დაბრუნება

ის დღე უჩვეულოდ კარგად დაიწყო.
მშვიდად გაეღვიძა.
თავს კარგად გრძნობდა.
ხალისიან განწყობაზე იყო. 
ვერც მიხვდა, როგორ ადგა, ჩაიცვა, როგორ გავიდა ქუჩაში.

ვერც ვერაფერს ხვდებოდა და ვერც ვერაფერს გრძნობდა, სიმსუბუქის და სიხარულის გარდა, ოღონდ რა უხაროდა, არ იცოდა.
მერე უცებ თვითმფრინავში აღმოჩნდა.
გვერდით პატარა გოგო ეჯდა, ძალიან საყვარელი, პუტკუნა ლოყებით და პაჭუა ცხვირით.
ეცნო თითქოს. გამოელაპარაკა. მისი თანამოსახელე აღმოჩნდა. 
გაუკვირდა, როცა გაიგო, ბავშვი მარტო მგზავრობდა.
იქ დაგხვდებიანო?
არაო, მე შენთან ერთად წამოვალო.
რაღაც დაეჭვდა, მაგრამ დიდად არ ჩაღრმავებია.
მთელი გზა საუბრობდნენ. ჩუმად, ისე რომ არავის გაეგო, ჰკითხა, ხომ არ იცი, სად მივდივართო. ჩავალთ და გაიგებო. 
 ტრაპიდან ჩამოვიდნენ.

–სად ვართ?
-ვერ მიხვდი? პარიზში ვართ.
–სად? როგორ? ან ბარგი სად არის? 
-რად გინდა ბარგი? დიდი ხნით არ ვართ. მე წამოგიყვანე.
–შენ? შენ როგორ, თვითონ მისახედი ხარ. 
–რა პატარა ბავშვივით იქცევი-გაიცინა გოგომ. ხელი ჩაკიდა და წავიდნენ.
–ახლა რა ვქნათ? ფული ჩვენ არ გვაქვს და ენა ჩვენ არ ვიცით.
–მოდი, შეეშვი ფიქრს, მოეშვი და ისიამოვნე, კარგი?-ბავშვის ლაპარაკი აშკარად არ შეესაბამებოდა მის ასაკს.
 «რა უცნაური გოგოა, ისე მარიგებს ჭკუას, გეგონება ჩემი ტოლი იყოს. მეც რომ ვუჯერებ?!მოდი და ნუ დაუჯერებ. თანაც რაღაც სიახლოვესაც ვგრძნობ.» 

მზიანი დღე იყო და მონმარტრზე მიდიოდნენ.
თავი ზღაპარში ეგონა. წარმოსახვაში ხედავდა აქაური ბოჰემას და მის გმირებს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ეძინა და შიგადაშიგ ეღვიძებოდა. აი, ახლაც, გამოერკვა და ცხვირწინ ისეთი რაღაც დაინახა, ეგონა გული გაუჩერდებოდა-ვან გოგის «მზესუმზირები», თანაც ორიგინალი!!! გაშტერებული უყურებდა თავისი ოცნების ნახატს. გრძნობდა უსაშველო მზეს, სათითაოდ რომ გადმოდიოდა მასში ამ უცნაური ყვავილების ფურცლებიდან. 
გოგონამ დაქაჩა და გვერდით გაახედა. იქ «ყვავები ხორბლის ყანაზე»ეკიდა.
–არ არსებობს!
-რსებობს!
ასე ეგონა, მილიონობით მზემ დააცხუნა უცებ. ასეც წარმოედგინა. მისი ემოცია ზუსტად დაემთხვა აქამდე ნაფიქრ-წარმოსახულს. 
–როგორ მოახერხე?
-მოვინდომე და ისე. ვინმეს ხო უნდა ეზრუნა შენზე, როდესღაც ხო უნდა გენახა, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდი? უკვე გაოცების თავიც აღარ ჰქონდა. ფილმიდან ამოჭრილი კადრებივით ცვლიდა ერთმანეთს სენას სანაპირო, ელისეის მინდვრები, ვერსალი…

