პონჩიკი და პროტესტი

თან მღვიძავს და თან არა. უკვე სამი კვირაა მაღვიძარას აღარ ვიყენებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ფიზიოლოგიური გაღვიძებით ვიღვიძებ. მართალია ეს ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას დიდად ვერ აუმჯობესებს(გათენებასთან ერთად ჩემი ტაქიკარდიაც იღვიძებს), მაგრამ მორალურად აშკარად უკეთ ვარ. სამსახურიდან წამოვედი! თვალს ვახელ თუ არა, მაშინვე მოდის სიხარულის განცდა- აღარ მივდივარ! ვაშა!

და შემდეგ მაშინვე ვბრაზდები საკუთარ თავზე. აქამდე სად ვიყავი?! მით უმეტეს, რომ ჩემი ხელფასის ყოფნა- არყოფნა დიდად არც შეეტყობა ჩემი ოჯახის ბიუჯეტს და სირცხვილიც კია იმ ციფრების დასახელება, მის რაოდენობას რომ ასახავს. ან რა ერქვა ჩემს იქ გაჩერებას?! თანაც ამდენი წელი! დაახლოებით იგივეა, უღირს მეორე ნახევარს რომ შეალევ უაზროდ წლებს იმის მოლოდინში, ეგებ რამე გამოსწორდეს. თან გულის სიღრმეში გრძნობ, რომ არაფერიც არ გამოსწორდება, მაგრამ მაინც ვერ რისკავ და რატომ-აზრზე არ ხარ. ალბათ შიშის გამო. რისი შიშის? ცვლილებების!

მრცხვენია ძალიან, ამას რომ ვფიქრობ, მაგრამ ასეა. სხვა ახსნა ვერ მოვძებნე.

რაც თავი მახსოვს, სულ მაქვს იმის ამბიცია, რომ ვარ  თავისუფალი და ამ დროს სულ მიძნელდება ბრძოლა თავისუფლებისთვის. თუმცა ვერც იმას ვიტყვი,რომ მონა-მორჩილი ვარ, მაგრამ აი, გამოხატვის ფორმებში მოვიკოჭლე ეტყობა. ისე გამოვიდა, რომ ასეთ შემთხვევებში ყოველთვის მარტოს მიწევდა რაიმეს გაპროტესტება ხან ხმამაღლა, ხან «ამირან გულში მღეროდას» ფორმით.  მხარის ამბმელი არავინ  მყავდა, ამიტომაც  რადიკალურ ზომებს ვერასდროს მივმართავდი. ამაზე რომ ვფიქრობ, მიმსუბუქდება დანაშაულის, უნიათობის შეგრძნება. მე ხომ მივეჩვიე, რომ ჩემ ირგვლივ არავინ არაფერზე იღებს ხმას და თუ იღებს, ისე, რომ ვერავინ გაიგოს(ამაზე ფიქრისას ყოველთვის ერთი და იგივე სცენა მახსენდება: როგორ ვზივარ კაფეში და ველოდები დედას, რომელიც დახლთან დგას და ვფიქრობ, რა იქნება, ახლა მაინც მიყიდოს ფენოვანი ხაჭაპური და არა «პონჩიკი»-მეთქი. მაგრამ საქმეში ხარ? რამდენიმე წუთში წინ ისევ «პონჩიკებიანი» თეფში მიდევს და მეც მორჩილად და ძალადკმაყოფილი სახით, დედას რომ არ ვაწყენინო, უხმოდ მივირთმევ. უფროსებმა ერთხელ უკვე გადაწყვიტეს უჩემოდ, რომ ფენოვანი საშიშია ჯანმრთელობისთვის,»პონჩიკი» რატომ არა, არ მითხრეს).

მე  იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც კიდევ არიან ისეთები, სტალინის ქართველობით რომ ამაყობენ. თვალზე ცრემლმორეულები იხსენებენ საბჭოთა პერიოდს და სავსე გასტრონომებს 20 კაპიკიანი ხაჭოთი და «დვა დვადცატიანი სერვილადი კალბასით», ერთდღიანი ლაშქრობებით სატახტო ქალაქში და ჭიქა ყავით ან დიდი-დიდი ბოთლი შამპანურით დაკერილ-გაჟიმული რუსის «ნაშებით». და არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს აქ,  მზიურ საქართველოში, ქალიშვილობის სევდა კლავდათ გოგოებს.

