ბჭენი ჯოჯოხეთისანი ანუ რა სარგებლობა მოაქვს სკოლას

ჩვენ ყველას გვინდა ვიცხოვროთ შემდგარ ქვეყანაში, ეს უდავოა, მაგრამ ახლა ის ვთქვათ, როდისაა ქვეყანა შემდგარი? ამაზე ძალიან მარტივი პასუხი არსებობს: როცა გიხარია აქ ცხოვრება, მოგწონს აქ ცხოვრება და ფიქრშიც კი არ გაგიელვებს აზრი-«რაღა მაინცდამაინც აქ, ჰა?»

სახლის აშენებაა რთული და ქვეყნის შენება რომ გაჭირდეს, რაა გასაკვირი. არც იმაზე დაობს ვინმე, რომ იმდენი რამეა შესაცვლელ-გამოსასწორებელი, რომ არც მალე იქნება ეს ყველაფერი და არც შეცდომებისგანაა ვინმე დაზღვეული, მაგრამ არის ისეთი რაღაც, რაზეც განგაში თუ არ ატყდა დროზე, სულ მთლად დაგვექცევა თავზე ისედაც დაქცეული ქვეყანა.
ახალი არაფერი იქნება იმაში, თუ გეტყვით, რომ არც ერთი მშენებლობა ზემოდან არ იწყება.სახლი საძირკვლიდან შენდება. ხოდა თუ იქ უხარისხო მასალა ჩადე და მიაფუჩეჩე, წამში ჩამოიშლება ეს შენი ნალოლიავები სახლი და დარჩები თავზე ჭერის გარეშე. ამიტომაც  სახელმწიფოს აშენებისთვის ყველაზე მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი  სკოლის პრობლემის მოგვარებაა. კარგია, რომ სხვებიც ასე ფიქრობენ და ცდილობენ რეფორმის გატარებას, რაც არ დავმალავ და ერთობ იმედისმომცემად გამოიყურებოდა თავიდან, მაგრამ, როგორც ყველაფერი, ესეც ფურცელზე გადასარევია და მომხიბლავი, ნერწვიც კი მოგერევა და ტაშის შემოკვრა მოგინდება, მაგრამ, როცა საქმე რეალურ შედეგზე მიდგება, მაშინ აღსაფრთოვანებელი აღარაფერი რჩება.
მე არ დავიწყებ არც რეფორმის განხილვას და არც ტერმინებით ტვინის ბურღვას, უბრალოდ გაგიზიარებთ აზრს, როგორია დღევანდელი სკოლა.
დავიწყებ იმით, რომ ვერავითარმა რეფორმამ ვერ შეცვალა მარადიული ჭეშმარიტება-  სკოლა საზიზღარი დაწესებულებაა, სადაც ამახინჯებენ ბავშვებს. თუმცა ამას ისე მივეჩვიეთ ყველა, რომ ამაზე არც არავინ ამახვილებს ყურადღებას, თითქოს ეს ბუნებრივია და ასეც უნდა იყოს. ხო, ვერ შეიცვალა. ან რა შეცვლიდა, როცა იგივე ხალხითაა დაკომპლექტებული, რომლითაც ადრე იყო. იგივეს რომ ვამბობ, მარტო პიროვნულად იგივეობას არ ვგულისხმობ. ტიპაჟურად იგივე საზოგადოებაა ამ შემობებში. დრო გადის, უამრავი რამ იცვლება ირგვლივ და ამას არაფერი ეტყობა მაინც. დამყაყებული, აშმორებული, წარღვნამდელი აზროვნებით გაჯერებული, მაგრამ გარემონტებული, დროშააღმართული, ბიძია-დეიდა მანდატურებით დამშვენებული.
არა, არ გეგონოთ, რომ ახლა მანდატურების ჩაქოლვა-ჩაქვავებას ვაპირებდე. თუმცა მე რომ მკითხონ, ვერაფრით ვიგებ, რატომ უნდა მიხაროდეს ან როგორც მშობელს, ან როგორც ბავშვს, ან როგორც მოქალაქეს, რომ სკოლაში სიტუაციას ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი მართავდეს. რა ჯანდაბას აკეთებს დირექტორი, თუ მანდატურმა უნდა   აკონტროლოს ყველაფერი. რა ჯანდაბას აკეთებს მასწავლებელი, თუ მანდატური სჭირდება ან წესრიგის დასამყარებლად, ან ბავშვის გაკვეთილზე შემოსაყვანად.
მოკლედ, ეს იქით იყოს. მინდა შევეცადო გავარკვიო, რატომაა სკოლა ყველაზე საშინელი დაწესებულება( თუ ორგანიზაცია?). ამაზე საზიზღარი ალბათ მარტო ციხე თუ იქნება, თუმცა ესეც საკითხავია,თუ გავითვალისწინებთ, რომ იქ დამნაშავეებს ათავსებენ და ამით სჯიან. სკოლაში კიდევ სრულიად უდანაშაულო ბავშვები მიჰყავთ იმ იმედით, რომ ცოდნას მიიღებენ და მომავლისთვის გზას გაიკვალავენ. ამის გათვალისწინებით სკოლა უფრო საშინელი გამოდის, რადგან აქ არანაკლებად ამახინჯებენ ფსიქიკას და თან, ციხისგან განსხვავებით, სრულიად უვნებელი და უდანაშაულო მცირეწლოვნებისას.
არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. ეს ის შემთხვევაა, როცა ძნელია მიხვდე, რა არის ყველაზე მთავარი მიზეზი და რა-მეორეხარისხოვანი. აქ ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული და ერთმანეთიდან გამომდინარეობს. ალბათ იმიტომაც რთულდება  რაიმეს შეცვლა.
