პარალელომანია

უცნაურობების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი. მათგან ზოგი არ მომწონს, უმეტესობა კი ძალიანაც მხიბლავს. სწორედ ამ სიაშია ის, რაზეც ახლა ვაპირებ ლაპარაკს. ყოველთვის, ყველა სიტუაციაში, ვეძებ შედარებებს და ვავლებ პარალელებს.
აი, მაგალითად:

გესმის, როგორი  მონდომებით ამტკიცებენ სისულელეებს და ვერც ვერაფრით დააჯერებ, რომ სისულელეს ამბობენ, უნებურად გახსენდება ლუარსაბისა და დარეჯანის საუბარი სამოთხის ბაღზე და სიკეთის და ბოროტების შეცნობის ხეზე. ამ ორი უნიკუმის საუბრები პრინციპში ყველა სიატუაციასაც ერგება, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. აი, ვითომ მორწმუნეების პათოსს რომ მოუსმენ, იქაც გამოგადგება შედარებისთვის, კნეინა რომ ეფრემ- ვერდს და სახარებას ერთმანეთში ურევს და არც ერთი არ იცის წესიერად, ან კიდევ ურემზე «ორშაბათის ყეენივით» წამომჯდარი თავადი, სალოცავში რომ მიდის და თან გაუთავებლად წუწუნებს, ეს რამსიშორსააო. კაცს რომ ბევრი წიგნის კითხვა არ სჭირდება და ბევრი სწავლით რომ შეიძლება გაგიჟდეს ადამიანი, ესეც ისე ხშირად გესმის, გინდა- არ გინდა, ისევ ბატონ ლუარსაბს უბრუნდები. მაგარი მანქანა რომ კაცის ღირსების შეფასების საზომია, ესეც ხომ  თათქარიძის დალოცვილი სიტყვების გამოძახილია:»კარგი ცხენი, კარგი თოფი და კაცი იყავი კაცურიო». შენი ქვეყნის დედანატირებ ტერიტორიაზე და საზღვრებზე დაფიქრდები  და მაშინვე თათქარიძეების გადანგრეული ღობე გახსენდება, შეკეთებასაც რომ არ უპირებენ მისი  პატრონები და არც ანაღვლებთ ეს ამბავი.
ხელისუფალთა  ქება-დიდებას ისმენ და მათ ამაყ გამოსვლებს, თავმოწონებით რომ აყვედრიან ყველას თავიანთ ამაგს, მამულიშვილობას და გულდაწყვეტილი არიან დაუნახაობით  და მაშინვე არქიფო სეთური და მასზე  მლოცველ-მქადაგებელი მახინჯების ბრბო გახსენდება. კიდევ მარშალი ბეტანკურიც გაგახსენდება, მორალურად რომ გწამლავს და გხრწნის.
ხედავ, როგორ წინაურდებიან უვიცები, უღირსები და ბრეხტის ფრაზა გიტივტივდება:» ქვეყანას ვინღა მართავდა?მღებავი, უბრალო მღებავი».
სხვის ჭკუაზე მოსიარულე დაშინებულ ადამიანებს შეხედავ და მაშინვე პარალელს «მუჭანახევარასთან» გაავლებ, მუდამ დაბეჟილ-დატერორებული, რასაც ეტყოდნენ, იმას რომ იმეორებდა.
სხვადასხვა ხელისუფლების ტაშისმკვრელი  ვაი-ინტელიგენცია ძალაუნებურად ამოგიტივტივებს თეიმურაზ ხევისთავის ფრაზას, რომ ინტელიგენციიამ დაღუპა ქვეყანა.
გადაგვარებულ ადამიანებს და მათ უზნეობებს შეხედავ და «ცხოველთა ფერმასთან» გაავლებ პარალელს.
შეხვდები ვინმე უმადურ შვილს ან მისგან გულმოკლულ დედას და ვაკის ჩიხში გაყინული თავსაფრიანი დედაკაცი გაგახსენდება.
დასმენების და ღალატში იოლად დადანაშაულების ამბების მოსმენისას ისევ ორუელის დიდი ძმა გაგახსენებს თავს, სულ რომ გითვალთვალებს.
