პატიება


ეს ჩანაწერი თუ მოთხრობა,როგორც გინდა დაარქვი, ისე დიდი ხნის წინაა დაწერილი,აღარც მახსოვდა.ძველ დღიურებში ვიპოვე და შევწუხდი.წლების შემდეგ აღმოჩნდა,რომ რაღაცები ახდა და სინდისმა შემაწუხა.როცა ვწერდი,მინდოდა პატიება ეთხოვათ ჩემთვის  და ახლა აქ გამოქვეყნებით მე ვებოდიშები…

***
მეტროდან ამოსულს შუადღის სიცხე ჩამოემხო თავზე.
აღმართს აუყვა.
ჭიშკარში შევიდა.
მწვანე სიშვიდით სავსე ბაღი  კონტრასტს ქმნიდა საავადმყოფოს თეთრ შენობასთან.
დერეფანში წამლების სუნი და მხიარულების ნოსტალგია იგრძნობოდა. მამა პალატაში მარტო იწვა.
საზიზღრად თეთრი იყო ირგვლივ ყველაფერი და ამ უსასრულო სითეთრეში იკარგებოდა გალეული, ნატანჯი სახე.
-მამა!..

-მოხვედი?

პალატაში ექიმი შემოვიდა.

-აა,მობრძანდით? უგონოდ იყო. ბევრი ვაწვალეთ. როგორც კი თვალი გაახილა, თქვენი ტელეფონის ნომერი გვითხრა.

-როგორ არის?

-ჯერ ვერაფერს გეტყვით. ისე ყოჩაღი კაცი ჩანს, მგონი გამოძვრება .
* * *
…მამა გამორჩეულად არასდროს უყვარდა.
ერთხელ დედა და ის სადღაც წავიდნენ. ბებიასთან დატოვეს. როცა აუტანელი ხდებოდა მონატრება, ჩუმად მიდიოდა დედის ოთახში და მის ხალათში თავჩარგული სლუკუნებდა. ხალათს დედას სუნი ასდიოდა. მერე ერთ საღამოს მიხვდა, რომ ეს მონატრება მარტო დედას ეკუთვნოდა. მიხვდა და დანაშაულზე წასწრებულივით სირცხვილნაჭამი გავიდა ოთახიდან. «რატომ?»-აეკვიატა კითხვა და აღარც მოსცილებია თავიდან.
მამა კეთილი იყო. არასდროს გაბრაზებია. თუ რამეს აშავებდა, პირველად ყოველთვის მასთან მირბოდა, იცოდა, უშველიდა.
დედის თითქოს კიდეც ეშინოდა.
ერთ დღესაც მამის ლმობიერება «სულერთიობით» ახსნა. ის უცხოსავით გვერდით იდგა, თვალს ადევნებდა მის ცხოვრებას და ამიტომაც ადვილი იყო მისთვის შვილის ცუდი საქციელის ატანა.

დედის ეშინოდა. დედას აღმერთებდა. მისით იყო სავსე სამყარო. სიკეთე მისი თვალების სიმწვანიდან იწყებოდა. ღვთაებასავით შესქეროდა. ჩრდილივით უხმოდ დაჰყვებოდა უკან და ელოდა მის ღიმილს, შექებას… წლები გადიოდა. შიში დაეუფლა. ეშინოდა, დედა არ დაეკარგა.
…ერთ დღეში დამთავრდა ბავშვობა…
ექიმები. წამლები, საუბარი მხოლოდ ავადმყოფობაზე.
მარტო დარჩა. ისედაც გულჩათხრობილი, კიდევ უფრო ჩაიკეტა ფიქრის ნიჟარაში. მალე ფიქრისაც შეეშინდა. გრძნობდა, ბედნიერება სადღაც შორს, ცხრა მთას იქით დარჩა და აღარასდროს დაბრუნდებოდა.
იმ საღამოს დედა სანთელივით გაყვითლდა, თვალებით რაღაცას ეუბნებოდა და ვერ იგებდა.
მამას ეძინა, უღმერთოდ ხვრინავდა…

…იმ დღიდან ცხოვრება ნელ-ნელა დაემსგავსა ჯოჯოხეთს. მამა ჯაჯღანებდა. ის იზრდებოდა. ისე ემსგავსებოდა დედას, მამას კიდეც ეშინოდა მისი. მამას ახლა აღარაფერი აკავებდა. ჰოდა, წავიდა.
* * *
დრო უკანმოუხედავად გარბოდა. სიცოცხლე გრძელდებოდა და მისგან მხოლოდ ტკივილი ხვდებოდა წილად.
ბევრჯერ უფიქრია მამასთან შეხვედრაზე. ათასი სისაძაგლე მოუგროვებია მისთვის მისახლელად, მაგრამ ახლა მამა ისეთი უმწეო იყო, წყენა სადღაც გაქრა.

-წყალი მომიტანე…

გავიდა. ჭიქა აავსო და შემობრუნდა.
უცებ იგრძნო, როგორ გაუჩერდა სისხლი ძარღვებში. ხმა ჩაუწყდა, ფეხები მოეკვეთა… საწოლთან ლანდი იდგა. მამის თავზე დაიხარა და გაქრა…
უცებ მოვიდა გონს, მამა ეძახდა.

-რა იყო, მამა?
-მაპატიე?

-ჰო
-მაპატია?

-ჰო…
-მაპატია…მერე გაიღიმა, რაღაცას მიაშტერდა უაზროდ.
ხელზე წაავლო ხელი, მამა აღარ იყო…

***
შემოდგომამ გადაუარა ქალაქს. უსიცოცხლო ფოთლებით დაიფარა მიწა.
მიწის ქვევით უთვალავი სიცოცხლეა, უთვალავი საიდუმლო,ზევით კი უზომო ტკივილი და სევდა…

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s