სამწუხაროდ,  სკოლა დღემდე პოლიტიზებულია.  დირექციაში ძირითადად მმართველი პარტიის წარმომადგენლები ან მათი მხარდამჭერები არიან და თუ არ არიან მხარდამჭერები, მაინც ასეთად ასაღებენ თავს, «დათვი რომ მოგერევა, ბაბაი დოუძახეს პრინციპით. მასმედიის შემდეგ არსად ისე არ იგრძნობა საარჩევნო ორომტრიალი, როგორც სკოლაში. სრული ჩართულობა და თანამშრომლობა!
მოკლედ ერთ მთავარ მიზეზს უკვე შევეხეთ, რადგან ის სწორედ ზემოთთქმულიდან გამომდინარეობს- სკოლების სათავეში არიან დაშინებული, უპრინციპო, სკამს ჩაბღაუჭებული შეუმდგარი ადამიანები. გამონაკლისებთან ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ალბათ თვითონაც დამეთანხმებიან, რომ ასეთები ძალიან ცოტაა და ისინი ფონს ვერ
ქმნიან.
ხოდა რაკი თვითონაა ასეთი, ბუნებრივია, რომ კადრიც ასეთი სჭირდება.აბა რა თვში იხლის ისეთს, ვინც პრობლემას შეუქმნის, სიტყვას შეუბრუნებს, რამეზე პროტესტს გამოთქვამს?!ასეთმა ხომ  ბავშვებსაც შეიძლება მოუწონოს საკუთარი აზრის ქონა-გამოთქმა?! აქ კი ეს არავის სჭირდება. ბავშვი იმისთვის არაა სკოლაში, რომ ენის ტლიკინი და თავისი პრინციპების დაცვა   ისწავლოს. მას მარტო ის ევალება, იაროს გაკვეთილებზე, იყოს მორჩილი, უსმინოს მასწავლებელს, მერე რა, თუ სისულელეს ეუბნება, იზუთხოს საგნები, მერე რა, თუ ვერ ხვდება, რაში უნდა გამოადგეს. ასე უნდა იყოს ჩუმად და კმაყოფილად. მერე ბოლო ზარზე ცრემლმორეულმა დასამშვიდობებელი სიტყვაც უნდა თქვას, როგორ მოაკლდება ეს კედლები, სადაც დაფრთიანდა და ბანკეტზეც შარვალ-კოსტიუმ-ჰალსტუხით ან დეკოლტირებული კაბით და 20სმ ქუსლებიანი ფეხსაცმლით შალახოც ეცეკვოს ნაჭამ-ნასვამ ამაგდარ პედაგოგებს.
სწორედ აქედან გამომდინარე სკოლაში ყველა, ვინც კი განსხვავებულად აზროვნებს, ან აზროვნებს საერთოდ, განწირულია საყოველთაო რისხვისა და შეჩვენებისთვის. ეს ეხებათ როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს, თუმცა ეს ბოლო ძალიან იშვიათია. მასწავლებელი კიდევ ხო, უშველის თავს და წავა ბოლოს და ბოლოს სკოლიდან, მაგრამ ბავშვმა რა ქნას? ან უნდა დამორჩილდეს და ისწავლოს კოლექტიური აზროვნება, ან უნდა იხეტიალოს სკოლიდან სკოლაში და მუდმივად წნეხის ქვეშ ყოფნით დაიავადოს ნერვული სისტემა.
მე რომ მკითხონ, ყველაზე მთავარი პრობლემა ესაა სწორედ. საეჭვოა, რომ ეს რაიმე რეფორმამ გამოასწოროს. რა სახის ტესტირებაც არ უნდა ჩააბარებინო მასწავლებელს, მის ადამიანობას და შეგნებას როგორ შეამოწმებ?
ძალიან კარგია, რომ გამკაცრდა მოთხოვნა სწავლის ხარისხზე  და ცოდნის დონეზე, მაგრამ ვინ შეამოწმა, რამდენად უზრუნველყოფს სკოლა ბავშვებისთვის ამ ცოდნის მიცემას? ვინ თქვა ხელისუფლება არ ზრუნავს პედაგოგთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეო?აი, ბატონო.ახლა 3 საათამდე გამოკეტილი მოსწავლეებისთვის გაკვეთილების შემდეგ ახალი სკოლა იწყება და ისინი, ვინც ამ ყველაფერს კანონოთ დადგენილ დროში უნდა აკეთებდეს უფასოდ(ანუ ხელფასის სანაცვლოდ), საკუთარ ან მოსწავლეთა ბინებში აკეთებს უკვე დამატებითი საზღაურით.
ვისაც საბჭოთა სკოლა ახსოვს, დამეთანხმება, რომ იქ აქცენტი იყო საგნების სწავლაზე და უარყოფილი იყო ყოველგვარი შემოქმედებითობა და კრიტიკული აზროვნება
ბავშვების მხრიდან. შედეგიც სახეზე გვაქვს.დაკარგული, არშემდგარი თაობები და დაქცეული ქვეყანა. სამწუხაროდ, დღესაც შეიმჩნევა იგივე საშიშროება. აბა რა გამოდის? თუკი ჩავკლავთ ინდივიდუალიზმს მოსწავლეში და მხოლოდ ფორმულებით და წესებით გამოვუტენით თავს, მივიღებთ ატესტატაღებულ, სრულწლოვან ადამიანს, რომელსაც ექნება თეორიული ცოდნა, მაგრამ ვერასდროს ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს და შესაბამისად, ვერც გამოიყენებს იმ თავის ცოდნას.ასეთები კი პიროვნებებად ვერ ყალიბდებიან.

