ექსპერიმენტი

საიდანღაც მონოტონური მუსიკა ესმოდა და გულს უწვრილებდა. როცა მიხვდა,  მობილური იყო, კიდეც გამოეღვიძა.
გამორთო და წოლა გააგრძელა. დაელოდა, სანამ პულსი ნორმაში ჩადგებოდა. 
წამოდგა.
ნაცემივით გრძნობდა თავს. მთელი ხერხემალი სტკიოდა.
ვითომ ვარჯიში დააპირა, მაგრამ ისე აუბარძგალდა გული, თავი დაანება.

ჩაიდანი დაადგა. სანამ შხაპი მიიღო, კიდეც ადუღდა. 
ყავა დაისხა. სიგარეტს მოუკიდა და ტუალეტში შევიდა. ხო, უნიტაზი, ყავა და სიგარეტი-დილის აუცილებელი რიტუალი.

დიდხანს ათვალიერა გარდერობი. თან ფანჯარაში ამინდს ამოწმებდა. ძლივს აეწყო.  ცოტა მაკიაჟი, ცოტა ვარცხნილობა, ცოტაც ხარისხიანი სუნამო, ყურში ყურსასმენი და დღეც დაიწყო. 

რა თქმა უნდა, ყველას საკეთებელი თვითონ აკეთა, თან ისე, ღიმილით, დაუყვედრებლად. წინასწარ იცოდა, მისი ნაკეთებით ისევ სხვები მოიწონებდნენ თავს, მას ხელფასსაც კი არ მოუმატებდნენ. დიდი- დიდი მადლობას ეტყოდნენ. კიდევ იტყოდნენ, რომ კარგი ადამიანია და ძალიან უყვართ. მერე დაიბოღმებოდა, მაგრამ ხმას არ ამოიღებდა და კიდევ ერთხელ შეზიზღდებოდა თავი.

 სრული ბედნიერებისთვის ისიც მოვიდა თავის ტურფასთან ერთად. «მიკი მაუსი კაბაში»  მის დასანახად მონდომებულად გაცისკროვნებული დაკაკუნობდა აქეთ-იქით.  ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა შეიმჩნიოს. იმ ვაჟბატონსაც უნდა გაუღიმოს და მესიჯს რომ მიიღებს უცებ, «დღეს ხომ მოხვალო» , აუცილებლად უნდა უპასუხოს, «აბა რას ვიზამო». და მერე ისევ უნდა გაბრაზდეს საკუთარ თავზე. 

ფეხსაცმელები კარშივე გაიხადა. «რა ჯანდაბამ ჩამაცვა, დამალეწა ფეხები!»  ტახტზე მიწვა და ფეხები კედელზე ააწყო.

…კომპიუტერთან დაჯდა. facebook-ზე შემოთავაზებები დახვდა. ერთი უცნაურად მოეჩვენა: ექსპერიმენტი- «ახალი გზა». შევიდა. კი, ნამდვილად სთავაზობდნენ საინტერესო ცვლილებებს, ოღონდ რა გზით, ეს არ ეწერა.
ინფოში ტელეფონი ნახა. დარეკა. შეუთანხმდა. 
 * * *
ქალაქიდან საკმაოდ მოშორებით იყო. რომელიღაც მიყრუებული სოფლის განაპირას, ტყეში, უცნაური შენობა იდგა, არც დაწესებულებას ჰგავდა, არც საავადმყოფოს.
დაცვამ საბუთები გამოართვა და უთხრეს, სად შესულიყო.
მეორე სართულზე პატარა დერეფანი გაიარა და კაბინეტში შევიდა.
სიმპათიურმა ქალმა გაუღიმა, დაბრძანდითო.
ისაუბრეს.

მოუყვა, როგორი უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით, ჯანმრთელობით. 
ანკეტა შეავსებინეს.
თითქმის ყველა ჩივილსა თუ ავადმყოფობაზე «დიახ» დაწერა.
ქალმა გადახედა, ისევ გაიღიმა და მშვიდი ხმით დაიწყო:
  -თქვენი პრობლემები თქვენივე გონებიდან იღებს სათავეს. ეს ექსპერიმენტული კლინიკაა, მისი არსებობა ჯერ არ არის გახმაურებული. ჩვენ შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ თქვენს ტვინზე. ჰიპნოზით, ფსიქოთერაპიული სეანსებით, ელექტროშოკით მოვახდენთ იმ ზედმეტი უჯრედების ლიკვიდაციას, რომლებიც ხელს გიშლიან ყველაფერში. ეს იქნება ერთგვარი ქიმწმენდა თქვენი ინტელექტის. 
-მერე, ეს არ იმოქმედებს ცუდად ჩემს აზროვნებაზე, კარიერაზე?
-არა, რას ამბობთ, შეიძლება პირიქით, გააუმჯობესოს კიდეც.  

