ზოოპარკი და ეროვნული ნიჰილიზმი

იმდენი წელია, ერთი და იგივე ხდება ირგვლივ, წესით კიდეც უნდა მივჩვეოდი ამას და გარკვეულწილად ასეც არის. მგონი, მარტო მე არ ვარ ასე. უკვე ნორმად მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება სამისდღემჩიოა და შეუცვლელი. რომ მისი გადაყენება მხოლოდ იმ დროისთვისაა შესაძლებელი, როცა გადაყენება დასჭირდება ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და ჭკუაც აღარ მოეკითხება.
ან აუცილებლად უნდა დავიმხოთ თავზე ყველაფერი, ავწეწ-დავწეწოთ და მერე ერთი სულელი და უმაქნისი მეორით შევცვალოთ, ჯერ ტაში ვუკრათ, მერე ისევ მის გადაყენებაზე დავიწყოთ ფიქრი  და ვიწუწუნოთ, ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეოთო.

წლებია ვუყურებ ამ ყველაფერს. მთელი ცხოვრება გავიდა ამ უთავბოლო გაწიე-გამოწიეში. იმედის ნამცეციც აღარ დარჩა, რომ როდესმე მეღირსება ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ადამიანს ჭიანჭველად არ აღიქვამენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი…სადაც თანმდებობა მარტო ფინანსური უზრუნველყოფის გარანტია არ იქნება და შიგადაშიგ იმასაც გაიხსენებენ, რომ სკამი და ძალაუფლება საქმეს და პასუხისმგებლობასაც მოიცავს… სადაც ოპოზიციას ოპოზიცია ჰქვია ,პოზიციას -პოზიცია, საზოგადოებას- საზოგადოება…სადაც ადამიანები მოსაზრებულად აპროტესტებენ, რაც არ მოსწონთ და შემდეგ თუ მათ პროტესტს და მოსაზრებას არ იზიარებს ხელისუფლება, ცივილურად მიდიან არჩევნებზე და გადაირჩევენ იმას, ვინც გაუცრუა  იმედი…
აქ კი ყველაფერი ერთი უნიჭო თეატრალური წარმოდგენაა, ჟანრობრივად ალბათ უფრო ტრაგიკომედია…არა, შევცდი, გროტესკი… და მე მაყურებელიც კი არ მინდა ვიყო ამ ყველაფრის და ,მით უმეტეს, მონაწილე… მაგრამ ახლა მეც კი გამიჩნდა სურვილი თავზე დავამხო ყველას ის სიმწრით და ვაი-უშველებლით  დასაკუთრებული სავარძლები…
ორი დღეა ვისმენ მავანთა და მავანთა აზრებს და მიკვირს. არა, ის კი არ მიკვირს, რომ ამ აზრთაგან უმეტესობა სულელურია, მე ის მაოცებს, რატომ გვგონია, რომ ქვეყანა, სადაც ასე აზროვნებენ, იმსახურებს უკეთეს ხელისუფლებას?!
ნაწილი ამტკიცებს, რომ მომიტინგეების დარბევა სამართლიანია და რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასე მოიქცეოდა ხელისუფლება, რომ  კანონი უნდა კანონობდეს და რომ ეს ხალხი იმსახურებდა ამას, რაკი ასე ბრმად აჰყვა ვითომ-ოპოზიციას.
ნაწილი თვლის, რომ ეს პირსისხლიანი დიქტატურაა და რომ ეს ხალხი თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები არიან.
რა თქმა უნდა, კანონი უნდა კანონობდეს, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ყოველთვის, ყველგან და ყველასთვის და არა შერჩევით… ხან ასე და ხან ისე, არ გამოვა…
იქ მყოფი მომიტინგეები ნამდვილად არ მგონია, რომ გმირები არიან და რამეს ებრძოდნენ. ესენი იყვნენ გაბითურებული, იმედდაკარგული, გამწარებული ადამიანები, რომლებიც გაბრიყვდნენ და აჰყვნენ იმათ, ვისაც წესით ზედაც არ უნდა უყურებდნენ, ან თუ შეხედავენ, მხოლოდ ზიზღით…
მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად იმაშიც დავრწმუნდი, რომ სწორედაც დიქტატურაა ჩემს ქვეყანაში…ვინც ის კადრები ნახა, არ ვიცი, როგორ უბრუნდება ენა და როგორ ამართლებს იმ ყველაფერს… ან როგორ შეიძლება ნიშნის მოგებით თქვა, ღირსები არიანო, თუ ოდნავი ადამიანობა მაინც შეგრჩენია?
ამის ნახვის შემდეგ რას იტყვიან? ალბათ ეს პატარა ბავშვიც ღირსი იყო არა, ამდენი ხარივით ნაჭამ-ნასვამი მუტრუკი რომ დაესია და ისე სცემეს, გეგონებოდა ქვეყნის ამომგდები იყო…
ეს ნამდვილად არ იყო ტერიტორიის დაცლა… ეს არ იყო უბრალოდ აქციის დაშლა… ეს იყო ტერორი საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ და ხმამაღალი განაცხადი: ვინც ჩვენთან არ არის, ვინც ხმას ამოიღებს, ყველას ეს დღე მოელისო… ეს იყო ჩვენთვის ყველასთვის ჭკუის სასწავლებლად ჩატარებული სანახაობა… ეს იყო მცდელობა მასობრივი შიშის დანერგვის და მგონი წარმატებულიც…   სადაც შიში მეფობს, იქ ქვეყანა და საზოგადოება ვერ იარსებებს…შიშს დამონებული ადამიანები კარგავენ ადამიანობას, თვითგადარჩენის ინსტიქტს ემორჩილებიან. ინსტიქტებით ცხოვრება და მოქმედება კი არ არის ადამიანებისთვის ბუნებრივი მდგომარეობა, ეს ცხოველების მახასიათებელია…
მე არ მინდა ვცხოვრობდე ზოოპარკში, სადაც გალიებში წითელ წიგნში შეყვანილი ჯიშის არსებები-ქართველები იქნებიან…
რაც დრო გადის, უფრო და უფრო ხშირად მეძალება ნიჰილიზმი…  ხშირად კი არა, მგონი უკვე სამუდამოდაც…

Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s