გაგიგიათ, ყველაფერს ეჩვევა კაციო? ჩვენც მივეჩვიეთ და დღეს შემწვარი კარტოფილის დანახვაზე ისეთი ყიჟინა აღმომხდა, სწორედ დიდგორის ბრძოლას თუ მოუხდებოდა.
მენიუ ხომ მრავალფეროვანია, მაგრამ ეგ კიდევ არაფერი, ახლა იწყება მთავარი: თანადამსვენებლები, ანუ ვინ ისვენებს ამ სასტუმროში. თანადამსვენებლები ესენი ძირითადად არიან რუსები, თურქები, აზერები და მგონი თურქმენებიც. ქართველი ჩვენ გარდა არავინაა. ახლა წესით უკვე უნდა ხვდებოდეთ, საითაც მივდივარ. ამდენი უწესო, უსაქციელო და ჭამის მონა ხალხი ერთად, საშიშია. ახლა არ დამიწყოთ, არც ქართველები ვართ ნაკლებიო. აი, ესენი რომ გენახათ, ამას არ იტყოდით, თანაც აქ ქართველი მარტო ჩვენ ვართ და ჩვენ  კიდევ არ ვართ მასეთები.

რუსების ნათურქალ-ანაოხრები სასადილო, ანუ რაც გვხვდება მათი თარეშის შემდეგ 🙂

მთელი დღე ისმის თურქული სიმღერები და მგონი ,მენატრება ქობულეთის რეპერტუარი :))

როგორც გითხარით, დამსვენებლებში რუსები სჭარბობენ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამაზე მდაბიო და სამრცხვინო ერი არ არსებობს, ამიტომაც ვერ იტანს ვერავინ. შიათ თუ არ შიათ, ღორებივით ასკდებიან ყველაფერს. მუქთაა და აბა ხომ არ დატოვებენ? მაგრამ მათ საქციელზე მეტად ის მაოცებს და მაცოფებს, კიდევ რომ არიან ჩვენში ისეთები, ესენი რომ ენატრებათ. რუსებს ტოლს არც დანარჩენები უდებენ. მოკლედ, მე და ჩემი მეგობარი ფონს ვარღვევთ საქციელითაც და ვიზუალითაც. სად შეიყარა ამდენი მახინჯი და გოიმი არ ვიცი.

                                          ერთი მათგანი, თან სულ სარკეში იყურება

                              საქოს ჩლიქები-საქო შემოკლებით საქონელი, ნათიამ შეარქვა 🙂

                                                        აუზზეა :დდდდ  


მოკლედ, ამათ ფონზე ჩვენ ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავები გამოვჩნდით. სახელებიც მოვიფიქრე: მე, რაკი უკვე უყავისფრესი ვარ, ნაომი ვარ, ნათია კი, რაკი ქერაა-ლინდა :დდდ.



დღე მეორე :


სასტუმროში მომუშავეები და ჩვენ.
ჩვენი სასტუმროს მენეჯერი, ფერჰათი, თავს დაგვტრიალებს და ერთობ ინტერესდება ჩვენი შეფასებებით და შენიშვნებით, რაც მრავლად გვაქვს. იცის ბიჭმა, ვის ჰკითხოს! აუზზე ყოფნისას, რომელიც ისე პატარაა, რომ თავფეხშექცევით ვცურავთ, ეს ჩვენი ფერჰათი ჩემი შეზლონგის წინ ზის და ზის და იღიმება. როცა ვცურავ, დგას და ასევე ღიმილით ადევნებს თვალს ჩემს ხვანხვალს წყალში.
                                             ფერჰათი-სასტუმროს მენეჯერი


ოფიციანტები: ქადირი(ანუ მიშა, როგორც თვითონ გვითხრა) და ზაზა(რატომ და საიდან ეს სახელი, არავინ იცის). ქადირი უიმედოდაა შეყვარებული ნათიაზე.უღიმის და უღიმის, ხან წვენი მოაქვს ჩვენთვის, როცა მზეზე ვწევართ, ხან ნამცხვარს გვთავაზობს, მოკლედ, ლამისაა კანიდან ამოვარდეს.

                                                      ქადირი-ანუ მიშა

მეორე, ანუ ზაზა, საოცარი გარეგნობისაა. ნათიამ დარვინის ხელოვნება შეარქვა. 
                                                 დარვინის ხელოვნება 🙂
მოკლედ, აქ დიდი პოპულარობით ვსარგებლობთ ეს გურჯი ხანუმები. თან ხედავენ, რომ გვიანობამდე ჰოლში კომპით ვზივარ და ვწერ რაღაცას და ალბათ ორჰან ფამუქი ვგონივარ( თუმცა მეეჭვება რომელიმემ იცოდეს, ვინაა ეს).
ნათია უსაქციელოდ იქცევა. საოცრებებს ეუბნება ამათ ქართულად, თან ღიმილით და მე ისეთი მემართება ამ დროს, მეშინია არ დავიხრჩო სიცილით.
-ოე, ოსმალ!-აი ასე მიმართავს.:დდდდ. მერე თუ რამე არ მოეწონება, ერთი გემოზე კიდეც შეუკურთხებს ამათ წინაპრებს და წინდაცვეთის რიტუალსაც ხშირ-ხშირად ახსენებს ხოლმე.
ზურნა-დუდუკის ჭყვიტინმა და აქაურმა ესტრადამ უკვე გამილაყა ტვინი. ამიტომ სულ ყურსასმენები მაქვს გარჭობილი და უკვე მეშინია, არ შემეხორცოს.

