წიგნი-ფლეიტა-როხასი

ვინც მოგწონს, შეიძლება არ გიყვარდეს. ხო, ასეც ხდება, საუკეთესოა იქნებ, მაგრამ ვერ შეგაყვარა თავი. ან პირიქით, ვერაა მთლად მოსაწონი, მაგრამ გიყვარს და რას იზამ! წიგნებიც ასეა.
გენიოსია თომას მანი, მაგრამ არ მიყვარს. დიდი ვერაფერი წიგნია «სამი მეგობარი», მაგრამ ჩემს სიყრმისეულ სიყვარულს ვერაფერი მოვუხერხე.

ისეც ხდება, რომ ხშირად ადამიანსაც და წიგნსაც პოპულარობას შინაარსი და ხარისხი კი არ სძენს, არამედ მოდა და სნობიზმი. მაგრამ, საბედნიეროდ, არის გამონაკლისებიც. ადამიანებზე აღარ შევჩერდები, რადგან დიდი შანსია, მერე სხვაგან გადავუხვიო. ამჯერად მხოლოდ წიგნებზე, უფრო სწორად, წიგნზე საუბრით შემოვიფარგლები.

«სამოსელი პირველი» სწორედ ის ბედნიერი გამონაკლისია, წეღან რომ ვთქვი. ამ შემთხვევაში პოპულარობა და აღიარება, რაც ნამდვილად არ აკლია ამ წიგნს, ზუსტად ასახავს მის ღირსებას.
მომწონს თუ მიყვარს? თუ ვიცოდე…ისე მომწონს, რომ მიყვარს  და ისე მიყვარს, რომ მომწონს და მეძვირფასება და ამას ვერაფერი ცვლის.

ეს არ არის ბრმა ან სიყრმესა შინა უმეცრებით გაჩენილი გრძნობა, ისე, როგორც ეს რემარკის «სამი მეგობრის» შემთხვევაშია. თავიდან სიყვარული პირველად გაცნობისას გაჩნდა, ოღონდ ისეთი გალენჩებული დამტოვა ემოციებით, ყველაფერმა პირველმა რომ იცის…როცა კაი ხანს სხვა წიგნი ვეღარ წავიკითხე, ისევ მივუბრუნდი და დაიწყო…და არასდროს დამთავრდა…

დრო გადის და მის გარკვეულ მონაკვეთში აუცილებლად ჩნდება მონატრების გრძნობა, აგერ ძალიან ძვირფასი ადამიანი რომ მოგენატრება, ისეთი. ვკითხულობ. და ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ვპოულობ, ყოველ ჯერზე სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს: ამბავსაც და პერსონაჟებსაც. თუ თავიდან ბიბლიის ალუზიებმა გამაშტერა და ყველაფრის მასთან დაკავშირებას ვცდილობდი, რაშიც არ დავმალავ და სხვების აზრებიც თამაშობდა გარკვეულ როლს, მერე რაღაც შეიცვალა და ერთხელაც ვთქვი, რომ ეს მთელი სამყაროა.
უამრავი ადამიანი ირევა ამ სამყაროში: ბოროტები(მრავლად), კეთილები(ეს უფრო ნაკლებად), სულელები(მრავლად), ჭკვიანები(ნაკლებად), ამაყები(ცოტა) და უთვამოყვარეოები(ბლომად), უშიშრები(ნაკლებად) და ლაჩრები(ბლომად), ღირსეულები(ერთეულები) და უღირსებოები(როგორც იტყვიან, ვედრო(სათლი) მანეთად), უანგაროები(ისე რა) და პატივმოყვარეები(რამდენიც გინდა) და ასე უსასრულოდ. ყველა მათგანი შეგხვდება აქ. ახლა შეიძლება ვინმემ მითხრას, აბა ლიტერატურა სხვა რაა, ადამინთა მოდგმა თუ არ დაგანახა კარგადო, მაგრამ როგორ- არაა მთავარი?

ზის ამ ყდის შიგნით ერთი უცნაური ადამიანი, ბევრის მნახველი, ბევრიც მცოდნე,ბევრის განმცდელი, მაგრამ მაინც დიდი გულის, ალალი ბუნების და ხმადაბლა, ღიმილიანი თვალებით, იუმორით და უცნაური სიტყვების შეთხზვა-თამაშით საოცარ, დაუვიწყარ ამბავს გიყვება, თან ისე, რომ სულაც არ თვლის, რომ რამე განსაკუთრებულს აკეთებს.