მერე უცებ ისე ჩამოცხა, სული შეეხუთა. ახლა უკვე აქლემზე იყდა, გვერდით ტურტლიანი ბედუინი მიჰყვებოდა და უდაბნოს მზე სწვავდა სახეს. წელზე პატარა ხელები ჰქონდა მოხვეული და გოგო ტკიპასავით ეკვროდა.
–აბა, როგორია? მოგწონს ხო?-მის სახეს რომ შეხედა, გადაბჟირდა.-დაიცა, ჯერ სად ხარ. რამდენჯერ უოცნებია ამაზე. დიდი წითელი მზე და წითელი ქვიშა. მზე,იმდენი და ისეთი, მთელ მსოფლიოს რომ ეყოფა.
ნირვანა ალბათ ასეთი მდგომარეობაა. ალბათ ასეთია შეგრძნება»ჰაერი ლურჯი აბრეშუმია». 
მერე ათასწლეულებსაც გადახედა პირამიდებში. სფინქსთანაც დიდხანს იდგა და უცებ არაბული რაშიც მოფრინდა, თვალებდანაბული და მეწყვილეც მოუფრინა, რა თქმა უნდა. მერე მზის ქორწილის დროც დადგა და მზისფერ სილაზეც დაწვა…და ტკბილი იყო ცხელ სილაზე მათი თამაში. საყვარელ ხელებს ეძლეოდა, როგორც ნაზ საწოლს. მერე მწვანე ტალღებში იცხრობდნენ ღელვას ალურს და პირამიდები დუმდნენ…:)))
  უცებ ხმა ჩაესმა:»დღის ოთხი საათია და ყველაფერი გენიალურადაა!»-სად ვარ? ვითომ? არ მჯერა».  

ლამაზ-ქალაქში ვინსენტეზე იხალისა ბევრი. კამორაში მისვლის კი ეშინოდა, მაგრამ იმდენად უნდოდა, გარისკა. ოღონდ თავისი პატარა მეგზური კაატანგებთან დატოვა, რაც არ უნდა იყოს, ბავშვია მაინც. მანუელა კოსტას სიკვდილი მაინც ვერ შეაჩერა, მაგრამ სამაგიეროდ კიდევ ერთხელ დაიჯერა, რომ სიკვდილი ზოგჯერ გამარჯვებაა. მიჩინიოსაც ესაუბრა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, რომ დიდი განსხვავება არაა, ადრე მოკვდები თუ გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის, რომ მთავარია, როგორ მოკვდები, რომ ადამიანის სიკვდილს რომ ნახავ, ადამიანი უნდა შეგიყვარდეს. და რომ საშიში მხოლოდ ისაა, ვინც შენს წარწყმედას ცდილობს. კანუდოსამდე მაინც ვერ მიაღწია, ალბათ არც იყო საჭირო…კაატანგებთან გოგო ელოდებოდა.
–აბა,როგორი იყო?
— რომ გითხრა, ცუდი-მეთქი,დამიჯერებ?
-კარგი. წავედით ახლა. დავბრუნდეთ.დროა. დანარჩენი სხვა დროისთვის გადავდოთ. აწი დრო ბევრი გვაქვს და სადაც გვინდა, იქ წავალთ.
სახლთან ხალხი ირეოდა. კარი ღია იყო და კედელთან კუბოს თავსახური იყო აყუდებული.
–ეს რა არის?! 
-ისეთი არაფერი, ნუ გეშინია,-გოგო ხელს არ უშვებდა.
ისე შევიდნენ, ვერავინ შეამჩნია.
ოთახის შუაგულში კუბო იდგა და შიგ თვითონ იწვა. კედელზე საკუთარ სურათს ხედავდა. ვიღაცები ტიროდნენ, ვიღაცები ჩუმად ბჭობდნენ რაღაცაზე. 
–რა ხდება, გამაგებინე! 
-ვერ მიხვდი? თავისუფალი ხარ!


  ბავშვს სახეში ჩააცქერდა..
ახლა მიხვდა, ვისაც აგონებდა ეს სასაცილო გოგო.
წინ საკუთარი ბავშვობა ედგა… 

-დარჩები თუ წავიდეთ? 
-წავიდეთ, აქ აღარაფერი მესაქმება.

…თურმე დგება დრო, როცა წარსული და მომავალი ერთდება, როცა იბრუნებ შენს დაკარგულ ნახევარს, ღრმა ბავშვობაში რომ დატოვე, ჩიტივით მსუბუქდები და ადიხარ იმ ტალახიდან, მიწა რომ ჰქვია…

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «დაბრუნება»

  1. აუჰ 😦

    გული ჩამწყდა.

  2. მე კი მას მერე, რაც სიკვდილს ასე შევხედე, მშვიდად ვარ და აღარ მეშინია 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s