არაშენდა და მუჭანახევარა

ერთი უცნაური რამ დამჩემდა–ამეკვიატება რომელიმე სიტყვა და პერიოდულად ისე ცხადად ჩამესმის,თითქოს ვინმე გაჰყვიროდეს.თავიდან ვერ ვხვდები მიზეზს, მერე უცებ აღმოვაჩენ,რომ იმას უკავშირდება, რაც ირგვლივ ხდება. მაგალითად, ამ რამდენიმე ხნის წინ სიტყვა » ეთმანდოლე» ამეკვიატა.
ვისაც «დავითიანი» არ ახსოვს, იმათ ვეტყვი, რომ ეთმანდოლე ერთი მეასეხარისხოვანი პერსონაჟია, რომელიც სულ ერთხელაა ნახსენები,  და ეს ადგილი არც არავის არაფერში სჭირდება, არც სკოლის პროგრამაში, არც მისაღებზე და საერთოდ, ისეთი უმნიშვნელო ეპიზოდია, შეიძლება ვერც შეამჩნიო რაღა დაგიმალოთ და მეც მარტო ის მახსოვდა,რომ  «დავითიანში» იყო, მეტი არაფერი. ჰოდა,რაკი თავი აღარ დამანება, ჩავიხედე და ვნახე, რომ შაჰის კართან დაახლოებული კაცი იყო, რომლისთვისაც  დიდმა შაჰინშაჰმა თავის მოკვეთა ბრძანა, ცუდი ამბის მიტანის გამო.რაკი გავარკვიე მისი ვინაობა, ახლა იმას ჩავეძიე, რამ ამაკვიატა. თავიდან თქვენც არ მომიკვდეთ, არც არაფერი. მერე უცებ  გამანათა იმან, რომ იმ ხანებში გაუთავებლად მესმოდა  დაჭერ–მოხსნების ამბები.
ახლაც მაქვს ახალი აკვიატება–»არაშენდა». მგონი, რაღაც ადგილს თუ ციხეს უნდა ერქვას, მაგრამ ჩემს  აჩემებას არაფერი აქვს საერთო გეოგრაფისა თუ ისტორიულ ძეგლებთან. ჩემი ტვინის ხვეულებმა ის ჯიუტად მოათავსეს სიტყვა «საქართველოს»   გვერდით და მის სინონიმადაც აღიარეს.
არაშენდა…არ–აშენდა…ან რა ააშენებდა?!.არა, ისე კია აშენებული და გარეთ მტერს უბრმავებს თვალს და შიგნით მოყვარეს, მაგრამ ამჯერად აშენებაში არც გზებს და ხიდებს ვგულისხმობ და არც შენობებს.  მე ქვეყნის სახელმწიფოდ ჩამოყალიბება–მშენებლობაზე ვსაუბრობ.ამის გაკეთებას საზოგადოება სჭირდება, მაგრამ აბა სადაა? ასე მგონია, აქ მხოლოდ ერთეულებმა იციან ამ სიტყვის მნიშვნელობა, უმრავლესობას კი ის უბრალოდ ორფეხა და მეტყველი არსებების ერთობლიობა ჰგონია.არადა საზოგადოებას ხომ ისინი ქმნიან,ვისაც ყველაფერზე საკუთარი შეხედულება აქვს და უნარი ამ შეხედულების გამოთქმა–დასაბუთების. თუმცა ასეც ვერ იტყვი.
ბევრი იქნებ თვლის კიდეც, რომ ასეთია, აბა ტყუილად ხომ არ გაჰკივიან ათას სისულელეს?! თან ისე, რომ თავისად იბრალებენ და სინამდვილეში სხვისი ფეხის ხმას არიან აყოლილები. აბა რა! .ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ,საოცარი ანდაზები რომ გვაქვს, აი, «ნუ დაკარგავ ძველსა გზასაო», «სადაც მიხვალ, იქაური ქუდი დაიხურეო» და «მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო». გაცილებით უსაფრთხო და მომგებიანიცაა უმრავლესობაში ყოფნა ყველა არაშენნაირის, არაშენებრმოფიქრალის, არაშენებრმცხოვრების ჩაქოლ-ჩაქვავებით, ერზე, მის პატიოსნებასა და სიწმინდეზე, რწმენაზე და ,მეტსაც გეტყვით, თავად უფალზე მზურნველ–მოამაგეობაზე პრეტენზიით.გარდა უსაფრთხოებისა, ალბათ პერსპექტიულიცაა ეს ყველაფერი. მერე ამას მიმდევრებიც უჩნდებიან(აი, კიდევ ერთი ანდაზაც:»ხარი ხართან დააბიო») , მრავლდებიან. სულ უფრო და უფრო ცოტას ახსოვს, რომ მოაზროვნე საზოგადოების ნაწილად მხოლოდ ის ითვლება, ვისაც თავისი აზრის ქონის გარდა სხვისი მოსმენა–ატანის უნარიც აქვს, მოსისხლედ არ თვლის ყველა იმას,ვინც მასავით არ ფიქრობს და არც სურვილი უჩნდება
მისი გადაკეთების.