განსხვავებული აზრის და პოზიციის ჩაქოლვა-ჩაქვავებას გაიგონებ და თვალწინ დაგიდგება ალუდა, ჯოყოლა და რისხვით სახედაღმეჭილი თემი.
მორალის დამცველების ხმამაღალ განცხადებას და ვინმეს გაჭორვა-გალანძღვას შეესწრები და ვირზე უკუღმა შემჯდარი მარიტა გაგახსენდება და გაძაღლიანებული ბრბო, სიხარულით და სიამოვნებით რომ ესროდა სოფლის ანგელოზს ტალახს და ფუნას.
უვიცთან მოგიწევს საუბარი და კეჟერაძის ტრიუმფს გაიხსენებ და თუ შენც მწყრალად არ ხარ წიგნებთან, მაშინ შენც გაგიგებ იმ გამარჯვების გემოს, ჰალსტუხიანი იდიოტის დამარცხებას რომ მოაქვს.
მარტოობა თუ შენი თანამდევია, მაშინ ბუენდიების შთამომავლადაც იგრძნობ თავს და შენს თვალებსაც დაეტყობა მარტოოობის დაღი და სადღაც უკვე შენც ბუენდიად შეგეძლება ჩათვალო თავი.
ყოველი ახალი იმედგაცრუებისა და სიყვარულის ამბებში მარცხისას  ანა კარენინას გაიხსენებ და დაიმახსოვრებ, რომ არავინაა ბოლომდე სანდო და რომ არც ერთი მამრისთვის არ ღირს თავდადება და რისკი.
როცა გაგაგიჟებს ორფეხა არსებების sapiens-ური გამოხტომები და სიძულვილი გიპყრობს, მიზანთროპობის შემოტევის ჟამს ძალიან მოგინდება წაიღიღინო ის მაგიური იავნანა, ყველას რომ აძინებს სამარადისო ძილით…
როცა შენს გაცამტვერებულ ოცნებებს და მიუღწეველ მიზნებს გაიხსენებ, მაშინვე პარალელებიც გაჩნდება: მოხუცი სანტიაგო თავისი ზვიგენებისგან შეჭმული თევზით, ჯონათანი, რომელსაც აღარ აკმაყოფილებდა თოლიობა და ძირს ფრენა…
თუ სივიწროვეს იგრძნობ, შენი ცხოვრებიდან გამომდინარე, არ გაგეცინოთ და დიდი შანსია გაგახსენდეთ ნათლიმამა გოგრა, თავის პატარა ხუხულაში ოხვრებს რომ აგროვებდა…
გავაგრძელო? არც კი ვიცი…არც ის ვიცი, რას ემსახურება ეს პოსტი, მაგრამ მომინდა დამეწერა და ვერაფერი მოვუხერხე თავს. მერე, როგორც ყოველთვის ხდება( ამაში ჩემს გურულ ფესვებს ვადანაშაულებ), მეჩქარება დამთავრება წერის, რადგან სულ მეშინია, არ გადავამლაშო და ზედმეტი ტვინის ბურღვა არ გამოვიდეს.სხვისას ვერ ვიტან ნაწლავივით გაწელილ პოსტებს, არასდროს რომ არ მთავრდება.
ხოდა, მგონი, ისედაც გასაგებია, რისი თქმაც მინდოდა.
და კიდევ ერთი:
პარალელური ისეთი წრფეებია, რომლებიც არასდროს გადაიკვეთება…ისინი ასე ერთმანეთის პარალელზე მიდიან უსასრულობისკენ…აბა ახლა თქვენ გაავლეთ პარალელი, რაც დავწერე, იმასა და ,რასაც თქვენ ხედავთ და ვიქრობთ, იმას შორის…
მე კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მომწყინდა ვუყურო, როგორ მომყვება პარალელურად ის ცხოვრება, რომელიც ალბათ ჩემი უნდა ყოფილიყო და სწორედ იმ პარალელების გამო, ზემოთ რომ ჩამოვთვალე, ასე პარალელურადვე რჩება და არც  არასდროს გადაკვეთს ჩემი რეალური ცხოვრების გზას…