                             ლიფტი კვლავ არ მუშაობს 🙂

დაკვირვებამ და აქაურობის კარგად შესწავლამ გვაჩვენა, რომ აქ გართობის არანაირი შანსი არაა, თუ არ ჩავთვლით ნათიას დიალოგებს აბორიგენებთან. ამიტომ დავიწყეთ აქტიური ტურისტული ცხოვრება. ჩავეწერეთ ექსკურსიებში. დღეს თურქულ აბანოში ვიყავით.
                                                    ჰამამი-თურქული აბანო.
ჩავედით სარდაფის ტიპის შენობაში. სიბნელეში ძლივს არჩევ სახეებს, თუმცა ეს ალბათ უკეთესიცაა, რომ ერთბაშად ამდენი მახინჯის დანახვაზე გული არ გაგისკდეს. წაგვიყვანეს გასახდელში.
გამოვიცვალეთ.
შევედით ვიწრო დერეფანში.
აქ ბევრი კარია. 
გამოაღეს ერთი და მიგვიპატიჟეს. 
შევიხედე და რას ნახავ უკეთესს. 50 გრადუსს სიცხეში და ბუღში, სადაც დიდი შანსია გული გაგიჩერდეს და იქვე დატოვო შენი ცოდვილი სული, ერთად სხედან ნახევრად შიშველი ქალები და კაცები, ოფლიანები, აქოთებულები. ჩვენ, რა თქმა უნდა, კატეგორიული უარი ვტკიცეთ აქ შესვლაზე. 
ახლა დიდ დარბაზში მიგვიწვიეს, სადაც, მათი თქმით, პილინგი უნდა გაეკეთებინათ და მერე ქისით დავებანეთ. შევიხედე და რას ნახავ უკეთესს? შუაში არის დიდი მაგიდა, თითქმის ამ დარბაზის ხელა, რომელზეც ყრიან ქალები, კაცები და ბანჯგვლიანი მექისეები ამუშავებენ. მე გავაპროტესტე, რადგან გული კინაღამ ამერია. მაშინ შემთავაზეს ქალი მექისე. ამაზე დავთანხმდი, მაინც მაინტერესებდა, რა იყო ასეთი განსაკუთრებული ამ რიტუალურ პროცედურაში. ნათია ბოლომდე აჰყვა ეგზოტიკას და გმირულად შევიდა  საერთო დარბაზში და საკუთარი ნებით მიეცა ამ ტურტლიანი კაცის ქონიან ხელებს. 
მე გვერდით გამიყვანეს. 
ოთახში არავინ იყო. აქაც ისეთივე დიდი მაგიდა დამხვდა. მარმარილოსი უნდა ყოფილიყო. ოღონდ უცნაური ისაა, რომ შიგნიდან ცხელია და რომ გაწვენენ, ისე გცხელა, ბოლი აგდის. მექისე ქალმა, რომელიც  თურქულ-რუსულ-ინგლისურის ნარევით რაღაცას მეუბნებოდა( აქ მახსენდებოდა ცნობილი კომედიიდან ფრაზები: „ციგი ციგი აილულუ“ , „რუსო ტურისტო ობლიკო მორალე“),  დამაწვინა და რაღაც ქისით მხეხა და მხეხა და ეს ჩემი სიმწრით მიღებული ქობულეთური  რუჯი სულ გამაცალა. მერე შხაპი მიმაღებინა. ისევ დამაწვინა. აიღო უშველებელი ქისა, გაბერა, შიგ ალბათ საპნიანი წყალი ჩაასხა,  რადგან სულ  აქაფდა და ტანზე რომ დამადო და დამაწურა, სულ ქაფში დავიმალე თავიდან ფეხამდე. ახლა ამით მხეხა. უკვე საბოლოოდ დავემშვიდობე ჩემს სიყავისფრეს და გულში დავგეგმე, როგორ უნდა გავითეთრო სისხლი ამ 5 დღეში, რომ სასურველი ფერი დავიბრუნო. როცა ხეხვა დაამთავრა, მომკიდა ფეხში ხელი და დამაბზრიალა ამ მაგიდაზე, სულ აქეთ-იქით მახათქუნა, მერე ხელებით დამითრია და იგივე გაიმეორა. შემდეგ ისევ შხაპი მიმაღებინა და გამახვია პირსახოცში. 
გავედით ცალკე ოთახში, სადაც ჩემსავით დახეხილ-დაბეგვილები დამხვდნენ. 
ჩაი მოგვართვეს, ტრადიციულად შუშის პატარა ჭიქებით, რომლის ეგზოტიკასაც ვერაფრით ვერ ჩავწვდი, რადგან თითებიც დამეწვა, ენაც, სასაც და თან სულ რამდენიმე კოვზი ეტევა შიგ.
ამის შემდეგ ამ ჩემმა დახთქილქუსლებიანმა მექისემ სხვა ოთახში გამიყვანა. 
დამაწვინა ტახტზე, დამასხა რაღაც ზეთი( სუნს არა უშავდა) და დაიწყო მასაჟის კეთება. აი, ეს კი იყო ისეთი სიამოვნება, რომ ენით ვერ აღვწერ. თავისი ზურგზე შემოჯდომებთ და ბეჭებზე იდაყვებით დაწოლით და ჯგვლემით, მერე გაჭიმვებით, სახსრების ლაწალუწით. ბოლოს სახეზე რაღაც ფუნასავით წამაგლისა  5 წუთი გაიჩერეო, მითხრა, ისევ მომახვია პირსახოცი და გამომიშვა. 
მოსცდელში ჩემს მეგობარსაც შევხვდი, რომელიც ისე იყო ნაბეჟი, ლაპარაკის თავიც აღარ ჰქონდა. სახის ჩამოსაბანად ტუალეტში შევედით და აღმოჩნდა, რომ აგვრევია და კაცებისაში შევსულვართ, ოღონდ ამას მხოლოდ მაშინ მივხვდით, კარებთან რიგი რომ დადგა გაოცებული კაცების.  არ შევიმჩნიეთ და გავაგრძელეთ ჩვენი საქმე. დავიბანეთ და გამოვედით.
პროცედურა დასრულდა .
 ავტობუსს ველოდებით, რომ სასტუმროში მიგვიყვანოს. ვიღებთ სურათებს, ბევრ  საინტერესო ფოტოს, რომლებიც,  სამწუხაროდ, ჩემი მეგობრის სიცეტეს შეეწირება, ამას მოგვიანებით გეტყვით.
 შთაბეჭდილებებით და არაჩვეულებრივი მასაჟით ამჩატებულები ვბრუნდებით. ვჭამთ რუსების თარეშშს გადარჩენილ
მცირედ ლუკმას და მზეზე გასახუხად გავდივართ.