-ვინმესთვის გაგიკეთებიათ აქამდე?  
 -რა თქმა უნდა. ვერც წარმოიდგენთ, იმდენისთვის. უბრალოდ ყველა ინფორმაცია ჩვენი პაციენტების  შესახებ კონფედენციალურია და ვერ გავამხელთ. შესანიშნავად გრძნობენ თავს. ის კი არა წარმატებული ადამიანებიც გახდნენ. თუ თანახმა იქნებით, გაეცანით ხელშეკრულებას, ხელი მოაწერეთ და, როგორც კი თანხას გადმორიცხავთ, შევუდგეთ საქმეს. ვფიქრობ, ორკვირიანი კურსი გეყოფათ. 

საქმეები მალე მოაგვარა. ფულის გადარიცხა. სამსახურში შვებულება აიღო.

* * * 
მისი პალატა ბოლო სართულზე იყო. საკმაოდ კომფორტული და, რაც მთავარია, სასტუმროს უფრო ჰგავდა, ოღონდ ეგ იყო, ფანჯარა არ ჰქონდა.

 

მეორე დღეს პროცედურები დაიწყეს.
იქიდან დაბრუნებულს პალატაში მკვდარივით ეძინებოდა. მგონი, ბავშვობის მერე არ სძინებია ამდენი და ასე მშვიდად.

 

ერთი კვირის თავზე ცვლილებები შესამჩნევი გახდა. ტკივილებმა იკლო. აღარც გული უბარძგალებდა და აღარც ხერხემალი სტკიოდა. აღარც კუჭს გრძნობდა და აღარც ნაღვლის ბუშტს. აღარც არაფერზე დარდობდა. გადასარევ მადაზე იყო, მაგრამ მისდა გასაკვირად, წონაში არ იმატებდა.  ცოტა ელექტროშოკი იყო ძნელად ასატანი, მაგრამ პერსპექტივა იმდენად ხიბლავდა, უძლებდა.

ბოლოს დადგა საბოლოო გამოკვლევების დროც. ეს დაადგენდა, მზად იყო აქედან გასასვლელად თუ არა. 
-მომილოცავს. გამოკვლევამ კარგი შედეგი გვაჩვენა. ცოტა კი ვინერვიულეთ. თქვენი ტვინი ზედმეტად იყო გადატვირთული და ძნელად ექვემდებარებოდა ექსპერიმენტს, მაგრამ მაინც შევძელით. წაიშალა რამდენიმე ინფორმაცია, გავაქრეთ მგრძნობელობის რამდენიმე რეცეპტორი, ცვლილებები შევიტანეთ ემოციურ პლანში. ახლა თქვენ სრულიად ჯანმრთელი ხართ, ფიზიკურადაც და სულიერადაც. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თქვენს ცხოვრებას. არა მგონია, მაგრამ თუ რაიმე გართულება იქნება, აუცილებლად მოგვმართეთ. 

* * * 

სახლში დაბრუნებულმა პირველი, რაც გააკეთა, სარკესთან დადგა. უყურებდა საკუთარ თავს. თითქოს ისევ ის ადამიანი ჩანდა, მაგრამ რაღაც იყო ახალი. ალბათ გამომეტყველება, აი, რაღაცნაირად იოლი და ხალისიანი.
აკვირდებოდა თავს  და უკვირდა, ისე მოსწონდა ეს ყველაფერი. სადღაც ტვინის ღრმა კუნჭულში კი ახსოვდა, რომ  არასდროს იყო კმაყოფილი საკუთარი გარეგნობით, მაგრამ რას დაეძებდა?! 

სამსახურში ყველა აღფრთოვანებული იყო მისი ცვლილებით. კაცები თვალებს უჟუჟუნებდნენ, რამდენიმე შეთავაზებაც მიიღო. გოგოები შურით უცქერდნენ, მაგრამ თან მასთან დაახლოებას ცდილობდნენ. თუ ვინმე ისევ დაავალებდა თავის საკეთებელს, გაიღიმებდა მომხიბლავად და ისეთ ჭკვიანურ უარს ეტყოდა, მოუბოდიშებდნენ და აქეთ გადაუხდიდნენ მადლობას. თვითონ კი ავალებდა სხვებს და ამასაც ისე ტკბილად ახერხებდა, ადრე რომ სხვების შურდა.

