საკანი

თქვენ გგონიათ, საკანი მხოლოდ გისოსებით შეიძლება იყოს, რკინის კარით და ნარებით? ძალიან ცდებით.

საკანი შეიძლება იყოს დიდი შენობა, შესასვლელთან მოფრიალე ჭუჭყიანი დროშით.

კარებში ჩანს შიშით დაპატარავებული დირექტორი, ოღონდ არ იმჩნევს და მონდომებულად იჭიმება. გვერდს უმშვენებენ ფორმიანი სუბიექტები, გაშეშებული სახეებით და მონადირის მზერით.

დირექტორს ჰგონია, რომ მართავს აქაურობას, უფრო სწორად, არ ჰგონია, მაგრამ სხვებს უნდა რომ ეგონოთ ასე. სინამდვილეში აქ ყველაფერს ეს გაურკვეველი არსებები განაგებენ. ისინი წყვეტენ, როდის უნდა მივიდეს ყველა, როდის წავიდეს, რა ეცვათ(ჯინსი და მსგავსი მამაძაღლობა თუ გაცვია ან მოდასთან თუ ცოტა მაინც ახლოს ხარ გავლილი, არ დადიხარ ქუსლმოქცეული, წარღვნამდელი ორთოპედიული ფეხსაცმლით, დაგერხა), ისინი კარნახობენ რა ილაპარაკონ, რა ასწავლონ და ა.შ.კიდევ აქ უამრავი საცდელი კურდღელია(მოსწავლეებს ვგულისხმობ) და ბევრი(სამწუხაროდ)მასწავლებელი.

დაფეთებული მორბიან 150-200 ლარად დაჩმორებულები, რომ ზარმა არ მოუსწროთ, თორემ მოუწევთ მერე: «შეიძლება გამოვიდეთ?» ან პირიქით: «შეიძლება შევიდეთ?» მკერდზე წარწერებიც აქვთ საყვარლად: «პედაგოგი ესა და ეს». თუმცა უამისოდაც სახეზე აწერიათ პროფესია.

თუ რომელიმემ პროტესტი გამოთქვა რამეზე, რაც ძალიან იშვიათია, იბარებენ უფროსობასთან(ნუ ეს პირობითი ცნებაა) და დირექტორი ყელგამოგლეჯით ევედრება დადუმდეს, თუ არ დადუმდება, მერე საკუთარ თავს დააბრალოს და მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდეს.

ურჩ ბავშვებს პერსპექტივაში ერთ მზიან ქალაქში გამწესება აქვთ.

მასწავლებლებს ევალებათ პატარობიდანვე ჩააგონონ ყველას, რომ ჩვენი პოლიცია ჩვენ გვიცავს და გვდარაჯობს და ჩვენი მეგობარია(მერე რა, რომ ხან გვკლავს და ხანაც გვ… ავს), რომ როცა ვინმე რამეს აშავებს, აუცილებლად უნდა შეატყობინოს უფროსებს და შეაქებენ. სულაც არ გამიკვირდება, ერთ დღეს პავლიკ მოროზოვის სურათი რომ ვნახო გამოჭიმული(ვინც არ მოსწრებია, იმათ ვეტყვი, რომ ეს ნაბიჭვარი გმირი პიონერია, რომელმაც გმირობა იმაში მიიღო, რომ საკუთარი მამა დააჭერინა და დაახვრეტინა ბოლშევიკებს).

დასვენებებზე კამერების მოსიყვარულე მზერა არ გშორდება და გესმის სიმღერები ნატო გელაშვილის რეპერტუარიდან ნაბახუსევი გიო ხუციშვილის შესრულებით. მერე, როგორც იქნა, თავდება ეს სანეტარო ყოფა და მთავრდება 6-7 საათიანი პატიმრობა, ხანგრძლივობა ხელფასის და საათების პირდაპირპროპორციულია.

გამოდიხარ ცოცხალ-მკვდარი, მაგრამ გახარებული, რომ დღესაც გადარჩი. ნაზად გაცილებს მტვრისგან განაცრისფრებული 5-ჯვრიანი დროშა. მერე თავით ეშვები ყოფაში.

ამასობაში კიდეც ღამდება. ძილი გიფრთხება ხვალინდელი დღის ნეტარებაზე ფიქრით.

თენდება. მობილური გაღვიძებს(იმედია ჯერ ისევ მოსამართი მაღვიძარა არ გაქვს), ემზადები და გარბიხარ, რომ არ დაიგვიანო შემოვლაზე. წინ ბედნიერების საათები გელის.

საკანი უფრო დიდიც შეიძლება იყოს, ქალაქებით, სოფლებით, მთა-გორებით და მდინარეებით(ზედ ხიდებიც მიათვალეთ), პროვინციალიზმით, უგემოვნებობით, არამკითხეობით, უინტელექტობით, უსაფუძვლო ამბიციებით, ლაჯქვეშ ამოდებული და გახედნილ-გაბახებული კონსტიტუციით, შიშით, უფულობით, უპერსპექტივობით და საერთოდ,ა ქ ყველანაირი «უ»ჭარბადაა და ამას ვერაფერი ცვლის.

თუმცა ისეც ხდება, რომ თავად ცხოვრება გექცევა საკნად, უფრო სწორად, კარცერად(არა «ლუქსად :)))). აწყდები კედლებს, სული გეხუთება, მაგრამ სულ ტყუილად. თან იცი, რომ აქ სამუდამო პატიმრობასა შინა ხარ. მაგრამ მაინც რჩება ერთი იმედი- თუკი დაიჯერებ სულის მარადიულობას, მაშინ დაიმშვიდებ თავს, რომ, როცა დასრულდება შენი აქ ყოფნის ვადა, გაიღება საკნის კარი და წახვალ.

Запись опубликована в рубрике სასკოლო ამბები с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

3 комментария на «საკანი»

  1. «ლაჯქვეშ ამოდებული და გახედნილ-გაბახებული კონსტიტუციით…»— სიბილწეების აკადემიურად გადმოცემის მაესტრო ხარ !!! ჩემს სკოლაში არაა ეგეთი სავალალო სიტუაცია, კერძოდ კი, ბევრი ისეთი გვასწავლის,რომელიც გვეუბნება, რომ არ დავუჯეროთ არსებულ რეჟიმს, წინააღმდეგობა გავუწიოთ მანდატურებს, მაგრამ თვითონ ხმის ამაღლების ეშინიათ — ვის უნდა სალუკმაპურო 200 ლარის ხელიდან გაშვება და ვისაც საერთოდ 100 ლარი აქვს და მთელი ოჯახი ამაზე უზის, წარმოიდგინე სამსახურის დაკარგვის როგორ ეშინიათ…მაგრამ ისიც კარგია, რომ რამდენიმე ნათელი მასწავლებელი გვყავს და არ გვასწავლიან სისტემის მორჩილებათაყვანისცემას, არამედ, გვაჩვევენ აზროვნებას, რომელიც 21-ე ს-ის ადამიანს შეეფერება.

  2. სამწუხაროდ, გამონაკლისები ცოტაა და ფონს ვერ ქმნის.

  3. Уведомление: პონჩიკი და პროტესტი | katerina

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s