დღე მესამე:


თეთრი, სამსართულიანი კატარღა მგზავრებით ივსება.
ჩვენც ავდივართ. აქაც რუსების სიმრავლეა და შესაბამისად არც პირველ და არც მეორე სართულზე მოაჯირებთან ადგილები აღარაა, რომ თან ზღვას უყურო. ამათ ვინ დაასწრებს. მესამე სართულზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. იქ თან გარუჯვაც შეიძლება და ამიტომ წყვეტაა, დასაწოლი კი არა, ცალ ფეხზე ჩასაკვეხებელი ადგილიც აღარ არის. ისევ მეორე სართულს ვჯერდებით, შუა რიგში ვიკავებთ მაგიდას. დიდად გული არ დამწყვეტია, რადგან აქედანაც მშვენივრად ჩანს ყველაფერი.
ცოტა ხანში გემიც დაიძრა.
ჩავუარეთ საოცარ ნაპირებს, გიდი რაღაცას კი წიკვინებს, მაგრამ ვის სცხელა მისთვის. აქეთ-იქით ისეთ გასაყეყეჩებელ სილამაზეს ვხედავ, აბა ვიღას უნდა მისი სულელური ლაპარაკი. რაღაც გამოქვაბულიო, რაღაც სულელური ლეგენდაო, ეგენი გურჯისტანშიც თავზე საყრელად მაქვს.





გვაყანყალებს. ზოგს გულიც აერია.ჩემდა გასაკვირად, ერთობ ყოჩაღი აღმოვჩნდი( ეს უკვე მეორედ შევამჩნიე და გამიხარდა, პირველად თვითმფრინავში იყო). გვითხრეს 4 გაჩერება იქნებაო.

პირველი გაჩერება ყურეშია. ზღვაში ჩასვლას გვთავაზობენ. ვდგები კიჩოსთან, ვიხედები ქვევით და შიშით გული მიჩერდება წამით. 
 შევუძახე თავს. ვინ იცის, იქნებ მეტი არც მქონდეს ასეთი შანსი და ვრისკავ. მაგრამ ბოლომდე მაინც ვერა და ჟილეტს ვიცვამ. ვხტები…
ღმერთო, რა შეგრძნებაა!!! 
წყალი თბილზე უთბილესი… გამჭვირვალე… ფერი-ენით ართქმული. გული ვიჯერეთ ცურვით. 
გვიძახიან.
ადგილებს ვიკავებთ ისევ. 
დავიძარით. 
ამასობაში ლანჩიც მოაქვთ. 

ოფიციანტია არნახული, შავი ფრჩხილებით და დამსკდარი ქუსლებით, ფეხშიშველი. მოგრეხილი ცხვირით, უაზრო თვალებით და მწვირიანი თმებით.