 

პირველივე შემთხვევა გამოიყენა და შეფთან დაახლოვდა. სულაც არ მოსწონდა კაბინეტში სექსი, არც მისი სიამაყით იხიბლებოდა, რომელიც ისეთი უმწეო და პატარა იყო, ვერც კი გრძნობდა, როდის იყო მასში და როდის არა. ამ დროს სულ ის ანეკდოტი ახსენდებოდა: -უკვე შედეთ? აა, მაშინ აააჰ…მმმ…- და გულში სიცილით კვდებოდა. მშვენივრად თამაშობდა ვნებისგან გახელებულს და ორგაზმის იმიტაციასაც ოსტატურად აკეთებდა.  შეფი კმაყოფილი იყო. 

 

ამ სიახლოვეს უფლებების გაზრდა და პოზიციის გამყარება, დაწინაურება მოჰყვა. მერე ნელ-ნელა ისიც მოახერხა, იმ ვაჟბატონის ტურფა მოახსნევინა,ოღონდ ისე, რომ ვერავინ მიმხვდარიყო, მისი გაჩალიჩებული რომ იყო. იმასთან ურთიერთობა აღადგინა. ყველაფერი გაცილებით უკეთ წარიმართა. ახლა ის ნერვიულობდა ყველაფერზე, ეჭვიანობდა, განიცდიდა, ეს მშვიდად იყო.

 

გრძნობდა, არაფერი აღელვებდა და ვერავინ შეძლებდა მის მდგომარეობიდან გამოყვანას. იმასაც გრძნობდა, ჭკუა დააკლდა. ხანდახან ისეთ სისულელეს წამოისროდა, ადრე სხვებისგან რომ გაუკვირდებოდა და დასცინებდა, მაგრამ ამით არც არაფერი აკლდებოდა. პირიქით, უფრო სასურველ ქალად იქცა ყველასთვის. 

 სიცოცხლე უხაროდა. მთელი მისი გონება იმაზე იყო გადართული, რით ესიამოვნებინა თავისთვის, სად წასულიყო გასართობად და ა.შ. არანაირი წიგნი, არანაირი ზედმეტი ინფორმაცია,ზედმეტი ემოცია.

მოკლედ, ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ ერთ დღეს რაღაც უცნაური სიცივე იგრძნო თავში, სიცივე და სიმძიმე. მერე ტკივილიც დაერთო.

 

კლინიკაში ცოტა არ იყოს შეშფოთდნენ. ტომოგრაფიამ ექიმი დააბნია. ძლივს აბამდა სათქმელს თავს:  
 -იცით, ასეთი რამ არასდროს მომხდარა. არც ერთ ჩვენს პაციენტს მსგავსი არაფერი დამართნია. პირდაპირ გაოგნებული ვარ. თქვენი ტვინი წყალშია და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ნელ-ნელა პატარავდება, ილევა და არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ამ პროცესის შეჩერებას.  
 -კი მაგრამ რატომ? ეს რას ნიშნავს? ხომ არსებობს მიზეზი? და თუ მიზეზი არსებობს, გამოსავალიც უნდა იყოს ხომ?
-რა გითხრათ. ერთადერთი ახსნა, რაც ამას შეიძლება მოეძებნოს, ისაა, რომ თქვენი ტვინი  გასუფთავების ხანგრძლივმა პროცესმა დაასუსტა. ასეთი გართულება კი იყო თეორიულად მოსალოდნელი, მაგრამ პრაქტიკაში ჯერ არ გამოვლენილა. ვწუხვარ, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია.

 

* * *

იმ დღეს კიდევ ერთხელ ასიამოვნა თავს. არაფერზე უთქვამს უარი. მერე შინ დაბრუნდა, ვისკით გამობრუჟული, თან პარტნიორიც მოიყოლა. თავაწყვეტილი გადაეშვა თეთრად გათენებულ ნეტარებაში.
დილით სტუმარი გააცილა. ყავა დაისხა. სიგარეტს მოუკიდა,  აბაზანაში წყალი მოუშვა.
ყავას რომ მორჩა, უკვე სავსე დახვდა.
პატარა დასაკეცი დანა აიღო და წყალში ჩაწვა.

რაღაცას ღიღინებდა,

მშვენიერ ხასიათზე იყო…

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «ექსპერიმენტი»

  1. gaum:

    «… პრობლემები თქვენივე გონებიდან იღებს სათავეს». — ზუსტადაც რომ მასეა …

  2. კი, მასეა და ამ «ქიმწმენდაზეც»ამან დამაფიქრა…

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s