დროს ავცდი თუ პირიქით-არ ვიცი, მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი, ამოვარდნილი ვარ ჩემი თაობიდან. ამიტომაცაა, რომ კაი ხანია, ვეღარ ვეკონტაქტები თანატოლებს, თუმცა არც ადრე გამოვირჩეოდი დიდი კონტაქტურობით. ეს ალბათ ერთგვარი გამოხატვა იყო ჩემი პროტესტის. მე არადროს მქონია ძველი დროის ნოსტალგია. არც არაფერი დამრჩენია იქ მოსანატრებელ-გამოსაგლოვი.  მოვიგონე პროტესტის ფორმები. მაგალითად, სკოლაში მიზანმიმართულად აიძულებდნენ კარგ მოსწავლეებს ჩაბმული ყოფილიყვნენ საზოგადოებრივ საქმიანობაში. ეს მოიაზრებდა იმას, რომ აუცილებლად რამე თვალსაჩინო პოსტი უნდა სჭეროდა ან პიონერულ, ან კომკავშირულ ორგანიზაციებში. ხო, ამაშიც არ გამიმართლა…ეს დროც ვნახე, მართალია ისეთი ხანგრძლივობით არა, როგორც ჩვენმა მშობლებმა, მაგრამ მაინც… ესეც საკმარისი იყო ჩემთვის…უკანა კარიდან ვიპარებოდი  ყოველთვის და არ ვრჩებოდი კრებებზე. იმ საზიზღარ ყელსახვევს სკოლიდან გამოსვლისთანავე ვიძრობდი და ჯიბეში ვიჩურთავდი, ამიტომაც იყო მუდმივად დაკუჭული და დაძენძილი და ხშირად საყვედურების მიზეზიც გამხდარა. და როცა «დაგვაწინაურეს» და კომკავშირლებად მოგვნათლეს(ისე, რომ არც უკითხავთ, გვინდოდა თუ არა), ჩემი კლასელებისაგან განსხვავებით, არც თანატოლების სამახსოვრო წარწერები გავაკეთე ზედ და არც რუდუნებით შევინახე, პირდაპირ ნაგავში გადავუძახე.

ჩუმად ვიყავი, კი…ხმა რომ ამომეღო, ვიცოდი, ნიშნებს გამიფუჭებდნენ და მერე უმაღლესში ვეღარ ჩავაბარებდი, რადგან არც ნაცნობები მყავდა, პროტექცია რომ გაეწიათ და არც ფული, რომ წამხმარებოდნენ. მე კიდევ სწავლა მინდოდა.

