არცოდნა არცოდვაა ვითომ?-პაციფისტის ჩანაწერი

გუშინ სასტუმრო «აფხაზეთთან» დიდი ამბავი იყო. როგორც გავარკვიე, დევნილებს გამოსახლებას უპირებენ.გავესაუბრე მათ და გაირკვა, რომ  ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვთ. ინვესტორი უცნობია. მათ სთავაზობენ ან ფულს, სავარაუდოდ, 10000-ს ან ალტერნატიულ ფართს რუსთავის რომელიღაც საერთო საცხოვრებელში. იქვე გამოჩნდნენ ვაკის სტუდქალაქიდან უკვე გასახლებული ლტოლვილები, რომლებმაც თქვეს, რომ მათაც ასეთივე თანხას დაპირდნენ, მაგრამ დღემდე მხოლოდ 1000 ლარი დაუჯდათ ანგარიშზე. ამიტომ ურჩიეს არ დასთანხმებოდნენ და თუკი აქციას მოაწყობენ, ისინიც შეუერთდებიან.

ეს რაც ვნახე. ახლა რაც ვიფიქრე…

სულაც არ ვაპირებ პოლიტიკაში ძრომიალს, რაკი აბსოლუტურ ბეცად ვთვლი თავს ამ სფეროში და სულაც არ მწყდება გული( ნერვებს მიშლიან პოლიტიკაზე მოკამათეები.ისე მწყინდება ხოლმე, უსაქციელობა მემართება და ვიხევი მთქნარებით). მე უბრალო ობივატელის  დანახულ- ნაგრძნობ-ნაფიქრალს გეტყვით.

მართლაც არაა სწორი და ლამაზი ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე უშნოდ გამოკვეხებული იდგეს ძველი, ჩამოტყავებული შენობა და შიგ დევნილები ცხოვრობდნენ. თუმცა არც ისაა სწორი, 21-ე საუკუნეში დევნილები გყავდეს, თანაც ყოვლად უაზრო მიზეზის გამო, მოგონილი ომის გამო, რომელიც მავანთ და მავანთ დასჭირდათ საკუთარი ჩანაფიქრების განსახორციელებლად. ამიტომ მძულს ყველა ომი და ისინიც, ვინც ამ საშინელებაში ხვევენ ადამიანებს.

ჩემთვის არ არსებობს სამართლიანი ომი. როგორც არ უნდა შეფუთო, ბოროტება ბოროტებაა.

მოსვლის დღიდან გვიბურღავს ტვინს ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ლაპარაკით. ხან ფსოუს წყალზე სიმღერით გვალაყებს, ხანაც ქართული ესტრადის «ვარსკვლავებს» თითო-თითო ბილეთს აღებინებს სოხუმამდე. იქ რუსეთით გვაშინებს და გვეუბნება არ დავნებდებით და მაინც გამოვგლეჯთ ჩვენს ტერიტორიებსო. ახლა მე თქვენ გეკითხებით: თუკი არ გინდა ქვეყანაში გყავდეს ვინმე დევნილის სტატუსით და ამისთვის მათ საკუთრებაში გადასცემ რაღაც ფართს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ნებით აღიარე, რომ ამ ხალხის უკან დაბრუნების არანაირი შანსი არ გაქვს? ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითონ ამბობ უარს  იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ეს ხალხი გამოყარეს?

არა, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუკი ეს ერთხელ და საბოლოოდ დაასრულებს ამ წეწვა-გლეჯას, მაგრამ, ეჭვი მაქვს, ასე არ იქნება. გამოდის, რომ იქ, ზევით, გადასარევად იციან, რომ ისე ვეღარ ვნახავთ ვერც აფხაზეთს, ვერც სამაჩაბლოს და ვერც კიდევ დამატებით დაკარგულ ადგილებს, როგორც საკუთარ ყურებს და მთელი ეს ხმაური ქვეყნის  გამთლიანება-გაძლიერებაზე და ბედნიერ მომავალზე მუდმივი თვალში ნაცრის შეყრაა. არქიფო სეთური გვირაბს  ათხრევინებდა სოფელს ჭამდე და თვითონ ზუსტად იცოდა, გვირაბი იმ ჭასთან ვერაფრით მივიდოდა. ამის წაკითხვისას პარალელი მევლებოდა კომუნისტებთან, ტვინს რომ ულაყებდნენ ხალხს საოცნებო კომუნიზმზე საუბრით, რომლის დროსაც ყველა ბედნიერი იქნებოდა, რომ საოცარ ქვეყანაში ცხოვრობდნენ და რომ მათთან რას მოვიდოდა დამპალი კაპიტალიზმი. რა ვქნა, მეჩვენება, თუ რაც აქამდე დავწერე, ამის გაგრძელებაა?

არ მინდა მაბოლებდნენ, არ მინდა სულელად მთვლიდნენ. ნუ მიხვრეტენ ტვინს ამ თემაზე საუბრით. და ეს  ხალხიც ნუ იჯერებს ათას სისულელეს! გგონიათ არ სჯერათ? ერთი დავწერე ჩემს დამოკიდებულებაზე ომთან და ასეთ უაზრობებთან და სულ მოღალატე და ქვით ჩასაქოლი მიძახეს.