ნათია დროს არ კარგავს და დილოგში შედის.
-ენგლიშ, ენგლიშ-ეუბნება ოფიციანტი, არადა ენგილშ კი არა, მგონი საკუთარიც ვერ უნდა იცოდეს წესიერად, ისეთ „ვიდზეა“.
-ენგლიშ, თორე ბებიაშენისამ აბულბულებ რა-ესიყვარულება ნათია. თან ტრადიციულად უღიმის. მიმტანიც საპასუხოდ იღიმება და შავი კბილები კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
-ამას უყურე ე, რასა ჰგავს ეს უბედური-ამბობს ნათია- ამასაც კაცი ჰგონია თავი.უხ შენი ოსმალო დედა!
ოფიციანტი თავს უქნევს და იღიმება, მე ცუდად ვარ და ვეღარ ვსუნთქავ.
ცოტა ხანში ისევ ვჩერდებით და ისევ ვხტებით წყალში, ამჯერად უკვე გაშლილ ზღვაში, აქ რატომღაც ტალღებია და კარგად გვახათქუნა აქეთ-იქით. ისევ ამოვედით და დავიძარით.
ბარში ლუდი გამოაჩინეს ამ წუწურაქებმა.
დავლიეთ და ისედაც მოფამფლებულს სულ ბოლო მომეღო. მგონი ნერვები არტოფირებული მაქვს და აღარც კი მგონია, როდესმე რამე თუ მეწყინება.
მალე ისევ ვჩერდებით. ამჯერად ისე გაგვიჩერეს, იქვე ნაპირი ჩანს და გასვლა შეგვიძლია, მაგრამ მე ისევ სიღრმეში ყოფნას ვარჩევ, აბა ნაპირიდან 10 მეტრს ვერასდროს გავცდი ჩემი საწყალი ცურვით და აქ მაინც ვიჯერო გული. 
მლაშეა წყალი, ისე მლაშე თვალებს მწვავს. დამეშუშხა ტუჩები, ენა, მაგრამ აბა ამას ვინ ჩივის. თავი სიზმარში მგონია.
მგზავრობა გრძელდება. 
ისევ ჩავარტყით ლუდი. კიდეც შევთვერი ამასობაში.
მალე გამოაცხადეს, რომ  ზედა სართულზე დისკოთეკა იწყებოდა, რა თქმა უნდა, რუსულად. ეს კიდევ ცალკე თემაა, საითაც გავიხედე, აქ რატომღაც რუსულად უკეთ ლაპარაკობენ, ვიდრე ინგლისურად, ანუ რუსული დომინირებს და რუსებსაც ისე აქვთ შეფერებული, გეგონება საკუთარ სახლში იყონ. მაგრამ ახლა ისე ვარ, ყველა და ყველაფერი მკიდია. ზუსტად ვიცი, რომ  ავალ და ამ გოიმ რუსებთან ერთად ვიცეკვებ დაცემამდე.
ასეც ვიქცევი. დისკოთეკამდე ის რაღაც უაზრო თამაშია, აი, ბუშტებით რომ დარბიან და წყვილები ერთმანეთის წინა და უკანა ინტიმურ ადგილებზე ხეთქავენ. ყველა იქაა შეგროვებული. ანუ ადგილები გაიცალა მოაჯირებთან. 
მე დროს არ ვკარგავ. მუხლებით ვდგები სავარძელზე, და ვიხედები ქვევით. სწრაფად მივდივართ.
წყალი თვალებს მჭრის. თავბრუ მეხვევა. ასე მგონია ცოტაც და გადვვარდები ტალღებში, მაგრამ არ მეშინია. უფრო სწორად, რაც მეტად მეშინია, მით მეტად ვიხრები და ვეყუდები მოაჯირიდან. ბოლოს ხელს ვუშვებ და ისე ვდგავარ. ვგრძნობ  სისწრაფეს, ქარს, ზღვის სუნს და უწონობას… ლურჯი?არა ეს არაა ის სიტყვა. მწვანე? არც ეს. ფირუზისფერი? ბანალურია.არ ვიცი, როგორ გამოვთქვა სიტყვით ეს ფერი. მხატვარი რომ ვიყო, ეგებ კიდეც მცოდნოდა. მე მარტო სიტყვები ვიცი და ერთადერთი სიტყვა, რაც მადგება ახლა პირზე „გასაყეყეჩებელია“, სხვა ეპითეტი ვერ მოვძებნე ჩემს ლექსიკონში. 
თვალებს ვხუჭავ და ვცეკვავ. აი ასე, ხელებგაშლილი ვდგავარ წკიპზე, ქვეშ ტალღები ჩქაფუნობენ და მე ისე ვროკავ, სამყაროს ბატონ-პატრონი მგონია თავი.
ცოტა ხანში დისკოთეკაც დაიწყო. 

აქეთ-იქით გვახეთქებს გემი და მე მაინც ვცეკვავ. 

სრული იზოლაცია სამყაროსგან.
არაფერი ,მახსოვს, რაც ყოფილა აქამდე, არაფერზე ვფიქრობ, რაც იქნება აწი. 
შემდეგ ქაფი დაგვასხეს თავზე( როგორც მითხრეს ეს ძალიან პოპულარული შოუს ელემენტი ყოფილა). ახლა ეს დაემატა ყანყალს. ფეხი მისრიალებს, ამოვხტი „შლოპანცებიდან“.ვიხდი და ფეხშიშველი ვაგრძელებ, სულ დავსველდი, შორტები ქაფშია . 
ნათია დგას და პაპარაცობს. ისეთი სურათებია, გადაირევა კაცი(თუმცა ამათაც იმავე დღე დაადგებათ, რაც აბანოს ფოტოებს).
კიდევ ერთი გაჩერება. მაგრამ უკვე აღარავის გვაქვს გახდის და ზღვაში ჩასვლის თავი.
მალე ნაპირს ვუახლოვდებით. 
ჩამოვდივართ. ავტობუსი გვხვდება და სასტუმროში ვბრუნდებით.
მე ვარ კარგად? არა, აუტანლად კარგად… ახლა კი შემიძლია ვთქვა, ბედნიერი ვარ-მეთქი.
აკი ვამბობდი, ბედნიერება მხოლოდ შეგრძნებაა და რაღაც მომენტშია-მეთქი და არ მიჯერებენ. მე კაი ხანია არ მქონია ეს შეგრძნება. „შეჩერდი, წამო, შენ მშვენიერი ხარ!“


