ქრომოსომები(ჩემს დას)

23+23=46-ეს ადამინის ფორმულაა. სწორედ ეს ჯამი ქმნის მის თვისებებს, მიდრეკილებებს, გარეგნობას, ხასიათს. რა თქმა უნდა, შემდგომ ამას ემატება ან აკლდება რაღაც-რაღაცები თვითონ ადამიანის მონდომებით, გარემოს გავლენით, ცხოვრებისეული გამოცდილებით, მაგრამ ძირითადი რჩება და ამას გენეტიკა ჰქვია. მოკლედ გამოდის, რომ ადამიანი ქრომოსომებია და მეტი არაფერი…

ჩვენ ვიბადებით და ზრდასთან ერთად ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანთა რიცხვიც იზრდება, ზოგს ვიძენთ, ზოგსაც ვკარგავთ, ზოგს ვიყვარებთ, ზოგსაც ვიძულებთ. მერე ვახარისხებთ და ყველას თავის ადგილს ვუჩენთ. ერთადერთი კატეგორია ადამიანების, რომლებიც ამ წესს არ ექვემდებარებიან, ზუსტადაც ქრომოსომების თანამოზიარეები არიან: შვილები, დები, ძმები.
შვილი შენი ნაწილია. შეიძლება არ გამოგივიდეს ისეთი, როგორიც წარმოგედგინა და როგორსაც უსურვებდი საკუთარ თავს, მაგრამ  ეგუები ამას და იღებ ისეთს, როგორიც არის და გიყვარს, ყოველგვარი პირობების გარეშე.
ძმასთან ურთიერთობაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რაკი არანაირი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ მაინც მგონია, დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს დების ურთიერთობისგან. აქ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელ დამოკიდებულებებს ვგულისხმობ, თორემ ბევრი მინახავს დებიც და ძმებიც სამკვდროდ გადაკიდებული ერთმანეთზე…თუმცა ეგეც ქრომოსომების ამბავია ალბათ…
ხო, მოკლედ, ვსაუბრობ ჩემს დებზე.
ერთთან 46 ქრომოსომის მთლიანი პაკეტი მაკავშირებს და მთელი ცხოვრება, მეორესთან-მხოლოდ 23, გვარი და ქრომოსომების ამ რიცხვზე ოდნავ მეტი წელი…
ჩემი ორი და…პირველი და მერე მეორე…თქვენც ჩეხოვზე გაიფიქრეთ არა? მიჩვეული ვარ. რატომღაც ყველას ეს რეაქცია აქვს სამი დის ხსენებაზე. იყოს, არ ვაპროტესტებ, დიდად კი არ ვგიჟდები ჩეხოვზე, მაგრამ მაინც…
მე უფროსი ვარ.
პირველ დასთან უკვე ვთქვი, რომ მთელი ცხოვრება მაკავშირებს. ხანდახან ვერც ვხვდები, ის უფრო მიყვარს, თუ შვილები. ვიცი, იტყვით, რას ბოდავს, ეს როგორ იქნებაო, მაგრამ ასეა. პრინციპში, რაღაც პონტში კიდეც არის შვილი, თუ გავითვალისწინებ იმას, რომ დედის ფუნქციების შეთავსებამ მომიწია…ისე ვუვლი, როგორც მათ, ისე ვზრუნავ მასზე, როგორც შვილებზე, ისევე ვპატიობ ყველაფერს, ისევე ვზოგავ და ისევე ვატუტუცებ…ჩემი შვილები ზოგჯერ კიდეც ეჭვიანობენ, ჩვენზე მეტად ეგ გიყვარსო.
მასთან ძალიან ბევრი მაქვს საერთო, გარდა 46 ქრომოსომის და გვარის: ერთნაირი თმა, ხმა, საუბრის მანერა, ხელების მოძრაობა, მანერები, გამოთქმები, შეფასებები. ხასიათშიც ბევრი რამ ემთხვევა, თუმცა განსხვავებაც ბლომადაა.ისე შევეზარდეთ ერთმანეთს, იმდენი უბედურება გამოვიარეთ ერთად, რომ არც კი წარმოგვიდგენია უერთმანეთოდ არსებობა…
აი, მეორე დასთან კი სულ სხვაგვარად არის. დღე არ გავა, მუცელში არ დამიაროს ტკივილმა, საკუთარი შეცდომების ტკივილმა. განა არ ვიცოდი, ვინ იყო ჩემთვის, მაგრამ რაღაც მიშლიდა ხელს, არ ვიცი ეჭვიანობა, არ ვიცი უნდობლობა… მგონი, თვითონაც ასე იყო. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მაინც ჩემდა სამარცხვინოდ რჩება ეს დაკარგული წლები…