უნივერსიტეტში(მაშინ მარტო ერთი იყო, ანუ ჯავახიშვილს ვგულისხმობ) თითქოს მეტი თავისუფლება ვიგრძენი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მწარედ მოვტყუვდი. კომკავშირში «გაჩითულებისთვის» იყო პერსპექტივაც და დაფასებაც. სხვათა შორის, სწორედ მაგ კომიტეტის აქტივისტებს ვხედავ დღეს თანამდებობებზეც და რაც ამაზე სამწუხაროა, ლექტორებს შორისაც.( ხოდა რაღაა გასაკვირი, რომ ყველა სდუდენტს, ვინც ხმას ამოიღებს საკუთარი აზრის დასაცავად, პრობლემებს უქმნიან). ხოდა აქაც მოვიგონე პროტესტი, ერთგვარჰიპურავნგარდული, რაც ლეციების გაცდენით, საგნების შეტენვით, ბოჰემას მიძალებით, ბაღებში სიგარეტის გარღვევამდე ქაჩვით გამოიხატებოდა. ან რა მინდოდა ლექციებზე, სადაც არც საინტერესოს მეუბნებოდნენ რამეს და არც ჩემი აზრი აინტერესებდა ვინმეს. ჩემს ინტელექტს გაცილებით შედგიანად ვიმაღლებდი უნივერსიტეტის გარეთ წიგნების გაგიჟებული კითხვით, ჯანმრთელად მოაზროვნე ადამიანებთან კონტაქტით, გემოვნებიანი ფილმების ნახვით და ასე შემდეგ. მართალია,  გამონაკლისის სახით იყვნენ  ისეთი ლექტორებიც, რომელთა ლექციებს არასდროს გავაცდენდი, მაგრამ ეს იშვიათობა იყო.
ხოდა ისე გამოვიდა, რომ საკუთარი ნებით უარი ვთქვი ყოველგვარ წინსვლაზე, კარიერაზე, მიღწევებზე.
მოკლედ, დიდად ნიჭიერად ვერ დავგეგმე მომავალი. მერე ერთხელაც გადავწყვიტე, რომ ისეთ ადგილას უნდა წავსულიყავი, სადაც ყველაზე მეტად იქნებოდა საჭირო ჩემი ყოფნა.  ასეთად სკოლა ავარჩიე, თან ის სკოლა, რომელშიც ასე მონდომებით ცდილობდნენ ჩემში პიროვნების მოკვლას. რომ იცოდეთ, აქ არაფერი შეცვლილა და დღესაც ის პრინციპებია სახელმძღვანელოდ, რაც ჩემს ბავშვობაში. ისეთივე წარმატებით აზომბებენ საწყალ ბავშვებს. ხოდა ვიფიქრე მივეხმარები ცოტას, მე მაინც ვეტყვი, რომ ადამიანი მაშინ ხარ, როცა ყველაფერზე საკუთარი აზრი გაქვს-მეთქი.
ასე აღმოვჩნდი იქ, სადაც წესით არ უნდა ვყოფილიყავი და სად ყოფნაც ჩემი მხრიდან მაზოხიზმის გამოვლინებადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. იქაურობის აღწერაზე დროს აღარ დავკარგავ, ეს უკვე გავაკეთე ერთ ძველ პოსტში (იხ.ლინკი)
მას მერე ვიბრძვი. ვებრძვი დირექციას და მის უაზრო ჩიჩიკოვურ საქმიანობას(ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ ჩიჩიკოვი გოგოლის მოთხრობის პერსონაჟია), ვებრძვი შეგუებულ-დამონებულ-მცირედიდაც კმაყოფილი ჩემი თაობის მავნე ზეგავლენას შვილებზე, ვიბრძვი მათი გონების განათებისთვის, რომ ისინი მაინც შედგნენ ადამიანებად, თან საგანიც ხელს მიწყობს ამაში, ლიტერატურა ყველაზე კარგი იარაღია ამისთვის. შედეგი?

სიხარულით მორბიან ჩემს გაკვეთილზე, მსჯელობენ, წერენ, ყველა პრობლემაზე მესაუბრებიან და არიან ერთ ამბავში, მაგრამ ,როგორც კი გადიან გაკვეთილიდან, ისევ დადუმებულ არსებებად იქცევიან და მე ამას ვერ ვცვლი. კიდევ შედეგი ისაა, რომ სამკვდროდ გადავიკიდე დირექტორი და მთელი პედკოლექტივი, მართალია არგუმენტები არ აქვთ იმის საჩვენებლად, რას მერჩიან, მაგრამ ეს ისედაც გასაგებია. მე რასაც «ვაშავებ», იმას არც ერთ ეპოქაში არ ჰქონდა არგუმენტი და არც სჭირდებოდა, კაცმა რომ თქვას.

ერთ დღესაც უცებ მომიჭირა ტვინში რაღაცამ, უცებ ისევ «პონჩიკიანი» თეფში დავინახე ჩემ წინ და დავიკიდე მთელი ჩემი პატრიოტიზმიც და ქველმოქმედებაც(აბა სხვა რა ერქვა ჩემს სკოლაში მუშაობას ). ავყვირდი, ავჯანყდი, ყველას ვუთხარი ის, რასაც ვფიქრობდი მათზე, დავიმხე თავზე ყველაფერი და წამოვედი.

ახლა ვიღებ ცრემლიან მესიჯებს სოციალურ ქსელში, როგორ განიცდიან უჩემობას და როგორ ვერ იტანენ სკოლას, ფბ-ს იქით კი ისევ ჩუმად არიან. მეცინება ჩემს თავზე. როგორ ვუშვებდი იმას, რომ მიძინებული დედების და მამების პირმშოებს გავაღვიძებდი?! როგორ ვფიქრობდი, რომ ვინმეს სჭირდებოდა გაღვიძება?!
შეიძლება ახლა მითხრათ, რომ დავაშავე, რომ ეს საწყალი ბავშვები შევატოვე იმ ურჩხულებს ხელში, მაგრამ  არ ვნანობ, პირიქით. მე რომ ერთი მაინც მყოლოდა იმ საყრუეთში ისეთი ადამიანი, ვინც მხარს ამიბამდა და მომიწონებდა თავისუფალ აზრს და პროტესტის გამოთქმის სურვილს, ასე უხმოდ არ შევეგუებოდი ამ ადამიანის დევნა და შევიწროებას და ყველაზე ცოტა იმას მაინც გავაკეთებდი, იმ სკოლაში მაინც აღარ გავჩერებულიყავი. საშინელება რაა იცით? ერთ წელიწადში სკოლას დაამთავრებენ და ისედაც დაუკანასკნელებულ საზოგადოებას კიდევ ახალი კადრი შეემატება, უნიათო, აპათიური, დაშინებული კადრი…
ვწუხვარ… მაგრამ რატომღაც სულაც არ ვნანობ და არ მაწუხებს სინდისი.
ვერ ვიტან «პონჩიკს»…