დღე მეოთხე:


ყველაფერი კარგადაა. ჩემი დასვენება ზუსტად ისეთი გამოდის, როგორსაც ვფიქრობდი . ვარ მშვიდად. არაფერი მაწუხებს. ვცდილობ გამოვიყენო ყოველი წამი. ახლა დილის 7 საათია. ვზივარ აივანზე. ვუყურებ ზღვას, თან ვწერ. უფრო სწორად ვბეჭდავ ვორდში, რადგან ნომერში ინტერნეტი არაა და ბლოგზე საწერად აუცილებლად ჰოლში მიწევს ჩასვლა, იქ კი ისეთი ხმაურია, ტვინი მერევა. თანაც რატომღაც შუქს აქრობენ გვიან. არადა სწორედ მაგ დროს შეიძლება წყნარად დაჯდე და იმუშაო. „ ეეეე, დუშმანებოო!“-ვყვირი მე. მერე ხან ჭრის და ხან არა. ზოგჯერ გამომდის და ისევ ანთებენ.
დღეს ალანიას დასათვალიერებლად მივყავართ( დამავიწყდა მეთქვა, რომ ალანიაში ვისვენებთ). ველოდებით ავტობუსს. მგონი კიდეც მოვიდა.
დავიძარით. კარგა ხანს გვატარეს.
მინდა გითხრათ, დიდი ვერაფერი ქალაქია. ჩემს ბათუმს ვერც შევადრი. ერთი მოხრიოკებული ადგილია, უბრალოდ თვითონ სასტუმროებია ლამაზად გაკეთებული და კომფორტია დამსვენებლებისთვის და რაც ყველაზე მთავარია, კლიმატი. აქ არ გიწევს წარამარა ცაში ყურება და ნერვიულობა ამინდი არ გაფუჭდესო. აფსუს, ეს ჰავა მისცა აჭარას!
პირველი გაჩერება დიდი სავაჭრო ცენტრია-დენვერი, სადაც ტყავის  ნაწარმი იყიდება. თვალები დაგიელმდება, გული აგიჩქარდება და ტირილი მოგინდება, თუ ფული არ გაქვს საკმარისი.
საოცარი ვაჭრობა იციან თურქებმა. მარტო აქ შეიძლება 700 დოლარიანი ტყავის ქურთუკი დიდი ხნის დიალოგის მერე 250 დოლარად იყიდო და მეტსაც გეტყვით, 1000 დოლარიანი 300-ად. სწორედ აქ გავწირე ჩემი მწირი ფინანსები და ის საწყალი 150 დოლარი, რითაც ვიყავი წამოსული, ნათიას დაჟინებით უმშვენიერესი „კურტკის“ ყიდვას მოხმარდა( რა თქმა უნდა ნათიამ დაამატა, თორემ ამდენსაც კი არ დამიკლებდნენ). 
    თვითონაც მონახა თავისთვის, უძვირესი და უკარგესი. ისე შევიდა ეშხში, გამყიდველთან კამათი და ვაჭრობა რომ მობეზრდა, მაღაზიის მეპატრონე მოითხოვა. მე დარბაზში დავრჩი და ჩამოვჯექი. ცოტა ხანში ვხედავ ნათიას პარკით, რომელშიც, სავარაუდოდ, ახალი შენაძენი უნდა ჰქონდეს. აქეთ-იქით ორი კაცი მოჰყვება. მოაცილეს, ყავაც მოგვიტანეს.ერთ ქართველი აღმოჩნდა და ამან სასწრაფოდ საერთო ნაცნობები  გამოჩხრიკა. მგონი ანტარქტიდაზეც იპოვის ვინმე ნაცნობს.მეორე თავად მეპატრონე იყო. მოკლედ, დავლიეთ ყავა, ვიბაასეთ. როგორც გავარკვიეთ, ჩვენი ქვეყნისგან განსხვავებით, აქ ადვილია საქმის წამოწყება და აწყობა. ხელისუფლება ყველანაირად ხელს უწყობს და უადვილებს მსურველებს. ახლა ვიცი, ალბათ იტყვით, ჩვენი მასმედიაც სულ მაგას ამბობს ჩვენს ხელისუფლებაზეო, მაგრამ რასაც ახლა გიყვებით, არც ტელევიზიით მომისმენია და არც თურქს უთქვამს, რომ თავმოსაწონებელ ტყუილად ჩამეთვალა. ეს ყველაფერი ქართველმა გვითხრა, რომელიც უკვე 4 წელია აქ ცხოვრობს. უფულოდ და უკაპიკოდ ჩამოსულმა ამ მაღაზიაში კონსულტანტობით მოაგროვა ფული, მერე კიდეც დააწინაურეს. 2 წელიწადში მოქალაეობა მიიღო, ასეა აქ წესი. ბინის ყიდვაც მოახერხა და მშობლებიც წაიყვანა. არანაირი შეზღუდვა არაა. კიდევ თურქეთი ცდილობს მოიზიდოს ყველა თურქული წარმოშობის ადამიანი, რომლებიც გაფანტული არიან სხვა ქვაყნებში. ყველანაირ პირობას უქმნის მათ ახალ გარემოში ადაპტირებისთვის. მოკლედ აღმოჩნდა, რომ აქაც კი ჩვენზე ჰუმანური დამოკიდებულებაა ადამიანის მიმართ და ბიზნესის მიმართაც.
 საუბრის ბოლოს დაგვაყარეს კომპლიმენტების კორიანტელი და წამოვედით.
