მე, ბლოგი, წიგნი და ადამიანი

დაკარგვის შეგრძნება ერთობ ნაცნობი და მშობლიურია ჩემთვის. ღრმა ბავშვობიდან სულ ჩემთანაა. დაიწყო საყვარელი ადამიანების წასვლით ამქვეყნიური ყოფიდან, რაც, სხვათა შორის, დღემდე ვერ მიპატიებია მათთვის.. არც ტკივილი წასულა არსად. სულ ტყუილია, დრო მკურნალია და ასეთი იდიოტობები. უბრალოდ ყოველდღიურობა და ცხოვრების ქაოსი არ გაცლის ამაზე წარამარა ფიქრს, თორემ აბა კარგად ჩაუჯექი და შეჰყევი, ისე ამოგიტრიალებს გულ-გვამს, როგორც მაშინ, სულ ცინცხალი რომ იყო ეს ამბავი.

ხოდა, მიჰყვა და მიჰყვა…

მიდიხარ და გზადაგზა კარგავ ადამიანებს, ზოგს ფატალურად, ზოგსაც ფიზიკურ-მორალურად და ეჩვევი მარტოობას. თვითონ ფაქტიც, რომ ვიღაცას კარგავ, უკვე ჩვეულ ამბად გექცევა და ისე აღიქვამ, როგორც გარდაუვალს და შეუცვლელს.

არის დაკარგვის სხვა სახეობაც, როცა საქმე უკვე ადამიანებს კი აღარ ეხება, არამედ სხვა რამეს, უფრო მასშტაბურს…
მაგალითად,შეგრძნება იმის, რომ დაკარგე ადგილი. აქაც სხვადასხვა ვარიანტი განიხილება:

დაკარგე ადგილი მსოფლიო ცივილიზაციაში, რაკი გაგიმართლა და ამ ღვთივკურთხეულ მიწაზე გაჩნდი.(არა, ხო უნდა მოხერხება ამას, რომ ამ უშველებელ დედამიწაზე მაინცდამაინც აქ გერგოს წილად ყოფნა).

შენი ქართველობიდან ავტომატურად გამომდინარეობს ის, რომ აუცილებლად უნდა იყო გაბითურებული და ტერიტორიებდაკარგული, სულ გადარჩენის მვედრებელი და ბედნიერ მომავალზე ამაოდ მეოცნებე.

მერე ამ ყველაფერიდან გამომდინარე, კარგავ ადგილს ცხოვრებაში.არა, კი ხარ ამ ცხოვრებაში და ირიცხები ცოცხალთა სიაში, მაგრამ არ გტოვებს შეგრძნება იმის, რომ ეს ის ადგილი არაა, სადაც შენ უნდა იყო და კომფორტულად მოირგო ცხოვრება. გიჭერს…ან  ისე უშნოა, არ გინდა, ან ისე დიდია, გძვრება, მოკლედ დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში არ კმარიყოს ამბავში.

რაღა ბევრი გავაგრძელო, აკი გითხარით კიდეც, დაკარგვის განცდა მშობლიურია უკვე ჩემთვის-მეთქი. მაგრამ მაინც აღმოჩნდა რაღაც ისეთი, რისი დაკარგვის საშიშროებამაც კინაღამ გადამიყვანა ჭკუიდან.

ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილის გამო, რაკი რეალობაში ვერა და ვერ შევძელი ადგილსამყოფელის გამოცვლა, მოვიგონე ჩემი სამყარო. აქ არავისთან  მაქვს ანგარიში გასაწევი. აქ ვარ ნამდვილი. არა, არც ამის გარეთ მიყვარს თამაში და ასეთები, მაგრამ იმას კი ვაკეთებ, რომ შუშანიკივით მოვიზღუდო თავი და ათას ოხერს და რეგვენს არ დავანახო ჩემი დაფარული «მე» თავისი განცდებით და სურვილებით. აქ კი სრულიად თავისუფალი ვარ. ეს ჩემი ქვეყანაა, სადაც, როგორც აქ შემოსვლისას წაიკითხავდით, უმკაცრესი სავიზო რეჟიმია. აქ არავის ეკითხება, როგორ ვიქცევი, ვწერ, რასაც მინდა, მტკივა, როგორც მინდა, ვბრაზობ, როგორც მინდა და ასე შემდეგ. ანუ თუ თქვენ აქ მოხვდით და გეყოთ მოთმინება არქივში ძრომიალის და კითხვის, ესე იგი, ბევრ რეალურ ნაცნობზე მეტად მიცნობთ.