Запись опубликована в рубрике წიგნები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

8 комментариев на «პარალელომანია»

  1. მე კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მომწყინდა ვუყურო, როგორ მომყვება პარალელურად ის ცხოვრება, რომელიც ალბათ ჩემი უნდა ყოფილიყო და სწორედ იმ პარალელების გამო, ზემოთ რომ ჩამოვთვალე, ასე პარალელურადვე რჩება და არც არასდროს გადაკვეთს ჩემი რეალური ცხოვრების გზას…

    მთავარია სხვისმა აზრმა იმდენად არ იმოქმედოს, რომ მართლა ის გახდე, რასაც ისინი ვარაუდობენ 🙂

    სივრცის გამრუდება კი შესაძლებელია, გაამრუდებ და იმ განზომილებაში შეხვალ, რომელიც მოგწონს 🙂

  2. კარგი იყო. მომეწონა კომენტარი. მეც მაგას ვცდილობ, თან დიდი მონდომებით და ვიკიდებ ყველა პრობლემას და გართულებას რაც მაგას მოსდევს.კიდეც გავამრუდე, ოღონდ ჩემს გონებაში და რაც მეტად შევდივარ, როგორც შენ თქვი, ჩემს განზომილებაში, მეტად ვბრაზდები, რომ ეს გამრუდება რეალურში, ყოფაში ჭირს.მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რომ ვერაფერი მიჩენს გადაკეთების სურვილს და იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ მაწუხებს ის, რაც მაწუხებს :)) აბა რომ არ მაწუხებდეს, მაშინ ხო გადაკეთებული ვიქნებოდი? პირობას ვდებ: ასეც გავაგრძელებ :))მადლობა.

  3. საინტერესოა … ეს ხომ საკითხის ერთი მხარეა მხოლოდ და თავისთავად წრფივი …
    სხვა მხრიდან, თუნდაც საწინააღმდეგო მხრიდანაც, წრფივია … 🙂

    შეხვედრა ერთ წერტილში ხდება … მგონი, მედალს ორი მხარე კი არა, უამრავი მხარე აქვს …
    თუნდაც მესამე — მედლის სისქე საიდანაც ჩანს … 🙂

  4. აი სტერეომეტრია არ მიყვარდა არასდროს 🙂 ეგ მესამე იმიტომ ვერ დავინახე. მაგრამ პარალელური იმის პარალელურია, რომ არ გადაიკვეთება, მაშინ უკვე პარალელური არ გამოდის, გადამკვეთია, ეს წმინდა გეომეტრიულად… და მგონი არაგეომეტრიულადაც

  5. ყველაფერი წერტილი გამოდის — ერთი წერტილიდან 🙂

  6. 🙂 კი, მასე კი :*

  7. გია:

    ჩვენი საზოგადოება ეს ხალხი,ცოცხალი თავით არ დაუშვებს (ასე კი უნდა და)შენ მათგან განსხვავებულად იაზროვნო,წარმატებებს მიაღწიო,კმაყოფილი იყო,ჰარმონიულად და თავისუფლად გრძნობდე თავს.წარმოიდგინე დავუშვათ სამეზობლო რომელიც პატივს სცემს ადამიანს რომელიც, ისევ დავუშვათ, წიგნების კითხვით »გაგიჟებულია»და ამ ადამიანზე მეორე მეზობელთან მდაბიურად არ ქირქილებს,უბრალოდ აღიარებს თავის გუნებაში რომ ის ასეთი და იყოს ასთი.არა და არა ან იყავი ყველასნაირი მიეკუთვნე ჯგუფს რომელიმეს.ან დაბეჩავდი რომ მერე შეგიცოდონ.sul ase iqneba neta am ubadruk qveyanaShi?

  8. ამიტომაც არც უნდა დავჩიავდეთ და არც მათნაირები გავხდეთ. უმრავლესობაში ყოფნა სულაც არაა პრივილეგია, ზოგჯერ პირიქითაა…

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s