ვზივართ ავტობუსში. მე ტელეფონში სურათებს ვახარისხებ კომპიუტერში შესაყრელად. თან ვტკბები ისეთი ფოტოებია. ნათია რატომღაც მეკვეხება და მე ვიზამო, არ მაცლის. მეც მანებებ. უცებ აჭერს ხელს იმას, რაც სულაც არ იყო საჭირო და მთლიანად შლის ყველაფერს. ააააა, წყალში ჩაიყარა ყველაფერი… განსაკუთრებით იახტის ფოტოებზე მწყდება გული, მაგრამ აბა რაღას ვიზამ. ავჯიჯღინდი, ვურტყით მუჯლუგუნები ერთმანეთს. მერე მოვინელეთ და ისევ ექსკურსიის თემატიკაში ჩავერთეთ.
გიდი გვეუბნება, რომ გამოქვაბულში მივდივართ. რომ ეს საუკეთესოა საუკეთესოთა შორის, რომ სამკურნალოა ასთმიანებისთვის და ასე შემდეგ.
მივედით.
 ერთ რიგად დაწყობილები შევდივართ.
ბნელა.
დიდი ვერაფერია. ერთი ბეწოა.  ისეთი ჩახუთულობაა, ვეღარ ვისუნთქე. თანაც უმეტესად ხოხვით თუ ივლი, ისეთი დაბალი გასასვლელებია. რამდენიმე ფოტოს გადაღების მერე, ძალიან მომწყინდა. გამოვედით და გარეთ დავიწყეთ ლოდინი.
                                           აი ასე წაკუზულს მიწევდა სიარული 🙂
ახლა რაღაც  ციხის სანახავად მივყავართ.
 ავტობუსის მძღოლი ნამდვილი ექსტრემალი აღმოჩნდა. ისეთი მანევრები აკეთა იმ მიხვეულ-მოხვეულ გზებზე, თვალებს ვხუჭავდით, რომ არ დაგვენახა.
ავედით. ვნახეთ.
ლამაზია ნამდვილად. ხედიც არაჩვეულებრივია ზემოდან, მაგრამ მე ციხით და ხედით გამაკვირვებ? რა რა და ეგ ნაღდად ბევრი გვაქვს.
გაფრთხილების მიუხედავად, ძველია კედლები და არ აძვრეთო, ჩვვენ მაინც ავიჩაჩხეთ. ერთხელ ქართველმაც დაიპყროს დუშმანთა ციხე, ხომ შეიძლება? 
ვბრუნდებით. გზად კიდევ ერთ სავაჭრო ცენტრთან ვჩერდებით. აქ ტექსტილია. დიდი ვერაფერი, ჩვენს ბაზრობაზე მეგონა თავი. ნათიას რაღაც ბლუზა მოეწონა, მაგრამ არ ჩაეტა. გადმოიღო ყველა ზომა და არმოჩნდა, რომ ეს ზომები სულ ტყუილად ეწერა, სინამდვილეში ყველა ერთნაირი იყო. ამანაც არ დაიზარა, ვინც კი დაინახა იქ, გამყიდველიან მეპატრონიანად, ყველას ეძახდა, ისევ თავიდან იღებდა ყველას, სათითაოდ ეკვეხებოდა, მერე იქვე ყრიდა. დაკიდებდნენ. ახლა კიდე დაინახავდა ვინმეს, დაუძახებდა და ისევ თავიდან იწყებოდა ყველაფერი, თან ჩხუბობდა. ძალიან სასაცილო იყო. მე ბოლოს დავტოვე და გარეთ გამოვედი მოსაწევად.
ვბრუნდებით. გიდი გზად ამაყად გვიყვება თურქული ტრადიციების შესახებ. განსაკუთრებით ამაყია, როცა ოჯახის თემას ეხება.
აქ თავისით არავის მოჰყავს ცოლი. სადედამთილო არჩევს რძალს საკუთარი გემოვნებით, რომ სახლში იდილია ჰქონდეს. აქ ხომ გამორიცხულია ახალგაზრდების ცალკე ცხოვრება. ბიჭი იბადება თუ არა, დედა იმ მომენტიდანვე იწყებს ოქროს გროვებას, რომ როცა დრო მოვა, რძალს მისცეს და იმან მერე სხვებს უნდა ანახოს და თავი მოიწონოს. თავის მხრივ, გოგოს მშობელი ფულს აგროვებს, რომ საჭირო დროს სასიძოს მიუტანოს. თუ ფული არ აქვს, ვერც გაათხოვებს ქალიშვილს. ნუ ახლა აქ ქალიშვილობის აუცილებლობაზე აღარ ყოფილა საუბარი, ან რა საჭირო იყო, ისედაც იგულისხმებოდა ამ ყველაფერში.
პირველ შვილს აუცილებლად მშობლის სახელი უნდა დაარქვან.
სუფრასთან სანამ მამა არ დაჯდება, ვერავინ ვერაფერს დააკარებს ხელს და ასეთი ქლიავობები.
ვუყურებდი ამ პატარა ბიჭს და მეცოდებოდა მთელი გულით. როგორ იწონებს თავს და ამაყად ყვება ამ ველურობის ამბებს და ვერც ხვდება, რომ მათი ადამიანური ევოლუცია წინა საუკუნეებში გაიჩხირა. მერე ძალაუნაბურად პარალელები გამევლო ჩვენს ტრადიციებთან და აღმოვაჩინე, რომ დიდად წინ არც ჩვენ ვართ. იმედია, თქვენც ასე გაიფიქრეთ. და თან ეს უაზრო თავმომწონეობა შენი ჩამორჩენილობით? ესეც ხომ მსგავსია?
და ისედაც, კიდევ ერთხელ დავინახე, რა გულის ამრევია, გადამეტებული პატრიოტობა და ტკბობა საკუთარი ერის, მისი ტრადიციების  და ღირებულელების საუკეთესოობით…
 მალე სასტუმროც გამოჩნდა.