ახლა წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა ამ ტერიტორიებდაკარგულ და ცხოვრებასვერმორგებულ  ადამიანს, ერთ ავადგასახსენებელ დღეს რომ შემოვიდოდი ამ ჩემს სამყოფელში და დამხვდებოდა წარწერა, თქვენი ბლოგი წაშლილიაო…
იქ კიდევ ხო და აქაც?!.ეს უკვე ნამეტანია.

დაიწყო გაუთავებელი ძრომიალი წინ და უკან, ხვეწნა-მუდარა ყველასთვის, დამაბრუნებინეთ ჩემი ტერიტორია-მეთქი. აქაც ვირტუალურმა სამყარომ მიხსნა. სოციალურ ქსელში მოიძებნა ადამიანი, იმან კიდევ სხვა ადამიანებს დამაკავშირა, რჩევები მივიღე და ჭკუა კი მიჭრის და მერე უკვე თვითონ მივხედე საქმეს.

და აი, დავბრუნდი…

რა კარგია სახლში დაბრუნება, თუ მოგწონს, რა თქმა უნდა.
ოღონდა რაა იცით? მიკვირს. იმ ჩემს გასაჭირს და დახმარების თხოვნას მარტო ერთი ადამიანი გამოეხმაურა. არადა, რამდენი ბლოგერია ჩემს ფრენდებში! თუ ისაა გადამწყვეტი, პირადად იცნობ თუ არა ამ ადამიანს, მაშინ მასე არც ის მიცნობდა და არც მე ვიცნობ იმათ, ვისაც ვეხმაურები ხოლმე, როცა რაიმე სჭირდებათ და ვცდილობ დავეხმარო, თუკი შემიძლია. მერე კარგად დავფიქრდი და ერთ რაღაცას მივხვდი. მე და ამ ადამიანს ისეთი რაღაც გვაკავშირებს და გვაერთიანებს, ალბათ ბევრ ადამიანურ ურთიერთობას და რაღაც ამდაგვარებს სჯობს. ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთი წიგნი. ეს არის წიგნი ადამიანად ყოფნის სიმძიმეზე, ადამიანად ყოფნის უბედურებასა და ბედნიერებაზე, იმ ყველაფერზე, რაც გაძულებს ზოგჯერ ადამიანად ყოფნას და ზოგჯერ გაყვარებს ადამიანებს, საბოლოოდ კი უკეთესს გხდის და გეუბნება, რომ ერთი კარგი ადამიანის გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი კარეტა ავაზაკების დასჯა… რომ სხვისი გასაჭირის გულთან ახლოს მიტანა სანამ შეგიძლია, მანამ ხარ ადამიანი… რომ თუკი შეგიძლია დახმარება გაუწიო ვინმეს, ეს კი არ აკლებს რამეს შენს ადამიანობას და ღირსებას, პირიქით, ათასჯერ მეტს გმატებს და გზრდის….

მოკლედ, ლიტერატურა ხომ აკეთილშობილებს ადამიანს და «სამოსელი პირველი» აყალიბებს პიროვნებას. როგორ გამიმართლა, რომ ჩემს ენაზე დაიწერა ეს წიგნი, რომ დედანში კითხვის უპირატესობა მაქვს, რომ ნამდვილად, და არა ისე, სნობურად, ვიცი, რატომაა კარგი წიგნი და ისიც ვიცი, რომ კიდევ ბევრს გადაარჩენს  ამ გრძნობებისგან დაცლილ სამყაროში…
ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ და მთელი დუნია მიყვარს თითქოს, ვეჭვობ ეს შეგრძნება დიდხანს შემარჩინონ HOMO SAPIENS-ებმა.მაგრამ ამის განცდა მაინც კარგია, თუნდაც ხანმოკლედ…

Запись опубликована в рубрике წიგნები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s