Запись опубликована в рубрике სასკოლო ამბები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

8 комментариев на «პონჩიკი და პროტესტი»

  1. ნეტა(ვ) ჩემ სკოლაში ასწავლიდე! 🙂 რამდენიმე დებილის ატანა კი მოგიწევდა მარა მაინც. ამ პოსტმა ერთი მასწი გამახსენა, რაღაცა ზოგად კითხვას დასვამად ხოლმე, რასაც ყველას სხვადასხვა პასუხი აქვს ინდივიდუალურად და დააყოლებდა ხოლმე თქვენ მითხარით რას ფიქრობთო და მე გეტყვით სწორი ხართ თ არაო. თუ მის აზრს არ ემთხვევა ჩემი აზრი ესეიგი მართალი არ ვარ?! ეჰ! არ უნდათ ბავშვები აზროვნებდნენ, მარტივი ლოგიკაა, უცოდინარისა და დაბლუებულის დამონება და საკუთარ ჭკუაზე თამაშ უფრო ადვილია ვიდრე მცოდნისა და მოაზროვნისა. შენი სახით უდიდესი მასწავლებელი დაკარგეს! კასკდნენ გულზე! 🙂

  2. მეც ასე ვფიქრობ, ხოდა დავიფერთხე მტვერი ფერხთაგან და გამოვიხურე კარი ამაყად, თანაც დავამხე ყველას თავზე ყველაფერი :დდდ. სულ არ ვნანობ, პირიქით.

  3. 🙂 🙂 🙂 არც უნდა ინანო. :დ :დ :დ

  4. მერე მხოლოდ იმაზე წუწუნებენ რომ წიგნი არ უყვართ. იხილეთ ბატონებო და ქალბატონებო ეს პოსტი და მიხვდებით სადაა ძაღლის თავი დამარხული 🙂 შენნაირი მასწავლებელი მყავდა. მტელი კლასი ვგიჟდებოდით მასზე, დანარჩენები კი მას ბაძავდნენ და საბოლოო ჯამში კარგი იყო მაშინ, იმას გავს არჩევნები რომაა და ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ წყდება. ამდენი წლის მერე კი თავდაყირადაა ჩცემს სკოლაში სიტუაცია 😦 ყველაფერი ამ ყბადაღებული განათლების ,,რეფორმის,, ბრალია. დირექტორმა როცა ლაპარაკი წერა და კითხვა, უბრალოდ აზრის გამოთქმაც რომ არ შეუძლია ამას რა ქვია?

  5. ამას ის ჰქვია, რაც ხდება ამ ქვეყანაში და რაც ლოგიკურია. სკოლა დასაყრდენია იდეოლოგიის და რეჟიმის და ამიტომ ვერ გუობს მოაზროვნე ადამიანებს

  6. სკოლა არის სახელმწიფოს ერთ-ერთი ორგანო, ინკუბატორი, რომელშიც ”ფრთიანდებიან” ( ფრთა , საერთოდ, პოზიტიური არსებითი სახელია…) ვარიები და საბოლოო ჯამში ეს გულისამაჩუყებელი პატარა ვარიები იქცევიან საშინლად მახინჯ და მყაყედმოაზროვნე სისტემური საქათმისთვის კვერცხისმდებელ გადაღრძუვებულ ქათმებად …

  7. kvercxeba:

    mament magrad mezareba amis wakitxva. ise kitxvas kitxva ar unda erqvas exla davfiqrdi sxvadasxva ramea : d

  8. მამენტ არ წაიკითხო, ადამიანმა არაფერი არ უნდა დააძალოს თავს 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s