ხოდა,აბა რატომ მიკვირს, რომ ვერა და ვერ აშენდა ეს ჩემი საწყალი ქვეყანა?
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ერთ ძველ, მიფოხიალებულ «კომუნალკაში» ვცხოვრობ.მართალია,  თავზე მაწვიმ–მათოვს, ჩუმად, სხვების შეუმჩნევლად და ჩაურევლად ვერც დამიმთქნარებია , პირობების არქონაც მაწუხებს, მაგრამ სამაგიეროდ ძველია და ისტორიული ღირებულების მქონე. მეც მეტი გზა რომ არაა, ვიწონებ თავს ამით.აბა სხვა რა დამრჩენია? ძალიანაც რომ მინდოდეს, ფეშენებელურ ცათამბრჯენში აბა ვინ შემაყნოსინებს?იქ ყველა ადგილი დაკავებულია.თან, კაცმა რომ თქვას, ძალიანაც კი არ მინდა იქ შესახლება. აქ,ამ ჩემს ძველ სახლში მინდა ვიყო, ოღონდ ადამიანურად და არ მრცხვენოდეს,რომ ესაა ჩემი სახლი.

 

კიდევ მინდა პოპულარული ზღაპარი არ იყოს «ნაცარქექია» და, ბოლოს და ბოლოს, დაანახონ ბავშვებს, რომ ყოვლად უღირსი და საზიზღარი არსებაა.მის მაგივრად მინდა, რომ პატარებს მუდმივად უკითხავდნენ» ერთი მანეთის შოვნას» , ეგებ პატარობიდანვე დაიმახსოვრონ, რომ ფული ხელის ჭუჭყი არაა, არც მისი შოვნის სურვილია სამარცხვინო და არც მისი შოვნისთვის შრომა.

მინდა წაუკითხონ «მუჭანახევარა» და ასწავლონ,რომ არ ვარგა სულ სხვის ჭკუაზე რომ დადიხარ და იმას იმეორებ თუთიყუშივით, რასაც სხვები.

კიდევ მინდა ყველა უბედურებაში ღმერთი არ გარიონ, იმიტომ რომ ის ყველაზე მაგარი ვინმეა და საოცარი იუმორის მქონე. ალბათ რას იცინის , ამდენ მისი სახელით მოყვირალ დემაგოგს რომ უყურებს!

კიდევ მინდა ყველამ, ვინც მართლმადიდებლობას იცავს, გაიხსენოს, რომ ქრისტიანობა ყველაზე ჰუმანურ სარწმუნოებად სწორედ შემწყნარებლობის გამო ითვლება და თვითონ ქრისტეს ცხოვრება ამის დადასტურებაა.

კიდევ მინდა ყველაზე რეიტინგული ტელევიზია არ იყოს  «იმედი» და «რუსთავი–2».

კიდევ მინდა წამყვან ტელე და რადიო გადაცემებში არ იწვევდნენ ნინო ჩხეიძეს და მისთანებს (თუმცა ვინ არ არის მასეთი?ეგ, მგონი კიდეც სჯობს სხვას, პრეტენზია მაინც არ აქვს «სვეტცკობაზე»).

კიდევ  მინდა საინფორმაციო გადაცემები არ მიღვიძებდეს ღრმა ბავშვობის კოშმარულ მოგონებებს «მოამბის» სახით.

კიდევ მინდა არ იყოს გოიმთ «პარადი» და უგემოვნებობის ზეიმი ჩემს ქვეყანაში.

კიდევ მინდა და ალბათ ყველაზე მეტადაც, წიგნები იკითხონ. ყველა დროში ეს იყო ყველაზე საუკეთესო საშუალება პიროვნული თავისუფლების მოპოვების,იმიტომ რომ  ნამდვილი თავისუფლება აზროვნებაშია, ამას კი წიგნებზე უკეთ არაფერი აკეთებს.

კიდევ მინდა დამთავრდეს მუდმივი მოლოდინი მხსნელის და მფარველის და ყველამ, დიდმა და პატარამ გაიგოს, რომ სხვა არასდროს იზრუნებს შენს გადარჩენა აყვავებაზე და რომ საკუთარ თავს შენ უნდა მიხედო.

კიდევ მინდა, ბოლოს და ბოლოს,აშენდეს  ეს ვერასდროსაშენებული და ვერშემდგარი საწყალი ქვეყანა, რომელიც ისე მეცოდება ხანდახან, სულ ცხარე კურცხალი მაგდება თვალზე და უნებურად ილია მახსენდება,  «აჩრდილში» რომ  ეუბნება თავმომწონე ქართველებს, ეს პატარა ქვეყანა ქედმოდრეკილია თქვენ გამოო, «თქვენი სიავით დაწყლულებულაო» და თქვენი წყალობით უცხო კალთის ქვეშ, «ვითა ობოლი, შეფარებულაო». აკი თქვენ თავად აღიარეთ ეს კაცი წმინდანად და მართლად და სინოდმაც დაგიდასტურათ და ცოტა ხშირ–ხშირად გადაფურცლეთ და ეგებ…ჰა? თუ არა?..

მგონი, სამოთხეში ყოფნა მდომებია,ხო იცი…

Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Один комментарий на «არაშენდა და მუჭანახევარა»

  1. სამოთხე დედამიწაზე 🙂 არაშენდა სოფლის სახელია 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s