იყოს ასე. თქვან, ბატონო, ხმამაღლა, რომ შეიცვალა საბოლოოდ საქართველოს რუკა და ნუ აგიჟებენ ამ ადვილად სამართავ ხალხს. ძალიანაც კი მინდა, ისე შევძლო აფხაზეთში ჩასვლა და აჭარის ძუნძგლიანი ზღვის ამარა არ ვიყო დარჩენილი, მაგრამ თუ ეს ადამიანების სიცოცხლის ფასად დაჯდება, რა ჯანდაბად მინდა?

მე ორი ბიჭი მყავს.  ვინმე რომ მოვიდეს და მითხრას, საქართველოს ინტერესებისთვის უნდა იბრძოლონო, გამოვჭრი ყელს. ეს ჩემი სიმწრით გაჩენილი და ნაწვალები შვილები ვიღაცის პოლიტიკურ თამაშებს რატომ უნდა ემსხვერპლონ? მით უმეტეს, რომ აგერ, რითაც დავიწყე ეს პოსტი, ის ამბავი ნათლად აჩვენებს, ხელისუფლებამაც რომ ზუსტად იცის და აღიარებს გულში, რომ დამთავრებულია ეს ამბავი და ამას ვერაფერი შეცვლის.
ისევ ვიტყვი, რომ ომი ბოროტებაა. გოიმობაა ბოლოს და ბოლოს!
კიდევ არის ერთი ბოროტება- მუდმივად სიყალბეში ცხოვრება!
თუმცა რა, ჩვენ ის ხალხი არ ვართ, «არცოდნა არცოდვააო » რომ ვამბობთ?..

Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

10 комментариев на «არცოდნა არცოდვაა ვითომ?-პაციფისტის ჩანაწერი»

  1. getanxmebi! sashinelebaa, amdeni devnili da uzro arafristqmeli dapirebebi. getanxmebi am momshi yvelaze metad dagupuli jariskacebis ojaxebi- acremlebuli dedebi mecodeba, sawylebi romelTa Svilebi Seni Tqmisa ar iyos vigacis xuSturebs Seewirnen. 😦

  2. gaum:

    რა არის ან სადაა „ცოდვა“? ალბათ, ეგრეთ წოდებული, „ცოდვა“, ისევ „ცოდვის“ არცოდნის გამოა ცოდვა …
    დავიჯერო ასე რთულადაა საქმე? :))

  3. მე ვიტყოდი ტეხავს 🙂 თან ძალიან..

  4. ხო, და თან ძალიან ტეხავს(ტეხს), და საერთოდ მაგარ გატეხილშია ეს საწყალი ქვეყანა ამდენი გასწორებული ობიექტების ხელში 🙂

  5. საშინელებაა და უკვე მეოთხე წელია ყალბი ემოციებით გვაჩვენებენ ვითომ ძალიან წუხან. 😦 ნუთუ არ შეეძლეოთ კონფლიქტის თავიდან არიდება?! ისიც ხომ ფაქტი იყო (და არის) რომ მსოფლიო ჩვენს გამო რუსეთს არ დაუპირისპირდებოდა. არავის უნდა მძინებული დათვი გააღვიძოს, ამათ კი?!

  6. გგონია არ იცოდნენ? არც მასეთი ბრიყვები არიან. გათვლილი იყო ეგ ყველაფერი, სხვა დასკვნას ვერ გააკეთებ, იმდენად სულელურად იყო თავიდან ბოლომდე… ეჰ, სიყალბეში ვიხრჩობით, ჩემო ცოტნე, ერთადერთ გამოსვლად ისღა რჩება, ყველა ეცადოს და არ გაიაროს სხვის დაკრულზე, არ დააბოლებინოს თავი…

  7. ხო მეც ეგრე ვფიქრობ. რომ გათვლილი ქონდათ, ომი რუსეთმა დაიწყო. ამას კი იმედი ქონდა 12 აგვისტოს — დიდგორობას ცხინვალში იზეიმებდა. აი მერე იტყოდა მართლა აღმაშენებელი ვარო. 😦 საწყალი ჯარისკაცები!

  8. რა უსამართლობაა — დაიბადე, გაიზარდე, უცბად მარიონეტი რუსის სოლდათი მოგვარდება და გაგაუპატიურებს — ნუთუ სხვაგვარად ცხოვრება შეუძლებელია?! ვინ დაგვწყევლა ასე?! ღმერთმა? მე რა შუაში ვარ, კი მაგრამ?! მე ხომ არ ჩამიდენია ზოგადსაკაცობრიო ცოდვანი?! მგონი ისინი, ვისაც არაფერი ჩაუდენია საიმისო, რომ ამხელა სასჯელი დაემსახურებინა, ყველაზე მეტად ისჯებიან!…

  9. არცოდნა არცოდვა არაა — რომ არ იცი, ცოდვაც სწორდ მანდ მდებარეობს — ასე გამოდის,, რომ იმაზე გაცილებით მეტად ცოდვილი ვარ, ვიდრე მეგონა…

  10. გეთანხმები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს «არცოდნა» თავის დაძვრენისთვის გამოიყენება.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s