წიგნი სიკეთეზე და ბოროტებაზე, სიყვარულზე და სიძულვილზე, მონობაზე და თავისუფლებაზე, ოცნებაზე და რეალობაზე. წიგნი, რომელიც გაკეთილშობილებს…

მაგრამ რომ ვფიქრდები, სადღაც გული მწყდება, რომ მისი ქებისას «ვატერპოლო» რჩება ჩრდილში. არა, ცუდად არ გამიგოთ, აბა ჩემი დასაცავი რა სჭირს და არც მე მაქვს რაიმე განსაკუთრებული ამბიცია. უბრალოდ აზრს გიზიარებთ.

მე  მაინც მგონია, რომ ეს ერთი მთლიანობაა. მამა და მაესტრო როხასი, ბესამე და დომენიკო, კამორა და ჩიტუნელა ბიძიას აღდგენითი სამუშაოები… «მე ღარიბი ვარ, როგორც იესო», ასე ღარიბად ბრუნდება დომენიკოც, ოღონდ სულით გამდიდრებული, ჭკუანასწავლი, ახლადმოზელილი, მაგრამ ვერაღდგენილი…შეიძლება ვინმემ თქვას, აბა რაა საერთო, ბესამე ხომ აღადგინესო,მაგრამ მაესტრო როხასის მიერ მხეცად ქცეული ნაკაცარისთვის ფლეიტის მიცემა და რჩევა, ეს გადაგარჩენსო იგივე არაა, რაც  სოფელში დაბრუნება? თუკი მამა უფალია მართლაც, მაშინ ხომ მაესტროცაა?! ღმერთმა შექმნა სამყარო და ის ყველაზე დიდი შემოქმედია.ამიტომაცაა, რომ ხელოვნება სულს წვრთნის და კვებავს. ამიტომაცაა ყველა დიდი ხელოვანი შემოქმედია.
ხოდა ახლა კიდევ ერთხელ მიჭირავს ხელში სოფლიდან კანუდოსამდე სვლის, იქ ვერშესვლის(არც შეიძლება შესულიყო) და ცდომილი ძის უკან დაბრუნების  უცნაური ამბავი და ჩემდა უნებურად ვიჯერებ, რომ კარგი წიგნის წაკითხვა უკეთესს ხდის ადამიანს, თუმცა გულის სიღრმეში ვიცი, რომ ეს ასე არაა…

იმ უცნაურმა ადამიანმა, სადღაც ჩუმად სავარძელში რომ ზის და იღიმება, კამორად ქცეულ ქვეყანაში ჩიტუნელებისგან, ბეტანკურებისგან თავის გადასარჩენად მაესტრო როხასის მსგავსად ჯადოსნური ფლეიტა მოგვაწოდა და გვითხრა,  სიყვარული ატრიალებს დედამიწასო. ფლეიტაზე დაკვრა ხომ კოცნით იწყება…

Запись опубликована в рубрике წიგნები с метками . Добавьте в закладки постоянную ссылку.

8 комментариев на «წიგნი-ფლეიტა-როხასი»

  1. makakuna:

    ძალიან კარგი გოგო ხარ ქეთი.
    ყოველთვის ინტერესით გკითხულობ.
    „შენი კუნძული ფლეიტაა ჩემო ბესამე,ხოლო ფლეიტა ჩაფიქრებული ანგელოსის სუნთქვას წააგავს.„(გამახსენდა კითხვის დროს.)

  2. 🙂 მიხარია. ყველას რომ ჩვენ-ჩვენი როხასი გვყავდეს და ასე ფლეიტა ჩაგვჩაროს ხელში, სამოთხე აქვე გვექნებოდა ალბათ :). კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ახალ ბლოგზე. სულ რაღაც რამდენიმე დღისაა. მეწვიე ხოლმე :*

  3. makakuna:

    ძველს ვკითხულობდი ხოლმე.
    ისე,ბევრ ბლოგს ვკითხულობდი და გადამღალა.გადავშალე ბევრი.
    შენ არა.

  4. ვეცდები გავამართლო :* გაიხარე

  5. anna:

    როცა შენს ბლოგზე ვარ შიგნით მთბება აი ახლაც საშინლად ჩამთბა )) დედამიწას სიყვარული ატრიალებს…(მე მიყვარს დოჩანაშვილი და შენს სამფლობელოში მისი სუნთქვა იგრძნობა ამიტომაც მოგეკედლე ალბათ ასე))

  6. გული ამიჩუყდა… ძალიან მახარებს ეგ ამბავი. ისე იგრძენი თავი ჩემს საელმწიფოში, როგორც საკუთარ სახლში :*

  7. anna:

    გაიხარე ქეთ დიდი მადლობა))

  8. მაკა:

    2011 წლის აგვისტოში გამიკეთებია კომენტარი, მგონი პირველი …
    არ მეგონა ამდენი დრო თუ გავიდა რაც შენ და შენი ბლოგი აღმოგაჩინეთ.(ჩემდა საბედნიეროდ)
    დედამიწას ისევ სიყვარული ატრიალებს, ქეთი ….
    ნეტამც

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s