დღე მეხუთე:
დღეს 15 აგვისტოა-ჩემი დაბადების დღე. იუბილარული განწყობა არ მაქვს, თუმცა ან როდის მქონია, მაგრამ სხვა დაბადების დღეებისგან განსხვავებით გადასარევ ხასიათზე ვარ და მკიდია ასაკის მომატება. მთელი დღე მზეს ვუძღვენი. დავიკიდე გამოსხივება და აფეთქებები და რომ დავეხეთქე შეზლონგზე, აღარც ავდექი საღამომდე. კარგად შევიბრაწე და თურქულ აბანოში დაკარგული რუჯი უცებ დავიბრუნე.
დავდივართ წინ და უკან და ფოტოებს ვიღებთ. მე ვეუბნები ნათიას: -ახლა მოვაგროვებ, მერე მოგცემ და შენ წაშალე.
ვიცინით.
ისედაც სულ ვიცინით კიკებივით, რაც აქ ვართ. ჩამოსვლის წუთიდან პირი არ დამიხურია, ყველა სურათში ყურებამდე გაკრეჭილი ვარ.
ვერთობი ნათიას ურთიერთობებით აბორიგენებთან.

 ახლა გვვიანია, დუშმანები მიჩუმდნენ. მე ვზივარ ჰოლში და ვწერ. უკან ერთი თურქ-სელჯუკია წამოწოლილი და თვალს მადევნებს. ნეტა რაში აინტერესებს?  ფბ-ს ვეწვიე. მოლოცვები დამხვდა. რაღაცა ძალიან გამიხარდა. საერთოდ ვატყობ, რომ აქ რაღაც ყველაფერი მიხარია. წავალ ახლა, დავიძინებ, თორემ ადრე ვერ ავდგები და რუსები მშიერს დაგვტოვებენ :).


დღე მეექვსე და უკანასკნელი:

ხვალ მივდივართ. დილიდან მომეჟამა ხასიათი… არ მინდა. როგორ გინდა აუხსნა ვინმეს, რომ არ გენატრება არც შენი ქვეყანა, არც შენი ქალაქი, არც ოჯახი… ვწევარ აუზზე, ვიხუხები და ცრემლები თავისით მომდის, მწვავს სახეს და სათვალის ქვეშიდან   ცვივა… ბოლო წუთამდე არ ავდექი. ბოლო სხივიც შევიტოვე. ახლა ვზივარ და ვწერ. გარეთ დიდი ამბავი აქვთ დუშმანებს. ფართია-თურქული ღამე. წარმოიდგინეთ რა იქნება? არააა, ამას ვერ წარმოიდგენთ, ეს უნდა დაინახოთ ან მოისმინოთ! მაგრამ რაღაც არ მემეტებით ამისთვის. დაყლუვდნენ ძლოხებიიიი!!! აღარც ყურსასმენები მშველის. იხტიბარს არ ვიტეხ და ვორდში აკრეფილ ტექსტს ვაკოპირებ ბლოგზე. დროს ვწელავ. არადა ადრე უნდა დავწვე, თან ბარგიც უნდა ჩავალაგო. უუუუუუხ, როგორ არ მინდა! ოხ, ოსმალეთო, ჩემი წინაპრები მოთქმით და ვაი-უშველებლით მოჰყავდათ აქ შენს შვილებს, მე კი, მათი შთამომავალი გურჯი, ცრემლებით გემშვიდობები…

დაბრუნება:

სისხამ დილას ავდექი. ცოტას მამცივნებს. სურდოც მაქვს და თავი მისკდება. აი ამიტომ ვერ ვიტან ამ კონდენციონერს და ვერ გავაგებინე ვერავის. საშინელ ხასიათზე ვარ, აი, დანა რომ დაარტყა, სისხლი არ წამოუვაო, რომ იტყვიან, ისე. ვალაგებ ჩემოდანს და ხმას არ ვიღებ. ჩემი მეგობარიც ჩუმადაა, მგონი, ხვდება, რაც მჭირს. მოვრჩი. დაბლა ჩავდივართ . ყავას ვსვამთ. რაც შეიძლება ვახანგრძლივებ ამ პროცესს. ვეწევი უაზროდ. თან ზღვას ვუყურებ.მზე ჯერ ბოლომდე არ ამოსულა. შენობის უკანა მხრიდან ნელ-ნელა ჩნდება. ცოტაც და ჩემს მაგიდას ადგება. მე ცოცხალი თავით არ ვდგები. თვალებს მწვავს, მე კი ვზივარ და ვაგრძელებ ყავა-სიგარეტის ბანალურ რიტუალს. გვეძახიან. ჰოლში გველოდებიან.

               ჩავაბარეთ გასაღები, მოგვაჭრეს სამაჯურები და გამოვედით.

როგორ არ მინდა ახლა მაგ ავტობუსში ჩაჯდომა ნეტა ვინმემ თუ იცის? ავტობუსი ქართველებითაა სავსე. უმრავლესობა ისევ ბიჭებია. ბრუნდებიან დაღლილები, დაცლილი საფულეებით და სათესლე ჯირკველებით. ხაშიშის ბოლში გამოყვანილები მთელი გზა არ ჩუმდებიან,  ყაყანებენ და დაუსრულებლად იხსენებენ თავიანთი «საქმენი საგმირონიას» დეტალებს. მერე რა, რომ ამ ავტობუსში ჩვენც ვართ და კიდევ სხვა მდედრებიც. აი დარდი. მე მგონი, პირიქით, ხმამაღლა იმიტომ ყვებიან, რომ კაი ჰგონიათ ეს და ასე ფიქრობენ, რომ ქულებს ჩაიწერენ ქალების თვალში. თუმცა რა, აგერ ვხედავ, რომ კიდეც გაამართლა-ორი ძალად ქერა, თმაგაფუჩეჩებული და შავწარბებინი გოგჩოები, ერთობ აცმუკებულად კისკისებენ ამათ ისტორიებზე და აეროპორტში მისვლამდე კიდეც უმეგობრდებიან.

 რეგისტრაციას გავდივართ. თვითმფრინავი ნახევრად ცარიელი აღმოჩნდა. ამიტომ მე და ნათიამ ადგილები შევიცვალეთ. გავწექი სამ სკამზე და დავხუჭე თვალები. ნუ ეს, რა თქმა უნდა, აფრენის და ნათიას ჩაბღაუჭებების რიტუალის მერე. არ მძინავს. ვთვლემ.  ჩავალ ახლა თბილისში და დაიწყება ისევ… მეზარება. არ მინდა. ცოტა მრცხვენია ამას რომ ვამბობ, მაგრამ რა ვქნა? არასდროს არ მიხარია დაბრუნება.
ვიხედები ილუმინატორში. ვუახლოვდებით. ვეშვებით. უკვე წუთები დარჩა და თბილისში ვართ. მე კი ისე მინდა ისევ შორი იყოს გურჯისტანამდე…


აგრილებულა თბილისში. ოჯახი ადგილზეა და კარებშივე მხვდება თხოვნა-დავალებები. ჩემი ტურისტული ცხოვრება დამთავრდა. ეს ერთი კვირა მთელი წელი მემახსოვრება და ეს გამიასმაგებს ზაფხულის მონატრებას. ამ ერთმა კვირამ  განმკურნა დეპრესიული ყოფისგან. ამ ერთმა კვირამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა, რომ ბევრი, ძალიან ბევრი რამ მაქვს შესაცვლელი საკუთარ ცხოვრებაში. არ ვიცი, რა გამოვა და რა არა, მაგრამ ვცდი…
მომავალ ზაფხულამდე, ჩემო დუშმანთა ქვეყანავ! მე დავბრუნდები!!!


იწერებოდა ოსმალეთსა შინა ერთი გურჯი ტურისტის მიერ 🙂

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «ჩემი თურქული არდადეგები»

  1. თურქეთში საერთოდ ძალიან იშვიათად რომ 3 ან 4 ვარსკლავიანი სასტუმრო იყოს ვარსკლავის შესაბამისი, ეს ზუსტად უნდა იცოდე ან კარგად გადაამოწმო, რუსულ საიტებზე არის განხილვები ტურისტების კომენტარები, მათი გადაღებული ფოტოები სადაც კარგად ჩანს ნაკლოვანებები. აი ეგვიპტეში სულ სხვა სიტუაციია 3–ც და 4–ც ისეთივე კარგია და კოხტა როგორიც 5.

  2. ზუსტად მაგ საიტზე ნანახით გადავწყვიტეთ. მაგრამ რაა იცი? მე სულაც არ ვარ უკმაყოფილო. მთავარი მენიუ ხომ არაა. დავისვენე კარგად. რაც მთავარია, ქართველები არ იყვნენ და თავს არ მაბეზრებდნენ მარიაჟობით. მე კიდევ დავრჩებოდი 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s