ახლა ილიას «მგზავრის წერილების» რუსი ოფიცერი მახსენდება, ქართველს რომ განათლების არსს უხსნის და მაგალითად ჩაბნელებულ, კარდაკეტილ და ფარდაჩამოფარებულ ოთახში სანთლის შემოტანა მოჰყავს. ხოდა თუ ასე გაგრძელდა, თუ რაიმე მეთოდით არ გაიწმინდა სკოლა შეზღუდული აზროვნების და ჩამორჩენილი თემური შეხედულებების ადამიანებისგან, მართლა ასე გამოვა. ვიქნებით ბნელსა შინა და მთელი ჩვენი ზოგადი განათლება საწყალი სანთელივით იბჟუტურებს და მარტო მაგიდას თუ გაგვინათებს, რომ ზედ საჭმელ-სასმელი დავინახოთ.
ადამიანურად თანავუგრძნობ ყველა მოსწავლეს და ვუსურვებ გადაურჩნენ იმ ჯოჯოხეთს, სკოლა რომ  ჰქვია.

Запись опубликована в рубрике საზოგადოება, სასკოლო ამბები с метками . Добавьте в закладки постоянную ссылку.

7 комментариев на «ბჭენი ჯოჯოხეთისანი ანუ რა სარგებლობა მოაქვს სკოლას»

  1. ძალიან მაგარია, გეთანხმები. დედაჩემიც მასწია და სხვებმა თუ არა მე მაინც კარგად ვიცი რა და როგორ ხდება სკოლაში, სამწუხაროა და მართლაც დედაჩემისნაირი და შენნაირი მასწი ცოტაა, თუმცა მართლაც იმდენად ცოტანი, რომ საერთო ფონს ვერ ქმნიან. 😦 😦 😦

  2. უმცირესობაში ყოფნა პრივილეგიაა 🙂 ყველა არ არის ამის ღირსი

  3. ყველაზე ცუდი ისაა რომ გამოსავალს ვერ ვხდეავ, ასეტი მასწავლებლები მსგავს ადამიანებს ზრდიან და ასე გრძელდება, ერთი-ორი მოაზროვნე კი ნამდვილად ვერ ცვლის სიტუაციას 😦 რა უნდა ვქნათ? აი მაგალითად შენ, თავი დაანებე ხომ სკოლას, რამდენი იქნებოდა შენნაირი? დარჩნენ ისევ ასეტი რობოტი მასწავლებლები 🙂

  4. სხვა გზა არ დამრჩა. და აღარც მინდა სკოლაში მუშაობა. თანაც დიდად არც მშობლებმა ამოიღეს ხმა და არც ბავშვებმა, დაშინდნენ. ასე რომ ის მიიღეს, რასაც იმსახურებდნენ

  5. მარტო შენ მაინც ვერ შეძლებდი საქართველოს მომავალი თაობის გადარეჩენას 🙂 შენი თავი ხომ მაინც გადაარჩინე? 🙂

  6. კიიი, და ერთი წუთითაც არ ვნანობ, რომ წამოვედი

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s