ჩვენ თავიდან ვიპოვეთ ერთმანეთი, აღმოვაჩინეთ და ამაში ისევ ის ადამიანი დაგვეხმარა, ვისაც იმ 23 ქრომოსომას უნდა ვუმადლოდეთ… მისმა ავადმყოფობამ, პრობლემებმა, მისმა სიკვდილმა ჩვენ დაგვანახა ერთმანეთი და მას შემდეგ ყოველი დღე, ყოველი საუბარი აღმოჩენაა ჩვენთვის… არც მეგონა, თუ ამდენი მქონდა საერთო ამ გაჩხინკულ, თმაკუწუწა გოგოსთან…მე როგორც ვხვდები, არც იმას…ჩვენი დამთხვევები ასე თვალში ადვილად მოსახვედრი არაა. ორივეს მარტივად შეგვიძლია ადამიანების ფეხზე დაკიდება, ვთვლით, რომ ნათესაობა არ არის პრიორიტეტი, დავცინით ტრადიციებს, ძალიან გაგვიხარდებოდა, სადმე სხვა, ნაკლებად წესჩვეულებიან და მეტად თავისუფალ და განვითარებულ, ქვეყანაში რომ გავჩენილიყავით, არ ვცნობთ მეზობლობის ინსტიტუტს, ქალიშვილობისასაც :)), გვიყვარს ენამწარობა, როცა საჭიროა, კარგად ვხუმრობთ, გამოგვდის შაყირი.
შეიძლება ბევრ რამეში განსხვავდებოდეს ჩვენი შეხედულებები, მაგრამ ორივეს მოგვწონს, როცა სხვის აზრს პატივს სცემენ. თუ რამეში არ ვთანხმდებით,  სულაც არ ვცდილობთ ერთმანეთის გადარწმუნებას. უბრალოდ ჩვენ-ჩვენი არგუმენტები მოგვყავს და მერე ხან ვთანხმდებით და ხან- არა, მერე რა?
ჩვენ ვიგონებთ გარდერობს :))), სტილს, საჭმელებს, ოღონდ, ჩემგან განსხვავებით, იმას ეს მოსწონს და სიამოვნებით და შთაგონებით აკეთებს. რომ ვუყურებ, გული მიკვდება, რატომ არ მაქვს იმდენი ფული, რომ ერთი რესტორანი ან თუნდაც კაფე ვაჩუქო.
ორივეს გვაქვს ბედნიერება გარეუბნებში ცხოვრების. ხოდა, ჩემი ყოველი ვიზიტი მასთან დაკავშირებულია ხანგრძლივ მგზავრობასთან. მართალია, ეს მეტროთი უფრო მალეა შესაძლებელი, მაგრამ მე ტრადიციას არ ვღალატობ და «მარშრუტკაში» ვეკვეხები. მერე ადგილიც თუ გამოვძებნე, ვჯდები და ვიწყებ ფიქრს.ამასობაში იდეაც ჩნდება ახალი პოსტის. მერე მასთან ვიზიტისას ამაზე ვსაუბრობ. წარმატებით დავცინით საკუთარ თავებს, მერე ხანდახან ერთმანეთსაც, ცოდვა გამხელილი სჯობს და სხვებსაც,  ვგეგმავთ ახალ შეხვედრას და ორივემ ვიცით, რომ არც ის შეხვედრა იქნება გამონაკლისი და მაშინაც აღმოვაჩენთ კიდევ ერთ დამთხვევას, იმ 23 ქრომოსომის საერთოობას რომ შეგვახსენებს.
ყოველთვის, როცა მოვდივარ მისგან, ვიხსენებ მამას და მინდება მადლობა ვუთხრა იმისთვის, რაზეც ასე ვბრაზობდი ოდესღაც…ცუდია, რომ ეს შეუძლებელია…
ამ პოსტის წაკითხვისას აუცილებლად აეტირება, ვიცი…ესეც 23 ქრომოსომიდანაა…
ცხვირსახოცი მომაწოდე, დაო… 🙂 :*

:* :* :* ❤

Запись опубликована в рубрике მიძღვნა :) с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «ქრომოსომები(ჩემს დას)»

  1. აუუუ რა კარგი პოსტი იყო.. რა კარგად იცნობ შენს დებს და მგონი შენით უნდა ამაყობდნენ ასეთი და რომ ჰყავთ… მეც და მყავს და მესმის 🙂
    პ.ს. ეგ ჯგუფი მეც ძალიან მიყვარს

  2. კი ამაყობენ :). მეც ვამაყობ მათით და იმ ურთიერთობით, რაც გვაქვს.ხო, მეც მომწონს. ეს ჩემმა დაიკომ მაჩუქა 🙂 და მივამაგრე.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s